ახალი ამბები

თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხისთვის სანქციები მკაცრდება

24 ივნისი, 2022 • 741
თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხისთვის სანქციები მკაცრდება

პარლამენტმა თბილისში მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ თვითნებური გაჩეხისთვის დაწესებული სანქციების გაზრდას მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტით დაისჯება “მცენარეების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევაც”.

შესაბამისი ცვლილებები შევიდა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” კანონში.

მწვანე ნარგავების თვითნებური გაჩეხისთვის ამჟამად 500-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა კი 1000-ლარიანი ჯარიმით ისჯება.  საკანონმდებლო ცვლილებებით 500- ლარიანი ჯარიმა იცვლება  5 000 ლარით, ხოლო 1000- ლარიანი — 10 000 ლარით.

“ასევე, საკანონმდებლო პაკეტით შემოდის სანქცია იმ პირთათვის, ვინც უკანონო ფიტოსანიტარულ დასკვნას გასცემს ხე-მცენარეებთან დაკავშირებით, რაც ავტომატურად ხდება ხე-ნარგაობების გარემოდან ამოღების წინაპირობა”, — აღნიშნულია პარლამენტის განცხადებაში.

ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის, დეპუტატ მაია ბითაძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტით შემოდის ახალი მექანიზმი, რომელიც ითვალისწინებს სანქციის დაწესებას იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ დგინდება მწვანე ნარგავის სახეობა. მისივე თქმით, უცვლელი რჩება ზიანის და კომპენსაციის ნაწილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი