სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 20 წლის ბიჭი, რომელიც მისი მეგობრის ყოფილ შეყვარებულს ემუქრებოდა და კონკრეტული ქმედებების შესრულებას სთხოვდა, მათ შორის “სასიყვარულო ურთიერთობის” დამყარებას.
მუქარის საფუძველი გახდა მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები.
პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების მუქარით ბიჭი მეგობრის ყოფილ შეყვარებულს სთხოვდა მასთან სასიყვარულო ურთიერთობას, პირადი ფეისბუქის პაროლს და უსიტყვო მორჩილებას. უარის მიღების შემდეგ, ახალგაზრდა ქალის უკანონოდ მოპოვებული ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები კაცმა სოციალურ ქსელში განათავსა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ 2003 წელს დაბადებულმა მამაკაცმა მისი მეგობრის ყოფილი შეყვარებულის ინტიმური შინაარსის ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერები უკანონოდ მოიპოვა. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში, ბრალდებული სოციალურ ქსელ “Facebook”-ის ყალბი გვერდის გამოყენებით დაუკავშირდა დაზარალებულს და ინტიმური შინაარსის ფოტოსურათებისა და ვიდეოჩანაწერების გავრცელების მუქარით, უსიტყვო მორჩილება და კონკრეტული ქმედებების შესრულება, მათ შორის, ინტიმური შინაარსის ფოტოსურათების გადაგზავნა და დაზარალებულის სოციალურ ქსელ “Facebook”-ის პაროლის გადაცემა მოსთხოვა.
გარდა ამისა, იგი პირადად უკავშირდებოდა დაზარალებულს და სთხოვდა ჰქონოდათ სასიყვარულო ურთიერთობა, ხოლო უარის მიღების შემდეგ, დაზარალებული ქალის დაკნინების მიზნით, სოციალურ ქსელ “Facebook”-ის ყალბ გვერდზე ინტიმური შინაარსის ვიდეოჩანაწერები საჯაროდ განათავსა”, – ვკითხულობთ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა გაუვრცელეს, ახალგაზრდა ქალმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა. უწყების თანამშრომლებმა კაცი დააკავეს, მისი მობილურის ჩხრეკისას კი ამოიღეს დაზარალებული ქალის ამსახველი ინტიმური შინაარსის მასალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური აგრძელებს გამოძიებას.