ახალი ამბები

რა საფრთხეს შეიცავს ხელოვნურად მართული ამინდი

2 ივნისი, 2011 • 6817
რა საფრთხეს შეიცავს ხელოვნურად მართული ამინდი

ქალაქ ქობულეთში ზაფხულობით შესაძლოა წვიმიანმა ამინდებმა იკლოს. ამის მიზეზი არა კლიმატური ცვლილებები, არამედ სპეციალური დანადგარი შეიძლება გახდეს, რომელიც ღრუბლების გაფანტვით ამინდს დაარეგულირებს.

იდეა ამინდის მართვის შესახებ ქობულეთში ყველაზე დიდი სასტუმროს, “ჯორჯია პალასის” მფლობელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ გაახმოვანა ქობულეთის ტურიზმის ასოციაციის დაარსების დღეს. თუკი იდეა განხორციელდება, ტურისტულ სეზონზე ქობულეთში წვიმიანი დღეების რაოდენობა იკლებს და დამსვენებლებსაც მეტი დრო ექნება პლაჟზე გასარუჯად.

თუმცა უღრუბლო და ხელოვნურად მართულმა ამინდმა შეიძლება მიმდებარე დასახლებები დააზარალოს, რადგან ქობულეთში გაფანტული ღრუბელი სხვა ადგილას მოიყრის თავს. “თუ ამინდი ხელოვნურად იცვლება ერთ სოფელში, რეგიონში ან ქვეყანაში, ამან შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგები მოუტანოს მეზობელ სოფელს, რაიონს ან ქვეყანას”, _ ამბობს ჰიდრომეტეოროლოგი ლაშა სუხიშვილი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში მუშაობს.

ლაშა სუხიშვილს პეკინის 2008 წლის მაგალითი მოჰყავს, სადაც ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის წინ ჩინელმა სპეციალისტებმა სპეციალური რაკეტების საშუალებით გაფანტეს წვიმის ღრუბლები და თავიდან აიცილეს პროგნოზირებული წვიმა. იმავე ღამეს პეკინის გარეუბნებსა და მიმდებარე დასახლებებში დაფიქსირდა ნალექის რეკორდული რაოდენობა _ 100 მმ ღამეში. “პერსპექტივაში ამინდის ფორმირებაში ხელოვნურმა ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის მოსავლის რაოდენობის დადებითი ან უარყოფითი ცვლილება, დაარღვიოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ციკლი, შექმნას წყლით მომარაგების პრობლემები და ასე შემდეგ”, _ ამბობს ლაშა სუხიშვილი.

ამინდის მართვა კონკრეტული, მოკლევადიანი მიზნებისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამოიყენება. ამ მეთოდით ხელოვნურად იწვევენ ნალექს ან კატასტროფულ ნალექებსა და სეტყვას თავიდან იცილებენ, ფანტავენ ნისლს, ღრუბლებს და ა.შ.

ამინდი ღრუბლებში ქიმიური ნივთიერებების (რეაგენტების) შეტანით იმართება. ამისათვის იყენებენ ხმელეთზე დამონტაჟებულ გენერატორებს, თვითმფრინავებსა და რაკეტებს. ღრუბლებში ყველაზე ხშირად იოდიანი ვერცხლისწყლის ფხვნილი და ე.წ. მშრალი ყინული ითესება. ასევე ხშირად გამოიყენება იოდიანი ტყვია. ლაშა სუხიშვილი ამბობს, რომ დღემდე უცნობია, ამინდის სამართავად გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების დოზა რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე ან ბუნებრივ გარემოზე: “მხოლოდ ცნობილია მათი ზოგადი ზემოქმედება. მაგალითად, იოდიანი ვერცხლისწყლის ფხვნილი (თითო ჯერზე გამოიყენება 10-50გ) აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტოს “გაიდლაინების” მიხედვით რისკის შემცველ ნივთიერებად და ტოქსიკურ დამაბინძურებლად ითვლება. სხეულში მისმა მოხვედრამ შეიძლება გამოიწვიოს იოდიზმი, რომელიც ვლინდება ცრემლდენით, ხველით, სურდოთი, ნერწყვდენით, კრუნჩხვებით, კანის დამახასიათებელი გამონაყრით. იოდიანი ვერცხლისწყალი სახიფათოა როგორც ადამიანებისთვის, ისე ძუძუმწოვრებისთვისაც, იწვევს დროებით უუნარობას, დეპრესიას, წონის კლებას, ანემიას. კანზე მისმა პერიოდულმა მოხვედრამ შესაძლოა გამოიწვიოს კანის ფერის სამუდამო შეცვლა. ყველა ქიმიური ნივთიერება, რომელიც ღრუბლებში ითესება, საბოლოოდ, მაინც დედამიწაზე ბრუნდება და აკუმულირდება ნიადაგში, მცენარეებსა და ადამიანზე. მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ უცნობია, რა უარყოფით (ან შესაძლოა ზოგ შემთხვევაში დადებითსაც) გავლენას ახდენს ამინდზე ზემოქმედებისას გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების დოზირება ადამიანსა და გარემოზე.

ცალსახაა, რომ, ზოგადად, ამინდის მართვის შედეგები ვრცელდება არა მხოლოდ სამიზნე რეგიონზე, არამედ სულ სხვა რაიონებზეც და ხშირ შემთხვევაში, თუ პირდაპირი შედეგი დადებითია, მისი ირიბი გავლენა უარყოფითია”.

ერთი წლის წინათ ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი “მწვანე ორგანიზაციის”, “გრინფისის” რუსულმა განყოფილებამ. მოსკოვის მაშინდელ მერს, ლუჟკოვს, სურდა 9 მაისისა და სხვა მრავალრიცხოვანი ღონისძიებების დღეებში ხელოვნურად გაეფანტა ღრუბლები ქალაქის თავზე და ამისათვის რამდენიმე მილიონი დოლარის დახარჯვასაც აპირებდა. “გრინფისი”  ამინდის ხელოვნურად მართვის წინააღმდეგი იყო და აცხადებდა, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, რადგან გაფანტული ღრუბელი სხვა ადგილას მოიყრიდა თავს და სწორედ იმ რეგიონში ნალექიანობა მოიმატებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი