“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური, ისევე როგორც BBC-ის საგამოძიებო მასალის სხვა მონაწილეები, სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა. სხვების მსგავსად, გიგაურმა უარი თქვა უწყებაში მისვლაზე და საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით დაიკითხა.
დაკითხვის შემდეგ მან ჟურნალისტებს მოუყვა, რა კითხვები ჰქონდა მასთან საგამოძიებო უწყებას.
“დაკითხვა გაგრძელდა დაახლოებით 15-20 წუთი […] კითხვები ეხებოდა იმას, რაიმე ჩემი განათლება უკავშირდება თუ არა სამედიცინო სფეროს, რაც ასე არ არის. შემდეგ საუბარი იყო იმაზე, ავიღე თუ არა ანაზღაურება კომენტარის მიცემაში, რაც, ასევე, გაუგებარი კითხვა იყო ჩემთვის. ვისაუბრე იმაზეც, თუ რას ვფიქრობ “ქართულ ოცნებაზე”. იმ კომენტარებზე, რა კომენტარებსაც, ზოგადად, ვაკეთებ ხოლმე “ქართული ოცნების” ქმედებებთან დაკავშირებით.
მკითხეს, საიდან გავიგე, რომ კამიტი შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. [ვუთხარი, რომ] სტატიიდან, ისევე, როგორც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობამ. მართალი გითხრათ, არ ვიცი, რატომ დამიბარეს. ანუ ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ამაზე ვსაუბრობ საჯაროდ და იმავე პოზიციას ვაფიქსირებ აბსოლუტურად ყველა ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში. მეც გამიკვირდა. რაში შეიძლება გამოადგეთ ეს ყველაფერი, არ ვიცი. ერთი კი შემიძლია ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, მე ჩემი პოზიციების დაფიქსირებას გავაგრძელებ როგორც საერთაშორისო მედიაში, ასევე ადგილობრივ მედიაში”, – განაცხადა ეკა გიგაურმა.
კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა, რომ BBC-ის გამოძიების შემდეგ დაწყებული გამოძიება გამოიყენონ სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, პროტესტში მყოფი რიგითი მოქალაქეებისა წინააღმდეგ, გიგაურმა უპასუხა, რომ ვერაფერს გამორიცხავს.
“ყველაფერი არის შესაძლებელი. იმიტომ, რომ ეს არ არის დამოუკიდებელი სამართალდამცავი ორგანო და დამოუკიდებელი სასამართლო. ამაზე არ არის საუბარი. ყველაფერს ველოდებით, ყველაფერი შეიძლება მათ გააკეთონ. უბრალოდ, საქმე ის არის, რომ ამას ყველაფერს ისინი აკეთებენ იმისთვის, რომ გადაფარონ სავარაუდო დანაშაული. და სავარაუდო დანაშაული არის ის, რომ ქართველი ხალხის და მომიტინგეების წინააღმდეგ იყო გამოყენებული გარკვეული ქიმიური საშუალება […] მთელი წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოება საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რა ტიპის ქიმიური საშუალებები გამოიყენეს მომიტინგეების წინააღმდეგ”, – განაცხადა გიგაურმა.
პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.
„ქართულ ოცნებაში“ BBC-ს ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ, თუმცა ამ დრომდე არ ასახლებენ კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ.
ამავე თემაზე:








