აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, შალვა ხიზანიშვილს “ჯაშუშობის” საქმეზე განაჩენი გამოუტანა.
“ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დავაკავეთ” – აფხაზეთის СГБ
დე ფაქტო სასამართლომ ხიზანიშვილი დამნაშავედ ცნო “აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით (ჯაშუშობა) და 217-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში)”.
განაჩენის თანახმად, შალვა ხიზანიშვილს 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
როგორც აფხაზური მედია წერს, გადაწყვეტილების გასაჩივრება საკასაციო წესით 15 სამუშაო დღის განმავლობაშია შესაძლებელი.
აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, საქართველოს მოქალაქე შალვა ხიზანიშვილი 2025 წლის პირველ ოქტომბერს სოფელ შაშიკუარაში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. უწყების განცხადებით, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოიღეს სამი თოფი საბრძოლო მასალით, სამხედრო ზურგჩანთა, საქართველოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ფულადი სახსრები და საქართველოს ბანკების პლასტიკური ბარათები. ასევე, უწყების თანახმად, ეზოში, ძაღლის ბუნაგში, ნაპოვნი იყო ასაფეთქებელი მოწყობილობა.
აფხაზური მხარის ვერსიით, ხიზანიშვილმა დაკითხვისას დაადასტურა საქართველოს სპეციალურ სამსახურებთან კონტაქტი და განაცხადა, რომ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ერთ-ერთი სასაზღვრო საგუშაგოს ვიდეოგადაღებას ახორციელებდა, რისთვისაც ფულად ანაზღაურებას იღებდა.
საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ საქმეზე საჯარო კომენტარი არ გაუკეთებია.
“ჯაშუშობის” საქმეზე კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენიმე თვის წინაც დააკავა.
სოხუმის ცნობით, აფხაზეთში ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
