კომენტარი

როგორ უნდა ებრძოლოს საქართველო პირადი ცხოვრებით დაშანტაჟებას – ინტერვიუ გიორგი გოცირიძესთან

21 მარტი, 2016 • 1855
როგორ უნდა ებრძოლოს საქართველო პირადი ცხოვრებით დაშანტაჟებას – ინტერვიუ გიორგი გოცირიძესთან

რამდენად მკაცრი და თანმიმდევრულია სახელმწიფოს პოლიტიკა პირადი ცხოვრების ხელყოფის დანაშაულის მიმართ და რა საფრხთეს უქმნის სავარაუდოდ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება და სხვა პოლიტიკოსებისადმი შესაბამისი კადრებით დამუქრება პოლიტიკურ პროცესს წინასაარჩევნო კამპანიების პერიოდში? – ბათუმელების შეკითხვებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრი გიორგი გოცირიძე პასუხობს.

გიორგი ინტერნეტში, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების შესახებ ატვირთული ჩანაწერის შემდეგ დაიწყო საუბარი იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ მსგავსი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. გაჩნდა ინიციატივა, რომ გამკაცრდეს სასჯელი პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ. როგორ ფიქრობთ, სასჯელის გამკაცრება საკმარისი ზომაა, თუ სახელმწიფომ ცოტა უფრო მეტი უნდა გააკეთოს?

დანაშაულს და სასჯელს, თუკი ის [სამართლებრივად] ადამიანის მდგომარეობას აუარესებს, უკუძალა არ აქვს, ანუ ეს უფრო მომავალზე გათვლილი პერსპექტივაა. სასჯელის გამკაცრებული ზომა არ გავრცელდება იმ ადამიანებზე, ვინც ეს ჩანაწერები ახლახან youtube-ზე ატვირთა. ისინი კვლავაც იმ მაქსიმალურ სასჯელს დაექვამდებარებიან, როგორიცაა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. მიუხედავად ამისა, კანონის გამკაცრებას გარკვეული პრევენციული ფუნქცია გააჩნია, რომ მომავალში მკაცრი სასჯელის შიშით ადამიანებმა თავი შეიკავონ მსგავსი ტიპის ქმედებისგან, თუმცა სასურველია, რომ ასეთი ტიპის დანაშაულთან მიმართებაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი შეიქმნას. ასეთი ტიპის მექანიზმის შექმნას არასამთავრობო ორგანიზაციები მოვითხოვდით წამების დანაშაულთან დაკავშირებით. ეს პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გავრცლეების დანაშაულზეც უნდა გავრცელდეს. ამავე დროს აუცილებელია, რომ სახელმწიფომ უცხოელ ექსპერტებთან, სხვა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიური თანამშრომლობის გზით მოახდინოს ამ ტიპის დანაშუალის გამოძიება, რადგან კიბერდანაშაულს ერთი კონკრეტული სახელმწიფო ვერ გაუმკლავდება. ეს არის გლობალური პრობლემა და მნიშვნელოვანია, რომ ამის გამოძიებაში სხვა ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებიც იყვნენ ჩართულნი.

დამოუკიდიებელი საგამოძიებო მექანიზმი აღჭურვილი უნდა იყოს სისხლის სამართლებრივი დევნის უფლებამოსილებით და მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ის პირები, ვინც დანაშაული ჩაიდინეს, პასუხისგებაში მისცეს. აქ არის ორი მომენტი- ერთი ის, რომ პროკურატურის მიმართ არსებობს უნდობლობა და არსებობს ვარაუდი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა ხლეისუფლება დაკავშირებული იყოს ამ ვიდეოების გავრცელებასთან… ასეთი ვარაუდები და საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომლის გამოსარიცხადაც აუცილებელია, რომ დამოუკიდებელმა საგამოძიებო მექანიზმმა გამოიძიოს ამ ტიპის დანაშაულის ფაქტები. საუბარია ისეთ მექანიზმზე, რომელიც ანგარიშვალდებული არ იქნება პოლიტიკური ხელისუფლების წინაშე. დღევანდელ პროკურატურაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ დამოუკიდბელობის სათანადო გარანტიებით სარგებლობს.

ეს ეჭვები და ვარაუდები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, რას ემყრება?

ამასთან დაკავშირებით გარკვეული ეჭვები გამოითქმის. იგივე წარსულში მომხდარი ფაქტები, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს  ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეუფარდეს [სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელების ბრალდებით] და კიდევ, გახსოვთ ალბათ, როდესაც [წამების კადრების] ღია კინოჩვენებები ეწყობოდა, მათ შორის არასრულწლოვნების მონაწილეობით. ადამიანები, რომლებმაც ეს ქმედება განახორციელეს, არათუ პასუხისგებაში არ მიცემულან, არამედ დააწინაურეს კიდეც. მე არ ვამტკიცებ, რომ ეს ხელისუფლების წარმომადგენლების გავრცელებულია. ეჭვები არსებობს. მტკიცებით ფორმაში ამის განცხადება არ გვინდა, თუმცა ამ ეჭვების გასაქარწყლებლად აუცილებელია, რომ დამოუკიდებელი საგმაოძიებო ორგანოს მიერ იყოს გამოძიებული ასეთი დანაშაული.

რომელიც პარლამენტში უნდა შეიქმნას?

სავადლებულო არაა, რომ ეს პარლამენტის მიერ შექმნილი მექანიზმი იყოს. შესაძლოა ეს იყოს დამოუკიდებელი სპეციალიზებული საგამოძიებო ორგანო, რომლის ფორმირებაში პარლამენტიც მონაიწლეობდეს, შესაძლოა ეს სასამართლო ხელისუფლებამაც გააკეთოს, უამრავი მოდელი არსებობს.

2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ბევრი საუბარი იყო, რომ უამრავი ვიდეომასალა აღმოაჩინეს, ათასობით ფაილზე იყო ლაპარაკი. ხომ არ იყო შეცდომა ის, რომ როდესაც ეს ჩანაწერები განადგურდა, არ გაგრძელდა ეფექტური გამოძიება იმ ადამიანების დასასჯელად, ვინც ამ ყველაფერს იღებდა და ვინც დავალებას გასცემდა. თუ მართლაც ათასობით მასალა იქნა აღმოჩენილი, ალბათ, ცოტა ადამიანი არ მონაწილეობდა ხომ მათ შექმნაში?

განადგურდა მხოლოდ ინტიმური  ცხოვრების ამსახველი კადრები, სხვა ტიპის კადრები, მაგალითად, საუბარი ოჯახის წევრებს შორის, არ განადგურებულა. იმ მომენტში სწორედ ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვა იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ გულისმხობდა იმას, რომ ის ადამიანი, ვინც ეს ყველაფერი გადაიღო, პასუხისგებაში არ ყოფილიყო მიცემული. გარკვეული ტიპის მასალა დარჩა იმისათვის, რომ პროკურატურას გამოძიება ეწარმოებინა და მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც დაკავშირებულნი იყვნენ ამ მასალების გაკეთებასთან, პასუხისგებაში მიეცა.

თუმცა ეს ვნახეთ?

ეს არ გვინახავს. აქ გარკვეული სამართლებრივი პრობლემაა. ამნისტირებულია ის ნორმები, რომლებიც პირადი ცხოვრების საიდუმლოს დარღვევას და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ინტერნეტით გავრცელებას ეხება – 157-ე და 158-ე მუხლი. მისი ამნისტირება 2012 წელს მოხდა, როგორც ნაკლებად მძიმე დანაშაულის და, შესაბამისად, ამ მუხლებითაც კი არ მიმდინარეობს იმ ადამიანების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებმაც 2012 წლამდე ეს კადრები გადაიღეს. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, პროკურატურა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აწარმოებს გამოძიებას, თუმცა ასეთი კვალიფიკაცია შეიძლება სადავო იყოს… შეიძლება ძალიან ბევრმა იურისტმა თქვას, რომ ეს მუხლი არ არის ამ დანაშაულის შემცველი [რასაც 157-ე და 158-ე მუხლები ითვალისწინებდა]. ანუ ამ კუთხითაც შეიძლება გაჩნდეს კითხვის ნიშნები, თუკი ის პირები ნამდვილად იქნებიან პასუხისგებაში მიცემული. ძალიან გაუაზრებელი იყო, როდესაც ამას შეეხო ამნისტია. იმედს გამოვთქვამ, რომ თანამდებობრივი დანაშაულის კუთხით მაინც იქნებიან ადამიანები პასუხისგებაში მიცემული, თუმცა იურისტების სხვა ჯგუფი შეიძლება არ დამეთანხმოს იმაში, რომ ეს შესაფერისი მუხლია, რისთვისაც [2012წლამდე ანუ ამნისტიამდე] ამ ტიპის  დანაშაულის ჩამდენი უნდა მიეცეს პასუხისგებაში. ერთი სიტყვით, აქ ცალმხრივი დასკვნების გაკეთება შეუძლებელია.

დღევანდელ რეალობას რომ დავუბრუნდეთ და ზოგადად შევაფასოთ, რა შეიძლება იყოს გამოსავალი? დამნაშავის სწრაფად გამოვლენა და დასჯა? როდესაც 2013 წელს გავრცელდა მსგავსი კადრები ერთ ადამიანზე, შემდეგ პასუხისგებაში მიეცა შსს-ს იმდროინდელი მაღალჩინოსანი, რომელსაც სასჯელის სახით ერთწლიანი პირობითი მიესაჯა. როგორ ფიქრობთ, რა მესიჯი იყო ეს სახელმწიფოსაგან იმ ადამიანებისათვის, ვისაც მსგავსი დანაშაულის ჩადენა ჰქონდა განზრახული სამომავლოდ?

