ახალი ამბები

ბაქო: გამყოფ ხაზთან აზერბაიჯანის მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა

4 მარტი, 2024 • 1137
ბაქო: გამყოფ ხაზთან აზერბაიჯანის მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, 3 მარტს აზერბაიჯანი-სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის გამყოფ ხაზთან, აღდამის რაიონში, ნაღმზე აფეთქდა მწყემსი, რის შედეგადაც დაიზიანა ორივე ფეხი. 

“სომხეთის მიერ დამონტაჟებული ნაღმები კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება”, – ავრცელებს განცხადებას აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრო. 

2023 წლის ნოემბერში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 2020 წლის 44- დღიანი ომის შემდეგ 960 კვადრატული კილომეტრი დანაღმულია. ბაქოს ცნობითვე, წინასწარი მონაცემებით, ტერიტორია, რომელიც ყარაბაღის ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარებოდა, დანაღმული იყო 2 კილომეტრამდე სიგანისა და 480 კილომეტრის სიგრძის ზოლზე საკონტაქტო ხაზის გასწვრივ.

2022 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში მილიონ ნაღმზე მეტი იყო განლაგებული და ამ მიწების განნაღმვისთვის 30 წელი იქნებოდა საჭირო. ალიევმა სამუშაოების ღირებულება 25 მილიარდ დოლარად შეაფასა.

2022 წლის 11 ივლისს ევროკავშირმა აზერბაიჯანს 4,25 მილიონი ევრო გამოუყო ამ ტერიტორიის განნაღმვისთვის. მანამდე კი დიდმა ბრიტანეთმა ორჯერ გამოყო 500 ათასი ფუნტი სტერლინგი კონფლიქტის ტერიტორიის განნაღმვისთვის.

2023 წლის აგვისტოში აზერბაიჯანის საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიმართეს გაეროს და ევროკავშირს თხოვნით, რომ დაეხმარონ კონფლიქტის ტერიტორიების განნაღმვის საკითხის მოგვარებაში.

2020 წელს ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის მონაცემებით, ნაღმების აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის 346 მოქალაქე დაზარალდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დაიღუპა 65 ადამიანი, აქედან 50 – მშვიდობიანი მოქალაქე და 3 ჟურნალისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი