ახალი ამბები

სტრასბურგის გადაწყვეტილება მამალაძის საქმის გადასინჯვის საფუძველია

3 ნოემბერი, 2022 • 1189
სტრასბურგის გადაწყვეტილება მამალაძის საქმის გადასინჯვის საფუძველია

სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გადასინჯვის საფუძველი გახდეს.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის საფუძველია, თუ „არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ან მისი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით და გადასასინჯი განაჩენი ამ დარღვევას ეფუძნება“.

პირი უფლებამოსილია, განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადაში. ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე შუამდგომლობის დაყენების უფლება აქვს პროკურორს, მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს, ხოლო მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში – მის კანონიერ მემკვიდრეს. შუამდგომლობაში უნდა აღინიშნოს განაჩენის გადასინჯვის საფუძველი და მტკიცებულებები. ამასთან, შუამდგომლობის დაყენება არ აჩერებს განაჩენის აღსრულებას.

ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობის შეტანიდან 2 კვირის ვადაში სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე ამოწმებს, დაყენებულია თუ არა შუამდგომლობა კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად და რამდენად დასაბუთებულია ის. სასამართლოს მიერ შუამდგომლობის დაშვებადობის ცნობის შემთხვევაში, ინიშნება არსებითი განხილვის თარიღი და მხარეებს აძლევს გონივრულ ვადას საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად. სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. არსებითი განხილვის შედეგად, სასამართლო ან უცვლელად ტოვებს განაჩენს, ან ცვლის მას, ან აუქმებს მას და ადგენს ახალ განაჩენს.

სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით გიორგი მამალაძის ადვოკატი დავით ჯანდიერი ამბობს, რომ უნდა შეაჯეროს პოზიციები მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.

„მას აქვს კანონით გათვალისწინებული შესაძლებლობა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რომ უკვე მიმართოს შესაბამის სამსახურს იმისათვის, რომ უფრო მსუბუქი სარჩელით მოხდეს შეცვლა. ამავდროულად, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი იძლევა შესაძლებლობას, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდეს საქმის წარმოების განახლება იმ ნაწილში, რაც მის მსჯავრდებას უკავშირდება და რამაც შეიძლება, საბოლოო ჯამში, განაჩენის გაუქმება გამოიწვიოს. ასევე, პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციით გათვალისწინებული [შეწყალების] უფლებამოსილება. მე ამ ეტაპზე ვერაფრისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა ჯანდიერმა.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში.

სტრასბურგის სასამართლოში მამალაძე დავობდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) პირველი და მე-2 პუნქტის საფუძველზე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას იმ მხრივ, თუ როგორ იქნა მოპოვებული და გამოყენებული მტკიცებულებები განმცხადებლის წინააღმდეგ, თუმცა ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევას სისხლის სამართლის პროცესის დახურულ რეჟიმში ჩატარების გამო.

სტრასბურგის სასამართლოს თანახმად, ადგილი ჰქონდა მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას (მე-6 მუხლის მეორე პუნქტი) საჯარო მოხელეებისა და პროკურატურის მიერ საჯარო განცხადებების, საქმის მასალების მედიაში გავრცელებისა და გაუთქმელობის პირობის არათანაბარი აღსრულებით, რაც მთავარ მოწმეს საჯარო ბრალდებების წაყენების საშუალებას აძლევდა.

ამ თემაზე:

სტრასბურგის გადაწყვეტილება მამალაძის საქმეზე ცნობილია

სტრასბურგის გადაწყვეტილება მამალაძის საქმეზე ცნობილია

მასალების გადაბეჭდვის წესი