ახალი ამბებიხელოვნება

გაფრინდაშვილის დავა და დე ჰავილანდის პრეცედენტი – რამდენად პერსპექტიულია სარჩელი

22 სექტემბერი, 2021 • 4557
გაფრინდაშვილის დავა და დე ჰავილანდის პრეცედენტი – რამდენად პერსპექტიულია სარჩელი

კომპანია “ნეტფლიქსის” წინააღმდეგ ნონა გაფრინდაშვილის სარჩელი ფართოდ გაშუქდა როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო მედიაში. სამშობლოში თუ საზღვარგარეთ მას არაერთი გულშემატკივრობს. შეძლებს თუ არა ცნობილი ქართველი მოჭადრაკე, დაამტკიცოს 25-გვერდიან სარჩელში მოცემული ბრალდებები?

რისთვის უჩივის მოჭადრაკე “ნეტფლიქსს”?

საქმე ეხება “ნეტფლიქსის” პოპულარულ სერიალს “The Queen’s Gambit”(ლაზიერის გამბიტი), რომლის სცენარიც 1983 წლის რომანს ეფუძნება.

სიუჟეტი ტრიალებს გამოგონილი პერსონაჟის, მოჭადრაკე ბეტ ჰარმონის გარშემო. ის ერთმანეთის მიყოლებით ამარცხებს საუკეთესო კაც მოთამაშეებს გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცივი ომის ფონზე.

უშუალოდ ნონა გაფრინდაშვილის სახელს სერიალის დასკვნით ეპიზოდში ახსენებენ და პრობლემაც აქ იწყება. ბეტ ჰარმონზე საუბრისას ჭადრაკის კომენტატორი დასძენს:

“ერთადერთი უჩვეულო რამ[ბეტ ჰარმონის] შემთხვევაში მისი სქესია, თუმცა ის ერთადერთი არ არის რუსეთში. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც [მოთამაშეებს]”.

კადრი ფილმიდან “The Queen’s Gambit”(ლაზიერის გამბიტი)

კალიფორნიის შტატის სასამართლოში გაფრინდაშვილის საჩივრის ერთ-ერთი საფუძველი სწორედ ეს უკანასკნელი რეპლიკაა.

სარჩელის თანახმად, აღნიშნული მტკიცება არის “აშკარა სიცრუე, უკიდურესად სექსისტური და დამამცირებელი”, ვინაიდან 1968 წელს, როცა ზემოხსენებული ეპიზოდი თამაშდება, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა საჭადრაკო მატჩები ჩატარებული ათეულობით კაცთან, მათ შორის, დიდოსტატებთან.

ფილმში გახმიანებული რეპლიკა სარჩელში შეფასებულია, როგორც “დამანგრეველი სიცრუე, [რომელიც] ძირს უთხრის და ამცირებს მის[გაფრინდაშვილის] მიღწევებს მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე”.

საჩივრის კიდევ ერთი საფუძველია ნონა გაფრინდაშვილის რუსად მოხსენიება, “მიუხედავად იმის ცოდნისა, რომ ის ქართველია და ქართველები განიცდიდნენ რუსეთის ბატონობას საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში, შემდგომ იყვნენ დაჩაგრულნი და დაპყრობილნი რუსეთის მიერ”.

გაფრინდაშვილის ინტერესებს იცავენ როგორც ქართველი, ისე ამერიკელი ადვოკატები. ერთ-ერთმა მათგანმა, რუსუდან მაისურაძემ, “ტვ ფრომულას” უთხრა, რომ სანამ სასამართლოში წავიდოდნენ, მოჭადრაკის ინტერესების დამცველებმა “ნეტფლიქსს” არაერთგზის მიმართეს რეაგირებისთვის, თუმცა უშედეგოდ.

ნონა გაფრინდაშვილი ფოტო: Stanley Sherman/Hulton Archive, via Getty Images/NY Times

ამჟამად გაფრინდაშვილი კომპანიისგან $5 მილიონს ითხოვს. საქმეს კალიფორნიის სასამართლო განიხილავს.

“ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა “გაეზარდა დრამა” და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია”, – ნათქვამია სარჩელში.

საჩივარს უკვე უპასუხა “ნეტფლიქსმა”. კომპანიის თქმით, უაღრესად სცემს პატივს ნონა გაფრინდაშვილსა და მის ბრწყინვალე კარიერას, თუმცა სჯერა, რომ ზემოხსენებულ მტკიცებას საფუძველი არ გააჩნია.

აქვს თუ არა სარჩელს პერსპექტივა?

იურისტსა და ჩრდილოეთ ოჰაიოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, გიორგი გოცირიძეს მიაჩნია, რომ ამ კითხვაზე პასუხის ძიების დროს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ აშშ-ის, როგორც პრეცედენტული სამართლის სახელმწიფოს ბუნება.

“აშშ არის პრეცედენტული სამართლის ქვეყანა და სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს სავალდებულო ძალა შემდგომში მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუ საქმის ფაქტობრივი გარემოებები არის იმის მსგავსი, რაც უკვე განიხილა სასამართლომ”, — ეუბნება ის “ნეტგაზეთს”.

მოჭადრაკის საქმეზე საუბრისას, იურისტი იხსენებს ბრიტანელ-ამერიკელი მსახიობის, ოლივია დე ჰავილანდის სარჩელს ტელეკომპანია FX-ის წინააღმდეგ. ამის მიზეზი სერიალის “Feud”(მტრობა) ერთ-ერთ ეპიზოდი გახდა, რომელიც ჰავილანდის ცხოვრებასაც ეხება. მასში ჰავილანდის როლის შემსრულებელი კეტრინ ზეტა ჯონსი ახმიანებს რეპლიკებს, რომლებიც, დე ჰავილანდის თქმით, თავად არასდროს უთქვამს რეალურ ცხოვრებაში.

“კეტრინ ზეტა ჯონსი, რომელიც ჰავილანდის როლს თამაშობს, ამ ფილმში ინტერვიუს აძლევს ჰოლივუდში ქალების დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, ასევე, თავის დას მოიხსენიებს როგორც “Bitch”(ძუკნა) და ფრენკ სინატრაზე ამბობს, რომ ის ლოთია.

ოლივია დე ჰავილანდმა კალიფორნიის სასამართლოში გაასაჩივრა ეს ყოველივე და თქვა, რომ მას არასდროს მიუცია ინტერვიუ იმის შესახებ, რომ ჰოლივუდში ქალები დისკრიმინაციას განიცდიან, არასოდეს უწოდებია თავისი დისთვის ძუკნა და არასდროს მოუხსენიებია სინატრა ლოთად.

ანუ, გაასაჩივრა სერიალის ამ ეპიზოდების სინამდვილესთან შესაბამისობა”, — დასძენს იურისტი.

პირველ ინსტანციაში დავა ჰავილანდის სასარგებლოდ დასრულდა, თუმცა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, უზენაეს სასამართლოს კი სარჩელი წარმოებაში აღარც მიუღია.

სააპელაციო სასამართლოს არ განუცხადებია, რომ ჰავილანდმა ზემოთ მოცემული რომელიმე რეპლიკა რეალურ ცხოვრებაში მართლაც თქვა. მაშ რა მოხდა?

გიორგი გოცირიძის განმარტებით, საქმე შემდეგშია: სასამართლოს აზრით, როდესაც მოსარჩელე არის საჯარო პირი, მან უნდა დაასაბუთოს ის, რომ მოპასუხემ განზრახ, მისი რეპუტაციისთვის ზიანის მიყენებისთვის გაავრცელა არასწორი ინფორმაცია. ჰავილანდის შემთხვევაში, ეს ვერ დამტკიცდა.

“მხატვრული ფილმი არის ამ ფილმის შემქმნელი რეჟისორის წარმოსახვის ნაყოფი. შესაბამისად, როდესაც ის ამ ფილმში რეალურ პიროვნებას ასახავს იმისთვის, რომ დრამატურგიული ხაზი განავითაროს, შეიძლება, მოიგონოს გარკვეული სცენები ან მოვლენები, რომელთაც რეალურ ცხოვრებაში ადგილი არ ჰქონია, თუმცა ეს არის ფილმის დრამატული ხაზი.

ქალბატონი ნონა გაფრინდაშვილის შემთხვევაში სადავოა ის, რომ მას უწოდეს რუსი, როცა არის ქართველი და ის, რომ არ შეხვედრია მამაკაც მოწინააღმდეგეს [მანამდე]. ეს ფაქტები, ბუნებრივია, სინამდვილესთან შეუსაბამოა, თუმცა ეს ყოველივე ნახსენები იყო მხატვრულ ფილმში, მხატვრული ფილმი კი ყოველთვის არ ასახავს სინამდვილეს”, — დასძენს იურისტი.

გიორგი გოცირიძის თქმით, ისიც შეიძლება, რომ კალიფორნიის სასამართლომ ამჯერად სრულიად სხვაგვარი დასკვნა გამოიტანოს, თუმცა ზემოხსენებული პრეცედენტი აღნიშნულს სათუოს ხდის.

“ვთანხმდებით იმაზე, რომ გავრცელებული ფაქტი არაზუსტია და ეს შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი, თუმცა ცილისწამების დავებისთვის, როცა მოსარჩელე საჯარო პირია, საჭიროა იმის დასაბუთება, რომ მოპასუხე მხარემ მოსარჩელეს განზრახ მიაყენა შეურაცხყოფა  და მიზნად ისახავდა იმას, რომ მისი რეპუტაცია შელახულიყო.

ამ სტანდარტის დაკმაყოფილება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძალიან რთულია, რადგან მხატვრულ ფილმთან გვაქვს საქმე, რეჟისორის განზრახვა კი იყო ის, რომ სიუჟეტი გაეხადა უფრო დრამატული და მაყურებლისთვის უფრო სასიამოვნოდ საყურებელი და არა ის, რომ ვინმესთვის მიეყენებინა შეურაცხყოფა. ეს არის მიდგომა, რომელსაც კალიფორნიის სასამართლოები ავითარებენ ასეთ საქმეებზე”.

“ვფიქრობ, გავიმარჯვებთ, თუმცა ეს არ იქნება ადვილი” — ადვოკატის პოზიცია

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს კალიფორნიის სასამართლოში, ამერიკელ ადვოკატებთან ერთად, საქართველოში მოქმედი იურიდიული კომპანია BLB იცავს.

“ნეტგაზეთმა” მოჭადრაკის ერთ-ერთ ადვოკატთან, მაია მწარიაშვილთან დაკავშირება სცადა. მან გვითხრა, რომ იურისტები კომენტარებს აღარ აკეთებენ, საქმეში შემდგომ სიახლეებამდე.

თუმცა, რამდენიმე დღით ადრე, სარჩელის დეტალებზე “ტვ ფორმულასთან” გაფრინდაშვილის კიდევ ერთმა ადვოკატმა, რუსუდან მაისურაძემ ისაუბრა. მისი სიტყვებით, ეს არის “ღირსების საქმე”, მეორე მხრივ კი, არსებობს “მყარი სამართლებრივი საფუძველი”.

“ყველაზე მყარი სამართლებრივი საფუძველი რაც გვაქვს, [არის] ის, რომ რასაც “ნეტფლიქსი” [სერილაში] ამბობს, არის ტყუილი და ეს არის შეგნებულად ნათქვამი ტყუილი…” — დასძენს ის.

რუსუდან მაისურაძე. ფოტო: BLB

ამ უკანასკნელის დასასაბუთებლად, იურისტი ახსენებს ვოლტერ ტევისის რომანს, რომელიც 1983 წელს დაიბეჭდა. სწორედ ამ ტექსტს ეფუძნება ზემოხსენებული სერიალი. თუმცა, ის ნაწილი, რომელიც ნონა გაფრინდაშვილს ეხება, სერიალზე მომუშავე ჯგუფმა შეცვალა.

კერძოდ, რომანში ნათქვამია:

“არის ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც, არა ამ დონის ტურნირზე, თუმცა მრავალგზის შეხვედრია ყველა ამ რუს დიდოსტატს მანამდე”.

რუსუდან მაისურაძის თქმით, სერიალზე მომუშავე ჯგუფმა ეს წინადადება შეცვალა იმ ფონზე, როცა ტექსტის დანარჩენი ნაწილები “მთლიანად არის გადატანილი”.

“ამ ფაქტს ისიც ამძაფრებს, რომ მათ ძალიან ძლიერი კონსულტანტები ჰყავდათ, როცა სერიალის სცენარს აკეთებდნენ. [მათ შორის] გარი კასპაროვი, რომელიც ყველასთვის ცნობილია და მათ შორის, ნონასაც ძალიან კარგად იცნობს”, — დასძენს იურისტი იმის დასადასტურებლად, რომ სერიალში წარმოდგენილი ფაქტობრივი უზუსტობა შემთხვევითი ვერ იქნებოდა.

რუსუდან მაისურაძის თქმით, “ბრძოლა ნამდვილად რთული იქნება”, თუმცა ადვოკატები ამისთვის მზად არიან:

“ვფიქრობ, გავიმარჯვებთ, თუმცა ეს არ იქნება ადვილი. ძალიან დაძაბული ბრძოლა გველის წინ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი