ახალი ამბები

საია: 2015 წელს საქართველოში არაფორმალური მმართველობის გავლენა კვლავ გამოწვევად რჩება

10 დეკემბერი, 2015 • 1817
საია: 2015 წელს საქართველოში არაფორმალური მმართველობის გავლენა კვლავ გამოწვევად რჩება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2015 წელს საქართველოში ადამიანის უფლებადა დაცვის მდგომარეობის შესახებ შეფასებას აქვეყნებს. შეფასებაში აღნიშნულია, რომ ვერ იქნა შსს–ს, პროკურატურისა და სასამართლოს პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, დამოუკიდებლობა და ეფექტურობა, ასევე, გამოწვევად რჩება არაფორმალური მმართველობის გავლენა და სეკულარიზმის პრინციპის არასათანადო პატივისცემა.

საიას თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ არაფორმალური მმართველობა არის მოვლენა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, ანგარიშვალდებულობას, დემოკრატიულობას, კარგი მმართველობის პრინციპს და მმართველობაში გამჭვირვალეობის ვალდებულების არსებობას.

“ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე ძალიან ცუდია როდესაც არაფორმალური გავლენები იკვეთება. ნათელია, რომ თუნდაც ინტერვიუების დონეზე, რომელსაც აძლევს არაფორმალური მმართველიც და ფორმალური მმართველებიც, აშკარაა, რომ ეს გავლენები არსებობს,”– განაცხადა მან.

შეფასების დოკუმენტში მიმოხილულია ის საკითხები, რომლებზეც საია 2015 წლის განმავლობაში მუშაობდა.

კერძოდ, საუბარია, რომ 2012 წლის შემდეგ არასათანადო მოპყრობა აღარ წარმოადგენს სისტემურ პრობლემას, თუმცა, კვლავაც მწვავედ დგას როგორც სასჯელაღსრულების სისტემაში, ასევე პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი არასათანადო მოპყრობის შემთხვევების არაეფექტური გამოძიება.

სასამართლოს დამოუკიდებლობისა და სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებით ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2012 წლამდე პერიოდთან შედარებით, სასამართლოს დამოუკიდებლობის ზრდის ტენდენციაა, თუმცა, კვლავ პრობლემას წარმოადგენს კონკრეტული საქმეები, რომლებშიც იკვეთება არასათანადო გავლენები – მათ შორის, პოლიტიკური ხასიათის – მართლმსაჯულების პროცესზე. საია აღნიშნავს, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობას და საზოგადოების ნდობას სასამართლო სისტემის მიმართ ზიანს აყენებს ასევე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის და დაწინაურების პროცესების გაუმჭვირვალედ წარმართვა.

რაც შეეხება შსს–ს რეფორმას, საია აცხადებს, რომ უწყების ხელში თავმოყრილი ჭარბი ძალაუფლების გათვალისწინებით ინიციატივა პოზიტიურად შეფასდა, თუმცა, იყო არაერთი საკითხი, რომელიც მწვავე კრიტიკის საგნად იქცა.

“უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ერთიანი და სტრუქტურიზებული რეფორმის კონცეფციის არარსებობა, რამაც მთელი რიგი საკითხების უგულებელყოფა გამოიწვა. კერძოდ, პროცესს მიღმა დარჩა ეფექტური შიდა კონტროლის მექანიზმებისა და გენერალური ინსპექციის რეფორმის, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის, ფარული მოსმენების საკითხის მოგვარების, გამჭვირვალობისა და სასამართლო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საჭიროება,”– აღნიშნულია შეფასებით დოკუმენტში.

საია ამბობს, რომ 2015 წელს პრობლემად რჩება საკანონმდებლო ნორმების არარსებობა ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღკვეთისა და დასჯისთვის. მათი განცხადებით, ქალები, რომლებიც განიცდიან გენდერის ნიშნით ძალადობას, კვლავ რჩებიან სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გარეშე, თუ ქმედება არ ექცევა ოჯახში ძალადობის ფარგლებში. ასევე,  მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ სტამბოლის კონვენციის ხელმოწერასთან დაკავშირებით შემუშავდა ვრცელი საკანონმდებლო პაკეტი ძალადობის ყველა ფორმის აღსაკვეთად, პაკეტს კანონის სახე ჯერაც არ მიუღია.

რაც შეეხება ვითარებას მედიის თავისუფლების კუთხით, საია აცხადებს, რომ  2015 წელს ერთდროულად სამ ეროვნულ სატელევიზიო არხთან დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა მედია პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება.

“გაჩნდა დასაბუთებული ეჭვები იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ცდილობდა კონტროლის დამყარებას გავლენიან სატელევიზიო არხებზე. ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის წილებთან დაკავშირებით მიმდინარე დავის ირგვლივ  გაჩნდა არაერთი სერიოზული ეჭვი მოსამართლის დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ. ეჭვები კიდევ უფრო გაამყარა მის მიერ მიღებული განჩინებების დასაბუთების დაბალმა სტანდარტმა, ასევე, პროკურატურაში მოსამართლის ოჯახის წევრისთვის ბრალის წაყენებამ მომხდარი ფაქტიდან 1 წელზე მეტი დროის შემდეგ და პროკურატურის განმარტების დაუსაბუთებლობამ აღნიშნულთან დაკავშირებით. ამავე დავის ფარგლებში პირველი ინსტანციის სასამართლომ შექმნა მედიაში დროებითი მმართველის დანიშვნის უაღრესად საშიში პრეცედენტი, რომელსაც მიანიჭა, სხვა ფართო უფლებამოსილებებთან ერთად, არხის სარედაქციო პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე, ობიექტური და მიუკერძოებელი რეპორტაჟის მეთოდის გამოყენების უზრუნველყოფის უფლებამოსილება. აღნიშნული განჩინება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა”.

შეფასებით ანგარიშში ასევე საუბარია 2015 წელს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების განხორციელებაზეც და აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ამ უფლების საწინააღმდეგოდ აქტიურად იყენებდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლს, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს. პუბლიკაციაში რამდენიმე მაგალითია მოყვანილი, მათ შორის არის იერსახის დამახინჯებისათვის ტელეკომპანია ,,ტაბულას“ ხელმძღვანელ თამარ ჩერგოლეიშვილს, ამავე ტელევიზიის თანამშრომელ ლექსო მაჭავარიანისა და სტუდენტ სალომე ხვადაგიანის დაკავება. ასევე, აღნიშნულია ისიც, რომ სამშენებლო პროექტი ,,პანორამას“ საწინააღმდეგოდ არანორმატიული ლექსიკის შემცველი პლაკატის აქციაზე გამოტანისათვის დააკავეს ,,პარტიზანი მებაღეების“ 10 წევრი და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მისცეს 7 პირი.

შეფასებით ანგარიშში საუბარია შრომით უფლებებზეც და აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება დასაქმებულთა მხრიდან, სამსახურის დაკარგვის შიშით,  მათი უფლებების დაცვის მიზნით, სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებაზე უარის თქმა. საია აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, სათანადო ინსტრუმენტებით აღჭურვილი შრომითი ინსპექცია დროულად ამოქმედდეს.

შეფასების თანახმად, წლის განმავლობაში საზოგადოებისათვის ცნობილმა რამდენიმე პიროვნებამ საჯაროდ გააკეთა განცხადება ხელისუფლების მხრიდან მათი პირადი ცხოვრებისა და საქმიანობის ფარული მიყურადებისა და თვალთვალის თაობაზე, თუმცა, საზოგადოებისთვის უცნობია ამ განცხადებებთან დაკავშირებული გამოძიების შედეგები. გარდა ამისა, საუბარია იმაზეც, რომ ოქტომბერში ტელეკომპანიის ეთერით, ასევე, ზუგდიდისა და თბილისის ცენტრებში საჯაროდ აჩვენეს წამების ამსახველი კადრები, სადაც შესაძლებელი იყო წამების მსხვერპლების იდენტიფიცირება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი