კომენტარი

რას მოიტანს ნულოვანი ტოლერანტობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ [Audio]

19 აპრილი, 2012 •
რას მოიტანს ნულოვანი ტოლერანტობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ [Audio]

საქართველოს პარლამენტის წევრის, რუსუდან კერვალიშვილის მიერ ინიცირებულია კანონპროექტი, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსს ემატებს 1261 მუხლი, რაც განსაზღვრავს და აყალიბებს ოჯახში ძალადობას, როგორც სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებას.

აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს მოძალადეების მიმართ სხვადასხვა სახის სანქციებს – დაწყებული ჯარიმით და დასრულებული 20 წლამდე პატიმრობით.

კანონპროექტის ინიციატორს მიაჩნია, რომ იგი ეხმიანება ქალთა წინააღმდეგ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის მიზანს – დაამკვიდროს ნულოვანი ტოლერანტობა ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ.

კანონპროექტით გათვალისწინებული შემადგენლობა სხვადასხვა დანაშაულების სახით დღესაც არის წარმოდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეულ მუხლებში, ასევე, საქართველოში 2006 წლიდან მოქმედებს კანონი “ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ”.

ამის მიუხედავად, კანონპროექტის ინიციატორს მიაჩნია, რომ ამ ყველაფრის ერთი მუხლის სახით სისტემატიზება ხელს შეუწყობს გამოვლენილ ოჯახში ძალადობაზე, როგორც დანაშაულზე ადექვატურ და სამართლიან რეაგირებას.

რამდენადაა აუცილებელი ახალი მუხლების დამატება სისხლის სამართლის კოდექსში და რამდენად ეფექტური იქნება ეს ცვლილებები ოჯახში ძალადობის პრობლემის მოსაგვარებლად? – ამ და სხვა საკითხებზე “ნეტგაზეთი” თამარ საბედაშვილს ესაუბრა, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის მრჩეველია გენდერის საკითხებში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი