ახალი ამბებიხელოვნება

ოსკარის 96-ე დაჯილდოების გამარჯვებულები

11 მარტი, 2024 • 2409
ოსკარის 96-ე დაჯილდოების გამარჯვებულები

ოსკარების 96-ე დაჯილდოების ტრიუმფატორი  გახდა „ოპენჰაიმერი”.

11 მარტს ლოს-ანჯელესში გაიმართა ამერიკული კინოაკადემიის რიგით 96-ე დაჯილდოების ცერემონიალი. „ოპენჰაიმერი” აღმოჩნდა ფილმი, რომელმაც შეძლო მოეპოვებინა ყველაზე მეტი, 7 ჯილდო. ნოლანის ფილმი გამარჯვებული გახდა ნომინაციებში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელი (კილიან მერფი), მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელი (რობერტ დაუნი უმცროსი), საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი, საუკეთესო მონტაჟი და საუკეთესო მუსიკა.

კილიან მერფი გახდა პირველი ირლანდიელი კაცი, რომელმაც კაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის მიიღო ოსკარი.

ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოსკარი მოიპოვა ემა სტოუნმა, იორგოს ლანთიმოსის ფილმში  „საბრალო არსებები” (Poor Things) განსახირებული როლისთვის. ლანთიმოსის ფილმმა ასევე მოიგო ჯილდოები ნომინაციებში: საუკეთესო კოსტუმი, საუკეთესო მაკიაჟი და თმა და საუკეთესო დიზაინი.

ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო გადაეცა და’ვინ ჯოი რენდოლფს ფილმში “The Holdovers”  შესრულებული როლისთვის.

მარცხნიდან: რობერტ დაუნი უმცროსი, და’ვინ ჯოი რენდოლფი, ემა სტოუნი და კილიან მერფი ოსკარებით. EPA-EFE/ALLISON DINNER

საუკეთესო უცხოურენოვან ფილმად დასახელდა ჯონათან გლეიზერის „ინტერესის ზონა”. ფილმმა ასევე გაიმარჯვა ნომინაციაში – საუკეთესო ხმა.

ჯონათან გლეიზერი და მისი გუნდი ოსკარის აღებისას. ფოტო:EPA-EFE/CAROLINE BREHMAN

საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის პრიზი გადაეცათ ჟუსტინ ტრიეს და არტურ ჰარარის ფილმისთვის „დაცემის ანატომია”., ხოლო საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის ოსკარი დაიმსახურა ფილმმა – „ამერიკული ფიქცია” (“American Fiction”).

საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად დასახელდა „20 დღე მარიუპოლში”.  წაიკითხეთ მსტისლავ ჩერნოვის სიტყვა„ვისურვებდი, არასდროს გადამეღო ეს ფილმი“.

მსტისლავ ჩერნოვი და მისი გუნდი ოსკარის აღებისას. ფოტო: EPA-EFE/CAROLINE BREHMAN

საუკეთესო ანიმაციად დასახელდა ჰაიაო მიაძაკის „ბიჭი და ყანჩა”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი