რასიზმი, კლიმატის ცვლილება, ლგბტ თემი – პოლიტიკური შინაარსის განცხადებები ოსკარზე

ლოს ანჯელესში, ამერიკული კინოაკადემიის რიგით 88-ე დაჯილდოების ცერემონიისათვის გაშლილ წითელი ხალიჩაზე უკვე გაიარეს და გამარჯვებულებიც გამოავლინეს. 24 სხვადასხვა კატეგორიაში წარდგენილმა კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა ჯილდოსათვის მათთვის გამოყოფილ 45 წამში მადლობაც გადაიხადეს, თუმცა ყველას საკუთარი სიტყვა მხოლოდ მშობლების ან კოლეგებისათვის მადლიერების გამოსახატად არ გამოუყენებია. არც შოუს წამყვანი აღმოჩნდა რასიზმის თემის მიმართ გულგრილი.

დაჯილდოებას წინ უსწრებდა კამპანია #OscarIsSoWhite – ბოიკოტი ცერემონიას ნომინაციის გარეშე დარჩენილმა აფროამერიკელმა მსახიობებმა და რეჟისორებმა გამოუცხადეს, რაც ამჯერად ცერემონიის მასპინძელსა და წამყვანს, ასევე აფროამერიკელ კრის როკს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აკისრებდა. ზოგიერთი მას წამყვანობაზე უარის თქმისკენაც კი მოუწოდებდა. როკმა დოლბის თეატრის სცენა ყველასათვის პასუხის გასაცემად გამოიყენა.

“არის თუ არა ჰოლივუდი რასისტი? დიახ, მართალი ხართ, არის,” – განაცხადა როკმა და დამსწრე საზოგადოებას თეთრ სახლში, პრეზდენტ ბარაკ ობამასათან საკუთარი ვიზიტის შესახებ უამბო, სადაც შეკრებილი ყველაზე ლიბერალი “თეთრი ადამიანები” სწორედ ისინი იყვნენ, ვინც აფროამერიკელ მსახიობებს არ ასაქმებენ. კრის როკი კინოაკადემიას სთავაზობს ახალ კატეგორიას “საუკეთესო შავი მეგობარი”, რადგან სხვა ნომინაციებში მათთვის ადგილი ვერ გამონახა.

“ეს უკვე 88-ე დაჯილდოების ცერემონიაა და ალბათ “არც ერთი ნომინაცია აფროამერიკელებს” შემთხვევა მინიმუმ 71-ჯერ მაინც მოხდა. უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხდებოდა 50-იანებში, 60-იანებში, იმ წლებში, როდესაც სიდნი პუატიე არ იღებდა ფილმებს. აფროამერიკელი ხალხი ამას არ აპროტესტებდა იმიტომ, რომ მათ ნამდვილი პრობლემები ჰქონდათ იმ დროს. დაკავებულები ვიყავით სხვა საქმით, რადგან გვაუპატიურებდნენ და ლინჩის წესით გვსჯიდნენ, ამიტომ არ გვადარდებდა, ვინ მიიღებდა ნომინაციას საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისთვის,” – განაცხადა კრის როკმა.

მსახიობის თქმით, აფროამერიკელებს არ სჭირდებათ პრივილეგიები, არამედ თანასწორი შესაძლებლობები – მათ სჭირდებათ შანსი. შოუს განმავლობაში კრის როკმა არაერთი სკეჩი გამოიყენა საკუთარი მოსაზრების უკეთ გამოსახატად.

ჯილდოს მისაღებად პირველები სცენაზე საუკეთესო სცენარისათვის გამაჯვებული ფილმის “ყურადღების ცენტრში” სცენარისტები ავიდნენ. ეს ფილმი მოგვიანებით უკვე წლის საუკეთესო მხატვრულ ფილმადაც დაასახელეს. მათ გამარჯვება ფილმის რეალურ გმირებს, ჟურნალისტებს მიუძღვნეს, რომლებმაც მნიშველოვანი საქმე გამოიძიეს. ფილმის ავტორებმა რომის პაპ პრანცისკეს მოუწოდეს, დაიცვას ბავშვები და აღადგინოს ხალხში დაკარგული რწმენა.

გაცილებით ხმამაღალი აღმოჩნდა “დიდი შემცირების” სცენარისტის ადამ მაკქეის სიტყვით გამოსვლა. მისი თქმით, თუ არ გვინდა, სახელმწიფო ფულმა აკონტროლოს, მაშინ ნუ დავუჭერთ მხარს ისეთ კანდიდატებს, რომლებიც კაპიტალს ბანკების ან ნავთობის დახმარებით აგროვებენ, ან არიან “სულელი მილიარდერები”.

კოსტუმების დიზაინერი ჯენი ბივენი კვლავ აკადემიის ფავორიტი გახდა. მას უკვე 10 ნომინაცია აქვს მიღებული და ამჯერადაც ოქროს ფიგურის მისაღებად სცენაზე დრესკოდისთვის სრულიად შეუფერებელი ტანისამოსით გამოჩნდა. ეს მისი დამახასიათებელი შტრიხია. ბივენის გამარჯვებას ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს (BAFTA) ცერემონიაზე და მასპინძლის, კომიკოს სტივენ ფრაის რეპლიკას მის ჩაცმულობაზე ინტერნეტსივრცეში სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. საბოლოოდ ფრაიმ სოციალური ქსელების ანგარიშები გააუქმა. ჯენიმ სამადლობელ სიტყვაში ყველას სთხოვა, რომ ერთმანეთის მიმართ უფრო გულკეთილები იყვნენ. ასევე, იმედი გამოთქვა, რომ ფილმის, “შეშლილი მაქსის” სიუჟეტი წინასწარმეტყველური შინაარსის არ აღმოჩნდება და საზოგადოება გარემოს გაუფრთხილდება.

მსახიობი მორგან ფრიმენი წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ასახელებს. ფოტო: EPA

მსახიობი მორგან ფრიმენი წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ასახელებს. ფოტო: EPA

წელს საუკეთესო ანიმაციური ფილმი “თავდაყირა” გახდა. ფილმის ავტორებმა მოზარდების პრობლემებსაც დაუთმეს ყურადღება. “ეს ფილმი ჩვენი შვილების წყალობით დაიბადა. თუ ახლა ხართ უფროსკლასელი, თქვენ შეიძლება სევდიანიც იყოთ, ან გაბრაზებული, ან შეშინებული – ამას ჩვენ არ ვირჩევთ; თუმცა შეგიძლიათ ბევრი რამ აკეთოთ: გადაიღოთ ფილმები, დახატოთ, შექმნათ და აქციოთ სამყარო უკეთეს ადგილად,” – აღნიშნა რეჟისორმა პიტ დოქტერმა, რომელმაც იმუშავა სტუდია პიქსარის ისეთ ფილმებზე, როგორებიცაა “ვოლი”, “სათამაშოების ისტორია”, “მონსტრების კორპორაცია”, “მფრინავი სახლი”.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ტიტული წელს პაკისტანურმა პროექტმა დაიმსახურა. “გოგონა მდინარეში: მიტევების ფასი” იმ შეყვარებულ ქალებზე გვიამბობს, რომლებსაც ამისათვის სიკვდილით სჯიან. ფილმის ავტორის, შარმინ ობაიდ-ჩინოის თქმით, ფილმის გავრცელების შემდეგ პაკისტანის პრემიერ-მინისტრისაგან პირობა მიიღო, რომ კანონის შეცვლაზე იფიქრებს. “ეს არის ფილმების ძალა,” – განაცხადა რეჟისორმა.

მსახიობები ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი ოსკარის წითელ ხალიჩაზე. ფოტო: EPA

მსახიობები ლეონარდო დიკაპრიო და ქეით უინსლეტი ოსკარის წითელ ხალიჩაზე. ფოტო: EPA

ლგბტ თემის უფლებებზე სასაუბროდ გამოიყენა თავისი 45 წამი ბრიტანელმა მომღერალმა სემ სმიტმა, რომელსაც ოსკარი ბონდის ფილმში გამოყენებული სიმღერისათვის Writing on the Walls გადაეცა: “მე მინდა ეს გამარჯვება ლგბტ თემს მივუძღვნა. მე ვდგავარ აქ, ამაყი გეი კაცი და იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს ყველა დავდგებით ერთმანეთის გვერდით, როგორც თანასწორები.” თუმცა სემს ეგონა, რომ ის პირველი ღიად გეი კაცია, რომელმაც ოსკარი მიიღო და ამის გამო სცენარისტ დასტინ ლენსის გულისწყრომაც გამოიწვია, რომელმაც ჯილდო 2009 წელს, ჰარვი მილკის შესახებ გადაღებული ბიოპიკისათვის მიიღო.

ამერიკული კინოაკადემიის აზრით, ალეხანდრო ინარიტუ წლის საუკეთესო რეჟისორია. მექსიკელი რეჟისორი სცენიდან რასიზმის პრობლემას გამოეხმაურა. “ჩვენი თაობისათვის დიდი პატივია, რომ ვთავისუფლდებით ძველი ცრურწმენებისაგან. მჯერა, რომ ერთხელ და სამუდამოდ კანის ფერი გახდება ისეთივე უმნიშვნელო, როგორც თმის სიგრძე.”

საღამოს კულმინაცია იყო ლეონარდო დიკაპრიო და მისი დიდი ხნის ნანატრი ჯილდო. გარდა იმისა, რომ მსახიობმა მადლობა გადაუხადა ფილმის რეჟისორს, ალეხანდრო ინარიტუს და მეგობარს, ტომ ჰარდის,  ასევე ისაუბრა კლიმატის ცვლილების შესახებ.

“ბოლოს მინდა ერთი რამ ვთქვა: “რევენანტი” ეს არის ადამიანის ურთიერთობა ბუნებასთან. 2015 წელი ყველაზე ცხელი წელი იყო კაცობრიობის ისტორიაში. ჩვენს გადამღებ ჯგუფს პლანეტის სამხრეთში მოუწია წასვლა, რომ თოვლი გვეპოვა. კლიმატური ცვლილება რეალური პრობლემაა. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც დღეს ყველა აწყდება. ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ შეთანხმებულად და არ უნდა გადავდოთ საქმე. ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მსოფლიო ლიდერებს. მათ, ვინც არ თანამშრომლობს დიდ კორპორაციებთან, არამედ მუშაობს მსოფლიოსათვის, მილიარდობით დაჩაგრული ადამიანისათვის, რომლებსაც ყველაზე მეტად ეხებათ პრობლემა; ჩვენი შემდეგი თაობებისავის, რომელთა ხმაც პოლიტიკოსთა სიხარბის გამო ჩაახშეს. ნუ მივიღებთ ჩვენს პლანეტას, თითქოს ამას უბრალოდ ვიმსახურებთ,” – განაცხადა მსახიობმა.

კარიერაში პირველი ოსკარი მიიღო ლეგენდარულმა იტალიელმა კომპოზიტორმა ენიო მორიკონემ კვენტინ ტარანტონის ფილმისათვის “საძულველი რვა” შექმნილი მუსიკისათვის. რიგით მესამე ოსკარი გადაეცა ემანუელ ლუბეცკის საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრისათვის ფილმისათვის “რევენანტი”. დაჯილდოების ცერემონია 6 ოსკარით ხელში დატოვეს “შეშლილი მაქსის” შემქმნელებმა.

ნომინანტთა წარსადგენად კი სცენაზე არა მხოლოდ მსახიობები გამოჩნდნენ, არამედ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელმაც ლედი გაგას მუსიკალური ნომერი დააანონსა. მომღერალმა კომპოზიცია სექსუალური ძალადობის შესახებ შეასრულა. ეკრანზე გამოჩდნენ ასევე მაყურებლისათვის კარგად ცნობილი მინიონები – ბობი, კევინი და სტუარტი, სათამაშოების ისტორიიდან კი, ვუდი და ბაზ ლაითერი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი