კომენტარი

რატომ არ ააშენებს ტესლა გიგასაწარმოს საქართველოში – გიორგი მამალაძის მოსაზრება

29 დეკემბერი, 2016 • 32202
რატომ  არ ააშენებს ტესლა გიგასაწარმოს საქართველოში – გიორგი მამალაძის მოსაზრება

ინტერნეტის მომხმარებლებმა შექმნეს პეტიცია, სადაც Tesla Motors-ის თანამდამფუძნებელსა და დირექტორს, ილონ მასკს მიმართავენ, ტესლას გიგასაწარმო საქართველოში ააშენოს. პეტიციას 6 ათასზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

კომპანია Siemens Digital Factory-ის პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი არქიტექტორი, გიორგი მამალაძე საუბრობს, თუ რა პერსპექტივა აქვს ამჟამად საქართველოში ტესლას გიგასაწარმოს აშენებას. ტექსტი პირველად გიორგი მამალაძის ბლოგზე გამოქვეყნდა.

“ნეტგაზეთი” გიორგი მამალაძის მოსაზრებას გთავაზობთ:


“ქართველებს კარგად გამოგვდის იდეის გარშემო გაერთიანება. ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებული პოტენციალი ისეთ იდეას აქვს, რომელიც ჩვენ, ქართველებს, მსოფლიოში გამოგვაჩენს და გვაგრძნობინებს, რომ თურმე სხვებზე არაფრით ნაკლები არ ვყოფილვართ.

გარწმუნებთ, გულწრფელად გამიხარდება, ტესლამ გიგასაწარმო თუ გახსნა საქართველოში. ისიც გამიხარდება, ზაზა ფაჩულიამ რაღაც მაგარ პონტში თუ გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, მაინც გამაღიზიანა ამ ორივე “ატაცებამ”.

კალათბურთს თვალს არ ვადევნებ, ამიტომ თავს უფლებას არ მივცემ ამ ორი თემიდან პირველს შევეხო. სამეგიეროდ, მეორე თემის “ცოტათი აზრზე ვარ” და ვეცდები, თქვენთან ერთად გავერკვე, რა არ მომწონს ამ პეტიციაში და რა მაქვს სათქმელი მისი ხელმომწერებისათვის.

ვისაც პეტიციაზე ჯერ ხელი არ მოგიწერიათ, უთუოდ ბევრჯერ წააწყდებოდით ამდაგვარ პოსტს უამრავი ლაიქითა და კომენტარით.

პეტიციაში ათასობით ენთუზიასტი მოითხოვს ილონ მასკისგან ტესლას გიგაფაქტორის ასაშენებლად საქართველოს არჩევას, პეტიციაში მოყვანილი ხუთი არგუმენტის საფუძველზე.

მენდეთ, ვიცი, რაზეც ვლაპარაკობ

სანამ ძირითად ნაწილზე გადავიდოდე, მინდა გითხრათ, რა მაძლევს ამის წერის უფლებას და მეტიც, რატომ ვგრძნობ მორალურ ვალდებულებას, ეს პოსტი დავწერო.

სოც. ქსელებში მრავლადაა სიბრძნის მფრქვევი სასტავი, რომლებიც ხან ბერძნული მითოლოგიის, ხან ჰაგიოგრაფიული ლექსიკის გამოყენებით და ხან კიდევ საკუთარი გენეალოგიის მოშველიებით, დიდი წარმატებით ნიღბავენ საკუთარ უტვინო ბჟუტურს. ჩვენ, კარგ ტიპებს, ამდენი და ასე ლაპარაკი გვერიდება, გვიტყდება. ბუნებრივია, რადგან კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანს რეფლექსიის უნარიც გააჩნია და ხან საკუთარ აზრში არაა ბოლომდე დარწმუნებული, ხან კი საკუთარი თვითგამოხატვის უნარებში ეპარება ეჭვი. ჰოდა, გადავლახოთ ეს მორიდება, ვთქვათ ხმამაღლა, ვის რა შეგვიძლია, რას წარმოვადგენთ და რას ვფიქრობთ, თორემ მცოდნე თუ გაჩუმდა, საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ასპარეზი მთლიანად თაღლითებს ჩაუვარდებათ ხელში.

6 წელზე მეტია ინდუსტრიის ავტომატიზაციის სფეროში ვმუშაობ. ზუსტად ვიცი, რა კრიტერიუმებით ხდება დიდი ქარხნების აგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. როგორ შენდება და ოპერირებს ასეთი ქარხნები. მრეწველობის ბევრ გიგანტთან მქონია მოლაპარაკება მათი ტექნიკური მოთხოვნების დასაზუსტებლად. ჩვენი კომპანია აღჭურვავს ასეთ ქარხნებს საწარმო მანქანებით და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით. ჩვენი აღჭურვილია BMW, Daimler, VW, Tesla, SpaceX -სა და უამრავი სხვა ცნობილი კომპანიის ბევრი ქარხანა.

დიახ, Tesla-ც. ამ ვიდეოში მაგალითად ილონ მასკი ყვება ერთ-ერთი ჩვენი პროდუქტის, Siemens NX-ის გამოყენების შესახებ SpaceX-ში.

ვიცნობ ამ ბიზნესს. მინიმუმ, მის ტექნიკურ ასპექტებს ვიცნობ დეტალურად. ამიტომ მივცემ თავს უფლებას, ქვემოთ მოყვანილ სამ ასპექტზე გავამახვილო ყურადღება და ნუ მიწყენთ, ზოგი ადგილი ჭკუის სწავლებასავით თუ გამომივა:

 მისამართი შეგვეშალა — პეტიცია და ვოუთინგი ბიზნესში არ მუშაობს

ნებისმიერი კომპანიისათვის ადგილ-მდებარეობის შესახებ გადაწყვეტილება ერთ-ერთი სტრატეგიულია. სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, ბატონ მასკს და მის ბორდს ბევრი ჭკვიანი ადამიანი ეყოლება გვერდში. არც ინფორმაციის ნაკლებობა იქნება მისთვის პრობლემა. ექნებათ ტოპ ადგილების სია. ზოგი ადგილმდებარეობით და ინფრასტრუქტურით იქნება მიმზიდველი, ზოგი საგადასახადო და საკანონმდებლო კუთხით, ზოგი სამიზნე ბაზრის სავაჭრო კავშირის წევრი იქნება, ზოგსაც კი საჭირო ნედლეული ექნება უხვად. ეს ყველა ფაქტორი ერთმანეთს ერთდროულად არ დაემთხვევა. საჭირო გახდება კომპრომისების გაკეთება გათვლების საფუძველზე. დაისმება კითხვები: რა უფრო იაფია, ნედლეულის შემოტანა, თუ პროდუქტის გატანა? ძვირი მუშახელის დაქირავება, თუ საბაჟო გადასახადის გადახდა?

ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ შემდეგი სცენა: ასეთ ამბავში არიან მასკი და მისი დირექტორები. უცებ შემოდის აფორიაქებული ასისტენტი. ხელში მობილური უჭირავს. ყურმილს ხელს აფარებს და ილონ მასკს აღელვებული ყურში ჩასჩურჩულებს. “ახლახან მაცნობეს, ქართველთა პეტიციამ ხუთ მილიონზე მეტი მხარდამჭერი შეაგროვა. სხვა გზა არ გვაქვს. გიგასაწარმო წალენჯიხაში უნდა გავხსნათ!”. გაგვეცინა, ჰო?

პეტიციას და ხმის მიცემას თავისი დრო და მიზანი აქვს. იქნებ ამ პეტიციის წერის ნაცვლად უფრო ქმედითი იყოს, მაგალითად, არჩევნებზე იმ პარტიას არ მივცეთ ხმა, რომელიც უფრო მეტ ფოჩიან კანფეტს შეგვპირდება ბიუჯეტიდან და სანაცვლოდ, რადიკალურად შევამციროთ გადასახადები. ინდუსტრიის მოზიდვა თუ გვინდა, მოდი, მოჭიდავეების, კარატისტებისა და რეჟისორების ნაცვლად, ინდუსტრიის მცოდნე ხალხი გავიყვანოთ დეპუტატად. ჩარაზვის, ქართული მიწის არგაყიდვის და კურსის გაყინვის მომხრეებს გავუგზავნოთ პეტიციები და ავუხსნათ, რომ კარი ორივე მხრიდან იკეტება. თუ უცხო ადამიანს, ფულს, პროდუქციას არ შემოუშვებ, არც არავინ გაიტანს შენს ნაკეთობას გარეთ.

ქარხანა არ შექმნის სამუშაო ადგილებს

თანამედროვე მაღალტექნოლოგიური საწარმო ავტომატიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. განსხვავებით ადრეული ინდუსტრიული პერიოდისაგან, სადაც ათასობით მუშა იყო დასაქმებული, თანამედროვე ქარხნებში მუშებს მცირედი, ხშირად სიმბოლური დავალებები ეკისრებათ. ქვემოთ მოყვანილ ვიდეოში მერსედესის ავტომობილის საწარმო ხაზია აღბეჭდილი. ადამიანები მხოლოდ ბოლოსკენ ჩანან. ისინი კომპანიის ლოგოს ამაგრებენ ავტომობილზე და ძარას ჩვრით აპრიალებენ.

თანამედროვე საწარმოები არ ქმნიან სამუშაო ადგილებს მასებისათვის, ისინი მოიხმარენ კვალიფიციურ კადრებს. დახედეთ ამ რობოტებს; მათ მოვლა, შეკეტება, გამოცვლა და გადაპროგრამება სჭირდებათ. გიგასაწარმო მარტო სუფთა ჰაერსა და მზეზე არ მუშაობს, ძვირფასო პეტიციის შემქმნელებო. ამხელა ქარხანას, სავარაუდოდ, რამოდენიმე ასეული კვალიფიციური, მომზადებული და გამოცდილი ინჟინერი დასჭირდება.

გვყავსო, იტყვის ზოგიერთი. ზოგი, უცებ მოვამზადებთ, რა უნდაო. ზოგიც, ნიჭიერი ხალხი ვართ უცებ ვისწავლითო. რა ვიცი, რა ვიცი… ფაქტი ისაა, რომ არიქა, ყველა იქ დავსაქმდებით პონტი, არ გამოვა.

პარადოქსია, მაგრამ ამხელა უმუშევრობის პირობებში კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა ბაზარზე არ არის დაკმაყოფილებული. რამდენიმე ბიზნესმენი მეგობარი მყავს და უჩივიან აგრონომების, ტექნოლოგების, ელექტრიკოსების, ინჟინრების ნაკლებობასა, თუ არაკვალიფიციურობას. მიზეზი? ვერაფერს გეტყვით. ამ საკითხზე პასუხებზე მეტი კითხვები მაქვს.

3. ერთი რამ, რაც გადაგვარჩენს

გამოგიტყდებით, 90-იან წლებში მეც მჯეროდა ფართოდ გავრცელებული აზრის, რომ როგორც კი დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით, წყალს გავყიდდით და იმით ვიცხოვრებდით საუდის არაბეთზე უკეთესად. ბორჯომითა და ბახმაროს ჰაერით გავსებული ცისტერნებით გატენილი გემები დატოვებდნენ ფოთის პორტს და უკან მერსედესებით დახუნძლულები დაბრუნდებოდნენ. არ ასრულდა.

მას მერე უამრავი მცდელობა ჩაიფუშა, გვეპოვა ის ერთი რამ, რაც შეცვლიდა ყველაფერს და ყველას გვეშველებოდა. ჩემი ღრმა რწმენით, სახელმწიფო, ისევე, როგორც ბევრი სხვა რთული სისტემა, ე.წ. ანა კარენინას პრინციპს ექვემდებარება. ამ პრინციპის მხატვრული დასახელება რუსული კლასიკური რომანის პირველი წინადადებითაა ინსპირირებული.

“ყველა ბედნიერი ოჯახი ერთმანეთს ჰგავს, ყოველ უბედურ ოჯახს კი თავისი უბედურება სჭირს”.

მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ წარმატებაზე ბევრი სხვადასხვა ფაქტორია პასუხისმგებელი. იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაოს, ყველა კრიტიკული პარამეტრი ერთმანეთთან უნდა ჰარმონირებდეს და რიგზე იყოს. ხოლო წარუმატებლობისთვის ერთი ფაქტორის გამორჩენაც კი საკმარისია.

გულუბრყვილო შეცდომაა, ჩათვალო, რომ ერთი რაიმეს ძალისმიერი შეცვლით სისტემის გაუმჯობესაბაა შესაძლებელი. დიდი კომპანია, ბიზნესი, ეკონომიკა, სახელმწიფო, ყველა ეს ძალზე ჰგავს ეკოსისტემას. მრავალწლიანი ბაობაბი, რომელიც უზარმაზარ ჩრდილს იძლევა, რომ გადმორგა უდაბნოში, დიდად არაფერი შეიცვლება. უხვად რომ მორწყა, მაინც ვერ გაიხარებს. მას თავისი ეკოსისტემა სჭირდება, ჭიიდან და სოკოდან დაწყებული, სეზონური ნალექიანობითა და ჰაერის ტენიანობით დამთავრებული.

ეს ჩვენი გიგაქარხანაც, ვთქვათ და, დაიდგა საქართველოში. ასეთივე ბაობაბი გამოდგება, მოაკლდება თავისი ჭიები, მწერები, სოკოები და გახმება. ბევრი მოცემულობა უნდა იყოს შესრულებული, სანამ მაღალტექნოლოგიური ბიზნესი შემოვა სახლმწიფოში და მომგებიანად მოიკიდებს ფეხს. ძალით დადგმული მაღალტექნოლოგიური “პონტები” ჩვენი ქარის ელექტროსადგურებივით გაჩერდება!”


გიორგი მამალაძე

გიორგი მამალაძე

გიორგი მამალაძე Siemens Digital Factory-ის პროგრამული უზრუნველყოფის უფროსი არქიტექტორია. მას აქვს დიდი გამოცდილება გუნდების ტექნიკურ ხელმძღვანელობაში, რომლებიც მუშაობენ მსხვილი ინდუსტრიების ავტომატიზაციის ინჟინერიაზე, ტელეკომუნიკაციასა და ფინანსურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი