ომბუდსმენი საჯარო რეესტრის შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი საჯარო რეესტრის შესახებ კანონის ცვლილების პროექტს უარყოფითად აფასებს და სახელმწიფო საკუთრებად მიწების რეგისტრაციისას პროცესის მეტ გამჭვირვალეობას ითხოვს.

სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებულია უძრავი ქონების ინვენტარიზაციისა და სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის პროცესი. სახალხო დამცველის შეფასებით, იმ პირობებში, როდესაც დღემდე მოუგვარებელია მიწის/უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული არაერთი საკითხი/პრობლემა, სახელმწიფოს მიერ მსგავსი პროექტის დაწყება და განხორციელება ყოველგვარი საჯარო განხილვებისა და საზოგადოების წინასწარი ინფორმირების გარეშე საფრთხის ქვეშ აყენებს სახელმწიფოს მიერ რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებისა თუ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების მქონე პირების საკუთრების უფლებას.

”სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი არაერთი საქმე ადასტურებს, რომ უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვის შემდეგ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო კერძო პირებს უარს ეუბნება საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი. უფრო მეტიც, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გაკეთებული განცხადების საპირისპიროდ უნდა ითქვას, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კერძო პირთა საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების იდენტიფიცირების სრულფასოვანი მექანიზმი, რაც წარმოშობს მაღალ რისკს იმისათვის, რომ სახელმწიფოზე რეგისტრირებული აღმოჩნდეს ქონება, რომელიც კერძო პირთა მართლზომიერ მფლობელობაშია,” – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

ახალი კანონპროექტი ”საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე საქართველოს პარლამენტს 2015 წლის 16 დეკემბერს წარედგინა. კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, ავტორი კი – საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. კანონპროექტის მიხედვით, უძრავ ნივთზე, რომელზეც საჯარო რეესტრში დაცული მონაცემებით არ დასტურდება სხვა პირის საკუთრების/მართლზომიერი მფლობელობის უფლების არსებობა, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის საფუძველზე სახელმწიფოს საკუთრების უფლება რეგისტრირდება. სააგენტო ასევე უფლებამოსილია, რეგისტრაციასთან ერთად, სულ მცირე 1 წლის განმავლობაში მოითხოვოს ნივთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა (აკრძალვის უფრო ხანგრძლივად მოქმედება დამოკიდებულია სააგენტოს მხრიდან ნების გამოვლენაზე). აკრძალვის მოქმედების მიუხედავად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს სახელმწიფოს საკუთრების უფლება დაინტერესებული პირის განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტის საფუძველზე. კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების პროექტის მიღება განაპირობებს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის დასრულების სტიმულირებას.

სახალხო დამცველის განცხადებით, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის დასრულებული უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესი. ომბუდსმენის შეფასებით, ყველა იმ პირს, რომელსაც კონკრეტულ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების/მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტები გააჩნიათ, საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში ჯერ კიდევ არა აქვთ რეგისტრირებული: ”ამის უმთავრესი მიზეზი, აღნიშნული დოკუმენტების ხარვეზებით გაცემასთან ერთად (მიწის ზუსტი ადგილმდებარეობისა და ფართობის მიუთითებლობა და სხვა), არის ასევე მძიმე სოციალური ფონი და რეგისტრაციისათვის საჭირო თანხების უქონლობა (რეგისტრაციის საფასური, საკადასტრო–აზომვითი ნახაზის შედგენის ღირებულება). აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ამ კუთხით რაიმე შეღავათს სოციალურად დაუცველი პირებისთვისაც, რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს. სახელმწიფოს ყოველი ნაბიჯი და ძალისხმევა სწორედ ამ რეალური პრობლემების მოგვარებისაკენ უნდა იყოს ორიენტირებული, ნაცვლად ახალი დაბრკოლებების შექმნისა.”

საქართველოს სახალხო დამცველი კანონპროექტიდან გამომდინარე კონკრეტულ რისკებსა და საფრთხეებზე ამახვილებს ყურადღებას; კერძოდ:

  1. საკუთრების ან მართლზომიერი მფლობელობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ყოველთვის საჯარო რეესტრში (მათ შორის, ტექბიუროს არქივში) არ არის დაცული (საკომლო წიგნები, მიღება–ჩაბარების აქტები, საგადასახადო სიები, მებაღის წიგნაკები და სხვა), ხოლო იმ შემთხვევებში, როდესაც ეს დოკუმენტაცია საჯარო რეესტრში დაცულია, პრაქტიკაში ყოველთვის არ/ვერ ხდება მათი დროული იდენტიფიცირება, რაც სერიოზულ პრობლემებს წარმოშობს. უფრო მეტიც, კანონპროექტიდან არ ჩანს, საჯარო რეესტრში დაცული რომელი მონაცემების გადამოწმება მოხდება მიწის რეგისტრაციის მოთხოვნით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართვის შემთხვევაში, რადგან ელექტრონული მონაცემების გარდა, სხვა დოკუმენტების (ე.წ. ქაღალდის ვერსიების) სისტემატიზაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დასრულებული არ არის;
  2. საკუთრების მოწმობისა თუ მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაშიც არსებობს იმის რისკები, რომ უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ვერ მოხდეს აკრძალვის მოქმედების გამო;
  3. დაინტერესებული პირის მხრიდან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის მიმართვისა და სახელმწიფო საკუთრების სრულად ან ნაწილობრივ გაუქმების შესაძლებლობა არ არის მყარი და გარანტირებული, ვინაიდან მისი რეალიზება დამოკიდებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დისკრეციაზე;
  4. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნივთის განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვის მოთხოვნა ასევე დამოკიდებულია სააგენტოს სრულ დისკრეციაზე და რაიმე კრიტერიუმები ან წინაპირობები კანონპროექტში გაწერილი არ არის;
  5. კანონპროექტი აჩენს რისკს, სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდეს ის, რასაც ორგანული კანონი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებად მიიჩნევს.

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, აღნიშნული კანონპროექტი არ ემსახურება უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციის კუთხით არსებული პრობლემების გადაწყვეტას, პირიქით, სერიოზულ ზიანს მიაყენებს საქართველოში საკუთრების უფლების რეალიზაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი არ უნდა იქნეს გაზიარებული საქართველოს პარლამენტის მიერ.

ომბუდსმენის განცხადებით, ამ კანონპროექტის მიმართ არსებული არაერთი ლეგიტიმური კითხვის არსებობის პირობებში, სახელმწიფოს მიერ უძრავი ქონების საკუთრებაში რეგისტრაციის პროცესის დაწყება კიდევ უფრო სახიფათოა ქვეყანაში საკუთრების უფლების რეალიზების თვალსაზრისით.

საქართველოს სახალხო დამცველი დაინტერესებას გამოხატავს ამ პროცესის მიმართ, დეტალურად შეისწავლის გავრცელებულ ინფორმაციას და შესწავლის შედეგებს გააცნობს როგორც სახელმწიფო უწყებებს, ასევე, ფართო საზოგადოებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.