ეს იყო მესიჯი, რომ სახელმწიფო არ ამჟღავნებს ნულოვან ტოლერანტობას ასეთი ტიპის დანაშაულთან დაკავშირებით და საკმაოდ მსუბუქი იქნება რეაგირება იმ პირების მიმართ… ეს გარკვეულწილად იქნება სტიმული, რომ გაავრცელონ ასეთი ჩანაწერები. ასევე გავიხსენებ წამების კადრებს, რომლებიც ქუჩაში და კინოთეატრებში უჩვენეს ხალხს, ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც ასეთი ღონისძიების ორგანიზატორი იყო, დღეს გუბერნატორია. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ სახელმწიფო ნულოვან ტოლერანტობას ამჟღავნებს ასეთი ტიპის დანაშუალების მიმართ.

2013 წელს, როდესაც ერთ ადამიანს გაუვრცელეს სავარაუდოდ მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, მაშინაც იყო ასე თუ ისე მკვეთრი რეაქცია საზოგადოებისაგან, თუმცა არა ამ დონის.  მაშინ მედიასაშუალებების ძალიან დიდმა ნაწილმაც დაასახელა მსხვერპლის სახელი და გვარი. როგორ ფიქრობთ, ახლა საზოგადოება და მედია გაიზარდა, როდესაც რეაქცია ბევრად უფრო მკვეთრია, თუ უფრო სხვა ფაქტორები იკვეთება აქ?

ჩემი აზრით, მედიაც და სამოქალაქო საზოგადოებაც ალბათ უფრო ეთიკური გახდა.

და არა ის, რომ კონკრეტული მსხვერპლების სტატუსებია განსხვავებულია?

არა. ჩემი აზრით, ეს არის იმის შედეგი, რომ მედია უკეთ იცავს ეთიკის სტანდარტებს. ეს მედიის პასუხისმგებლობაა. ბოლო კადრებთან დაკავშირებით მედია ბევრად უფრო ეთიკური იყო, ვიდრე 2013 წელს, როცა ის ცნობილი მასალა აიტვირთა ინტერნეტში.

რა სახის ზიანს აყენებს ეს ყველაფერი პოლიტიკურ ცხოვრებას, რადგან საარჩევნო კამპანია გვიახლოვდება?

ბოლოდროინდელი ვიდეოების გამოქვეყნება დროში ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას, საარჩევნეო კამპანიის დაწყებას. გარდა იმისა, რომ ეს არის პირადი ცხოვრების სფერო (და ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრების უფლება უნდა იყოს დაცული) იმავდროულად პოლიტიკური პროცესებიც უნდა იყოს დაცული პოლიტიკოსზე ზემოქმედების მსგავსი ტიპის საშუალების გამოყენებისაგან. ამ ჩანაწერის გამოქვეყნება არა მხოლოდ ანგრევს ადამიანის პირად ცხოვრებას, არამედ იმავდროულად კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას. ზოგადად [ასეთი ფაქტები] ძალიან საშიშია დემოკრატიული მმართველობის არსებობისათვის, რადგან სახელმწიფოს ყოველთვის შეეძლება პოლიტიკოსების, საზოგადო მოღვაწეების დაშანტაჟება ასეთი ტიპის მასალებით და სავარაუდოდ წინა ხელისუფლების დროს ასეც ხდებოდა. მართალია, წინა ხელისუფლების დროს ასეთი მასალები ინტერნეტით არ ვრცელდებოდა, მაგრამ ამ მასალებით ხდებოდა კონკრეტული პოლიტიკოსების შანტაჟი.

თუმცა ეს ხომ არ გამოუძიებიათ? ეს ალბათ ვარაუდია ხომ თქვენი?

დიახ. რა თქმა უნდა.

ამჟამინდელ კადრებს რომ დავუბრუნდეთ, რამდენად შესაძლებელია, რომ კადრების გამოქვეყნების შიშის და შანტაჟის რეჟიმში მცხოვრები პოლიტიკოსი კონცენტრირებული იყოს საარჩევნო კამპანიაზე?

პირველ რიგში, ეს მიზნად ისახავს პოლიტიკოსის დისკრედიტაციას ისეთ კონსერვატიულ საზოგადოებაში, როგორიც საქართველოა. საუბარია ამომრჩევლებში ამ პოლიტიკოსთან დაკავშირებით უარყოფითი აზრის შექმნის მცდელობაზე. ნამდვილად არსებობს საფრთხეები არჩევნების სამართლიან ვითარებაში ჩატარებასთან დაკავშირებით, რადგან ადგილი აქვს პოლიტიკოსის დისკრედიტაციის მცდელობას არა მისი პოლიტიკური შეხედულებების, არამედ მისი პირადი ცხოვრებით, რაც ცალსახად მიუღებელია.

ასეთ რეჟიმში ეს ვერ იქნება თავისუფალი, პოლიტიკურ პროგრამებზე ორიენტირებული საარჩევნო კამპანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი