ახალი ამბები

პარფიუმერია და 20%–ანი ოკუპაცია

6 დეკემბერი, 2010 •
პარფიუმერია და 20%–ანი ოკუპაცია

,,საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ“ – ასეთი წარწერა შეიძლება იპოვოთ რომელიმე პარფიუმერული კომპანიის საინფორმაციო ბროშურაზე, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს ინიცირებულ კანონპროექტს.

საკანონმდებლო ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში შედის. ცვლილებების ამჟამინდელი პროექტის მიხედვით, პარფიუმერული კომპანიები ერთადერთი არ იქნებიან, ვინც თავიანთ ბროშურებს თან უნდა დაურთონ ტექსტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

ამ ცვლილებით ნებისმიერი სახის საინფორმაციო ბროშურამ, ინფორმაციის გავრცელების თუ პროდუქციის რეკლამირების გარდა, ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების ისტორიული მეხსიერების გამტკიცებას, რუსეთის მიერ საქართველოს 20%-ის უკოპაციის შესახებ.

,,საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამ ტერიტორიებზე განხორციელებული ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია დაახლოებით 400 ათასი და დაღუპულია დაახლოებით 30 ათასი ადამიანი’’, –

ტექსტი  დაწერილი უნდა იყოს გარკვევით და მკაფიოდ, გამუქებული ასოებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე და თან უნდა ერთვოდეს საქართველოს რუკა ოკუპირებული ტერიტორიების აღნიშვნით.

თუ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში დამატების შეტანის თაობაზე კანონპროექტი ძალაში იმგვარი სახით შევა, როგორც არის ინიცირებული, მაშინ ეს ტექტსი პარფიუმერულ, კავშირგაბმულობის, ტურისტულ კომპანიების, ნებისმიერ მაღაზიის, რესტორნის, ბარის, გამოცემის, უნივერსიტეტის, ფარმაცევტული ნაწარმის, – მოკლედ ყველა ადმინისტრაციული ორგანოს, ფიზიკური და იურიდიული პირის მიერ დაბეჭდილ საინფორმაციო ბროშურას თუ გზამკვლევს აუცილებლად უნდა ეწეროს.

ცვლილებების პროექტის ავტორი და ინიციატორი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დორებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე შოთა მალაშხიაა.

კანონპროექტის ავტორის თქმით, ამ ცვლილებას ორი მიზანი აქვს: 1. საზოგადოებას ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ამ ტერიროტიებზე განხორციელებულია ეთნიკური წმენდა:

,,მე ვფიქრობ, რომ ამაზე საზოგადოებრიობის აზრიც  ცალსახაა, რადგან მათაც  ყოველდღიურად უნდა ახსოვდეთ ის, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. თბილისში შეიძლება ადამიანი ამას ვერ გრძნობს, მაგრამ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ადგილებში ბავშვები, მოხუცები და ადამიანები ამას ყოველდღიურად ხედავენ და მისი სკოლიდან, სახლიდან ჩანს საოკუპაციო ზოლი. იგივე რეჟიმში უნდა იყოს დანარჩენი საქართველოც’’, – ამბობს მალაშხია.

და მეორე, ამან უნდა გაზარდოს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებულობა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. რაც კანონპროექტის ავტორის აზრით, დეოკუპაციის პროცესს შეუწყობს ხელს.

,,კანონპროექტის შემუშავება გამოწვეულია საერთაშორისო საზოგადოებრიობის არასათანადო ინფორმირებულობით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ, რაც გარკვეულწილად აფერხებს დეოკუპაციის პროცესს’’, – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ლუდსახარში მირზაანი საქართველოში 5 რესტორანს აერთიანებს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტნგის სამსახურის ხელმძღვანელი ბეგი ლოგუა განმარტავს, რომ ნაბეჭდი სახის საინფორმაცი ბუკლეტებს რეკლამისთვის კომპანია იყენებს. მისი თქმით, კანონს დაემორჩილება, თუმცა ამბობს, რომ ,,აბსოლუტურად არანაერი შეხება და კავშირი ჩვენს მირზაანის ლანჩ მენიუს საქართველოს ოკუპაციასთან არ აქვს’’. 

პარფიუმერული კომპანია ისიპარის  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ხატია შამუგია ამბობს, რომ ბეჭდური სახის სარეკლამო ბუკლეტებს იშვიათად ამზადებენ. შეკითხვაზე დააწერთ თუ არა ასეთი ტიპის ბუკლეტებს ტექსტს, რომ საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ამბობს, თუ კანონი დაავალდებულებს დააწერს, სხვა შემთხვევაში– არა:

,,ვთვლი, რომ საქართველოს ტერიტორიები და მსოფლიო პარფიუმერია აბსოლუტურად სხვადსხვა თემაა. ეს არის სუნამოების ვიზუალური რეკლამა და არა საქართველოს ისტორიული მიმოხილვა. თუ ჩათვლიან საჭიროდ და მიიღებენ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს, რა თქმა უნდა, მის წინააღმდეგ არ წავალ. მაგრამ ამ წუთას ამას ვერ ვაკავშირებ ივ სენ ლორანთან’’.

მალაშხია ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, კანონპროექტში საპარლამენტო მოსმენებისა და განხილვების შედეგად ცვლილებები შევიდეს.

ჯერ არ არის განსაზღვრული, აუცილებელმა ტექსტმა საინფორმაციო ბუკლეტებში რა ნაწილი უნდა დაიკავოს, ასევე არ არის განსაზღვრული ამ ნორმის დარღვევისთვის რა სანქცია იმოქმედებს.

სანქციის დაწესების ვალდებულებას კანონპროექტი იუსტიციის სამინისტროს აკისრებს. ამ კანონის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში სამინისტრომ უნდა მოამზადოს და  კანონპროექტი პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე ცვლილებების პროექტი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი