ახალი ამბები

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს

1 მარტი, 2024 • 916
დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ სტამბულში მიდის. მისი ძმის, თორნიკე მამალაძის ინფორმაციით, დეკანოზი, ფაქტობრივად, პარალიზებულია და მას არათუ გადაადგილება, დამოუკიდებლად მოძრაობაც კი არ შეუძლოა.

თორნიკე მამალაძის თქმით, დეკანოზის მკურნალობისთვის საჭირო თანხის ნაწილი ოჯახს მობილიზებული აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მკურნალობა, სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება, ოჯახს იმედი აქვს, “რომ კეთილი ადამიანები შეძლებენ, ალბათ, ჩვენ დახმარებას”.

“იმედი მაქვს, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყნის ექიმები მალე იპოვიან გამოსავალს, რომ ჩემი ჯანმრთელობა გამოსწორდეს […] ჩემთვის, ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის გამოსწორება. დანარჩენს უკვე შემდგომ […] ბრძოლა არ შეჩერებულა”, – უთხრა დეკანოზმა TV პირველს და დაამატა, რომ ტყუილია ინფორმაცია, თითქოს ციხიდან იმ პირობით გამოვიდა, რომ გაჩუმდებოდა.

ჟურნალისტის კითხვას, ვინ/რამ მიიყვანა ამ მდგომარეობამდე, დეკანოზმა მოკლედ უპასუხა:

“უსამართლობამ”.

დეკანოზის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა, მაღალი იერარქიის სასულიერო პირები, რომლებსაც აქამდე არ სჯეროდათ გიორგი მამალაძის, დარწმუნდნენ დეკანოზის უდანაშაულობაში. ოღონდ, მამალაძის თქმით, მათ რიცხვს არ მიეკუთვნება ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი.

“მეუფე დიმიტრი არ გამოჩენილა, არც მისი ეპარქიიდან არცერთი სასულიერო პირი არ გამოჩენილა, მაგრამ მაღალი იერარქები, რომლებსაც თავდაპირველად ჩემი ძმის უდანაშაულობის არ სჯეროდათ, დარწმუნდნენ ჩემი ძმის უდანაშაულობაში და გამოსვლიდან დღემდე რეკავენ, გვილოცავენ, გამოჯანმრთელებას გვისურვებენ. უბრალოდ, სამწუხაროდ, მე პირადად ვერ დავასახელებ მათ სახელებს. თუ მათ სურთ, თვითონ გააკეთონ კომენტარი”, – განაცხადა გიორგი მამალაძემ.

ამავე თემაზე:


გიორგი მამალაძეს 2017 წლის სექტემბერში ცხრაწლიანი პატიმრობა მიესაჯა. დეკანოზი გიორგი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფებოდა. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო 2019 წლის 15 თებერვალს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. სამედიცინო კონსილიუმის მიერ დისოციაციური მოტორული აშლილობა დაუდგინდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე საქართველოს პროკურატურამ 2017 წლის 10 თებერვალს დააკავა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, როდესაც ის ბერლინში მიემგზავრებოდა, სადაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია მეორეს ოპერაცია უტარდებოდა. პროკურატურის ცნობით, დეკანოზის ბარგის ჩხრეკისას ამოიღეს ფარულად შენახული შხამიანი ნივთიერება – “ნატრიუმის ციანიდი”.

პორკურატურის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს დაიწყო ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მიმართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.

მოგვიანებით პროკურატურამ განმარტა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აპირებდა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.

2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.

მამალაძე თავდაპირველად ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე (მკვლელობის მომზადება) და 236-ე მუხლებით (ცეცხლასასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. მოგვიანებით, პროკურატურამ მამალაძეს ბრალი დაუმძიმა, კერძოდ, სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა ბრალდება (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებდა 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

საბოლოოდ სასამართლომ ისევ გადააკვალიფიცირა მუხლი 18-108-ზე და სწორედ მკვლელობის მომზადებაში ცნო დეკანოზი დამნაშავედ.

თავად დეკანოზი მამალაძე ბრალს არ აღიარებს, მისი თქმით, ციანიდის ყიდვა თავად შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა.

დეკანოზ მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დახურული იყო, ასევე, ადვოკატებს გაუთქმელობის ხელწერილზე აქვთ ხელი მოწერილი, რის გამოც საზოგადოებისთვის უცნობია საქმის მასალები.

მასალების გადაბეჭდვის წესი