ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ეხმაურება 2018 წელს მის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა უნდა შექმნილიყო.
შოვში მომხდარი სტიქიის ფონზე დავითაშვილის 2018 წლის განცხადება განხილვის თემა გახდა, რასაც მინისტრი „სპეკულაციასა და პოლიტიკური ქულების დაწერის“ მცდელობად აფასებს.
დავითაშვილი შოვში მომხადარი სტიქიის ფონზე „შეუსაბამოდ“ მიიჩნევს ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით მისი ძველი განცხადების გახსენებას.
მინისტრის მტკიცებით, 2018 წლის შემდეგ გარემოს დაცვის შესაძლებლობები გაუმჯობესებულია, თუმცა ის, რაც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა, რაც არ უნდა „სისტემები გააკეთებინათ“.
„ჩვენ დავიწყეთ კლიმატის მწვანე ფონდთან ერთად პროგრამა, რომელიც საქართველოში გეოლოგიური საფრთხეების შესწავლას განახორციელებდა, ასევე ქვეყანაში შეიქმნებოდა შესაბამისი სისტემა გეოლოგიური საფრთხეების პრევენციის კუთხით, მაგრამ მსგავსი ტიპის ტრაგედია, რაც შოვში მოხდა, გარდაუვალი იქნებოდა. რაც არ უნდა სისტემები გავაკეთოთ, შეიძლება ტრაგედიები მოხდეს და ამისგან მსოფლიოში დაზღვეული არავინაა. ასეთი ტიპის ტრაგედიებისგან დაცვა შეიძლება ვერ მოვახერხოთ. მოისმინეთ სპეციალისტების განცხადებები მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომ რაც არ უნდა გაფრთხილების სისტემა გვქონოდა, მეწყრულ პროცესებს მყისიერად ვერ შევაჩერებდით და ეს გარდაუვალი შედეგი, ალბათ, დადგებოდა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა ის ღონისძიებები ჩამოთვალა, რაც „ქართული ოცნების“ მთავრობამ გარემოს დაცვის გაძლიერების კუთხით გაატარა:
- ქვეყანამ 2018 წლიდან მოყოლებული მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა, რაც უკავშირდებოდა გეოლოგიის საფრთხეების შესწავლას. ყოველწლიურად გამოდის მონიტორინგის ანგარიში, რომელიც მნიშვნელოვანი სახელმძღვანელოა სახელმწიფო უწყებებისთვის და ასევე შემდეგი პროექტების დაგეგმვის თვალსაზრისით. საქართველოში 2014 წლისთვის ფაქტობრივად ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები არ არსებობდა. გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყანა საკმაოდ სუსტად იყო. ქვეყანაში ათეულობით მონიტორინგის სადგური არსებობდა, მაგრამ ჩვენ არცერთი დაგვხვედრია. მთლიანად სისტემა იყო მოშლილი და არცერთი თანამშრომელი არ იყო ამაზე პასუხისმგებელი. ჩვენ 200 თანამედროვე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური შევიძინეთ და დავიწყეთ მონტაჟი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ დავაკვირდეთ წყლის მატებას და, შესაბამისად, ვიცოდეთ წინმსწრებად. ასევე, მეტეოროლოგიური სადგურები, რომელიც ამინდის შესახებ გვაძლევს ინფორმაციას და ეს გვაძლევს საშუალებას, რომ განვჭვრიტოთ და გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ და გვქონდეს ამაზე რეაგირება.
- საქართველოში ათასობით მდინარეა, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება რისკზე დაფუძნებული შეფასების შესაბამისად. გადაწყვეტილებები ეფუძნება მაქსიმალურად სარისკო ადგილებს. ჩვენ შევაფასეთ 20 მეწყრული უბანი, სადაც მონიტორინგის განსაკუთრებით მეტი სისტემა გვაქვს. მაგალითად, შოვში, ჩვენი ანალიზის შესაბამისად, ასეთი ტიპის პროცესები ადრე არ ფიქსირდებოდა და წარმოუდგენელი იყო გათვლა. ეს არ იყო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული მიმართულება, სადაც დაკვირვების უბანი გვექნებოდა. თუმცა აქაც იყო წყლის მზომები და როდესაც ვაკეთებთ ანალიზს, ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება შეფასება, თუ რასთან გვქონდა საქმე სტიქიური მოვლენის დროს.
- ასევე, საქართველოში შევიძინეთ 2 თანამედროვე რადარი, დღეს სულ 3 თანამედროვე რადარი მუშაობს, რომლითაც საქართველოს მთელი ტერიტორია მეტეოროლოგიური კუთხით დაფარულია. ეს „ვაისალას“ თანამედროვე რადარია და ათუელობით მილიონი ინვესტიციაა აქაც არის ჩადებული.
- 11 მდინარის აუზში ჩავატარეთ ბუნებრივი საფრთხეების კვლევები და ამის საფუძველზე გაკეთებულია რუკები.
ასე რომ, როდესაც რაღაცას ვამბობთ, როგორც წესი, ამას ვაკეთებთ ხოლმე. ბევრი რამ გავაკეთეთ ქვეყანაში, რათა მათ შორის ჰიდრომეტეოროლოგიური სისტემები გაძლიერებულიყო და მონიტორინგის საშუალება ყოფილიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, რაც არ უნდა გავაკეთოთ, შეიძლება უსუსური ვიყოთ მსგავსი ტიპის სტიქიური უბედურების წინაშე. ასეც მოხდა, ადამიანების მსხვერპლი მივიღეთ, ამას არაფერი გამოასწორებს. ტრაგედიის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ასეთი თემებით სპეკულირება ამორალური და უპასუხისმგებლოა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
2018 წელს დავიტაშვილი აცხადებდა, რომ 2-3 წელიწადში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე იქნებოდა ადრეული გაფრთხილების გამართული სისტემა.
რაჭაში, შოვში, სტიქიის ზონაში, მეხუთე დღეა, სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოს შოვში მეწყრის ჩამოწოლას მოჰყვა მსხვერპლი და ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ზონაში მოყოლილ ადამიანებს. ბოლო ცნობებით, სტიქიას შოვში 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თვალი მიადევნეთ მოვლენების განვითარებას სტიქიის ზონიდან „ნეტგაზეთის“ განახლებად მასალაში: