ახალი ამბებიეკონომიკა

კახა კალაძე: შეთანხმება “გაზპრომთან” მიღწეულია

5 მარტი, 2016 • 1767
კახა კალაძე: შეთანხმება “გაზპრომთან” მიღწეულია

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის. 

საუბარია სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის საფასურზე – საქართველო აქამდე არსებული კონტრაქტით გატარებული ბუნებრივი აირის 10%-ს იღებს. თუმცა, როგორც საქართველოს მთავრობა აცხადებდა “გაზპრომი” ამ საფასურის მონეტიზაციას ითხოვდა, რასაც საქართველო არ ეთანხმებოდა.

“შეთანხმება გაზპრომთან მიღწეულია, დარჩა მხოლოდ ხელმოწერა. ვრჩებით იმ კონტრაქტის ფარგლებში, რაც წლების განმავლობაში იყო. გატარებული გაზის 10%-ს ნედლეულის სახით მივიღებთ. რაც შეეხება მომავალ წელს, დაველოდოთ, მომავალ წელს უკვე უფრო მყარი პიზიციებით ვიქნებით”- განაცხადა კახა კალაძემ 5 მარტს ბორჯომში ჟურნალისტებთან საუბრისას. კომენტარს ტელეკომპანია “იმედი” ავრცელებს. 

4 მარტს ენერგეტიკის მინისტრისთვის უცნობი იყო “გაზპრომის” თანხმობის შესახებ. კალაძემ 4 მარტს განაცხადა, რომ მოლაპარაკებები “გაზპრომთან ” დასრულებული არ იყო  გაზის სომხეთში გატარების სანაცვლოდ მიღებულ ბუნებრივ აირთან დაკავშირებით.

“გაგაცნობთ შეთავაზების პირობებს, რომლებიც იქნა ქართული მხარისგან გაჟღერებული. ეს არის: დავრჩეთ ისევ იმ ძველი კონტრაქტის პირობებში, ანუ ისევ 10% მივიღოთ ნედლეულის სახით ბუნებრივი აირი”, – აცხადებდა მინისტრი 4 მარტს.

საქართველო გასული წლიდან მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსულ სახელმწიფო კომპანია “გაზპრომთან” გაზის დამატებით მოცულობის მიღებასა და რუსეთიდან სომხეთში გაზის გატარების სანაცვლოდ მიღებული გატარებული გაზის 10% -ის მონეტიზაციაზე.

“გაზპრომთან” მოლაპარაკებების გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს  საზოგადოების ნაწილი და ოპოზიცია,  რადგან მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულებას გაზრდის, რაც საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვის.

4 მარტს საქართველომ ხელი მოაწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანულ “სოკართან” ბუნებრივი აირის დამატებით 500 მილიონი კუბური მეტრის მოწოდებაზე, რაც საქართველოს ხელისუფლების განცხადებით იმას ნიშნავს, რომ ბუნებრივი აირის გაზრდილი მოხმარების დროს საქართველოს აღარ დასჭირდება მისი შესყიდვა “გაზპრომისგან”, რაზეც მანამდე იყო საუბარი.

“არა გაზპრომს”

6 მარტს “ნაციონალური მოძრაობა”  გაზპრომთან მოლაპარაკებების გამო თბილისში აქციას გეგმავს. აქცია “არა გაზპრომს” გულისხმობს  ცოცხალ ჯაჭვის შექმნას მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის ყოფილი საელჩოს შენობამდე.

ნაციონალურმა მოძრაობამ აქცია რამდენიმე კვირის წინ დააანონსა და ინტენსიურად ავრცელებს ვიდეომიმართვებს აქციასთან დაკავშირებით.   გუშინ, მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერა “სოკართან” დამატებით 500 მლნ კუბური მეტრის გაზის მიღებაზე და განაცხადა, რომ “გაზპრომიდან”  დამატებითი ბუნებრივი აირის მიღების საჭიროება აღარ არსებობს, ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ აქციას არ გააუქმდება:

“საზოგადოების ძალისხმევის შედეგად აზერბაიჯანი  კვლავ რჩება მთავარ მომწოდებლად და, შესაბამისად, ის რისკები, რაც არსებობდა “გაზპრომთან” შეთანხმების შემთხვევაში, აღარ არსებობს. ამასთანავე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ 6 მარტს აუცილებელია იმ აქციის გამართვა, რომელიც დაგეგმილი იყო “ნაციონალური მოძრაობის” მიერ, რადგან ეს რომელიმე პარტიის გამარჯვება კი არ არის, არამედ ხალხის ძალისხმევის შედეგად მიღწეული წარმატებაა და ამიტომ 6 მარტს ეს დემონსტრაცია მაინც შედგება”, – განუცხადა 4 მარტს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა.

მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოლაპარაკებებს აწარმოებს “გაზპრომთან” დამატებითი ბუნებრივი აირის მიღებაზე, თიბილისში რამდნეიმე აქცია გაიმართა.

“არა გაზპრომს” - თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

“არა გაზპრომს” – თბილისში გაზპრომთან მოლაპარაკებების წინააღმდეგ აქცია -კონცერტი გაიმართა. 16/01/2016 თბილისი, საქართველო. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი


საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მოხმარება

საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მოხმარება 2012-15 წლებში; წყარო: 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ფრაქცია "რესპუბლიკელების" კითხვებზე მიწოდებული ინფორმაცია

საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მოხმარება 2012-15 წლებში; წყარო: 2015 წელს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ფრაქცია “რესპუბლიკელების” კითხვებზე მიწოდებული ინფორმაცია

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, 4 მარტს “სოკართან” გაფორმებული ხელშეკრულებით მისაღები 500 მლნ კუბური მეტრი გაზი ზემოთ მოყვანილ ცხრილში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია “სოკარის” მაჩვენებელს დაემატება. 2015 წელს საქართველომ “სოკარისგან” სულ 1.483  მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიიღო, თუმცა უცნობია ჯამში რა ოდენობის ბუნებრივი აირის მოწოდებას ითვალისწინებდა ხელშეკრულება საქართველოსა და აზერბაიანს შორის, რომელიც 2011 წელს გაფორმდა და 2030 წლამდეა ძალაში.

ვალიშვილი “ნეტგაზეთთან” 4 მარტს მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ  პარასკევს გაფორმებული ხელშეკრულება ფაქტობრივად არის რეზერვი, რომელიც გაზის მოხმარების გაზრდის შემთხვევაშიც სრულიად გამორიცხავს “გაზპრომის საჭიროებას”.

მისი თქმით, “გაზპრომისგან” ბუნებრივი აირის საჭიროება აღარ დადგება იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საქართველო იძულებული გახდება, რომ დათანხმდეს გაზპრომის მოთხოვნას სომხეთში გატარებული ბუნებრივი აირის ტრანზიტის 10%-ის მონეტიზაციაზე. თუმცა 5 მარტს ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ “გაზპრომთან” შეთანხმება მიღწეულია და ხელშეკრულებაში, რომელსაც გაზპრომთან გააფორმებენ, კვლავ ძველი პირობები დარჩება – ანუ საქართველო მიიღებს ბუნებრივ აირს სომხეთისთვის გატარებული გაზის 10% მონეტიზაციის ნაცვლად, რასაც ითხოვდა “გაზპრომი”.

მასალების გადაბეჭდვის წესი