„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ შსს-ს მიერ შეძენილი და მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული ნივთიერებები UN3439 ქოლგა კოდის ქვეშ არსებული იყო, თუმცა საუბარი არაა კამიტზე.
„ნივთიერება იყო [წყლის ჭავლში] გარეული, მთავარია, იყო თუ არა ეს ნივთიერება აკრძალული. „კამიტის“ გამოყენებასთან დაკავშირებით პრაქტიკულად მტკიცებითი ფორმით საუბრობდა BBC, თუმცა შსს-მ უკვე დაადასტურა, რომ არათუ არ გამოყენებულა ეს ნივთიერება, არც არასდროს შეუძენია შსს-ს, მათ შორის ნაცმოძრაობის რეჟიმის პირობებში“, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, გაეროს UN3439 ქოლგა კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არ აკრძალული ნივთიერებები.
„იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული“,— ირწმუნება კობახიძე.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ სხვა ნივთიერებები შეიძლება იყო გამოყენებული ადამიანების წინააღმდეგ, კობახიძემ უპასუხა: „რა თქმა უნდა — არააკრძალული ნივთიერებები“.
კობახიძე ადასტურებს, რომ UN3439 კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ.
„შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები“, — განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ „სავარაუდოდ 2024 წლის აქციების დროსაც იქნებოდა ეს ნივთიერებები გამოყენებული“.
„კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან უდიდესი ნაწილი არ არის აკრძალული. კოდი საერთოდ არაფერს არ იძლევა“, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, გამოძიება დაადგენს, რაიმე აკრძალული ნივთიერება იყო თუ არა შეძენილი „ვანო მერაბიშვილის დროს“.
კობახიძის განცხადებიდან ირკვევა, რომ შსს-მ არ იცის და ახლა არკვევს, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას, თუმცა უკვე ზუსტად იცის, რომ ეს არ იყო კამიტი.
„ანალიზი დაადგენს, ეს ფხვნილი შეიცავდა თუ არა აკრძალულ ნივთიერებას… შსს-ს ექნებოდა ინფორმაცია, რომ აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავდა ეს ფხვნილი, თუმცა ყველაფერს გადახედავს გამოძიება… ადვილია უფრო მეტად, რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა-არარსებობა ფხვნილში, ვიდრე შეისწავლო სრული სპექტრი. უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება „კამიტს“ ეს ფხვნილი არ შეიცავდა. დანარჩენს სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის მედიასაშუალებებს. გამოძიება გაგრძელდება და დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი“, — განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, შეუძლია თუ არა გამორიცხვა, რომ UN3439-ის კოდის ქვეშ არსებული სხვა აკრძალული ნივთიერებებიც არ გამოუყენებიათ, კობახიძე პასუხობს:
„მე ასე მგონია, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, შსს გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის ფხვნილი შეიძინა თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა. თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობია დაველოდოთ გამოძიებას და მის შედეგებს. არ იქნება სერიოზული, გავუსწრო წინ გამოძიებას და გითხრათ, რამდენად აკრძალული ან არააკრძალული ნივთიერებები იყო გამოყენებული“.
კობახიძე ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაშინაც კი, თუ UN3439-ის კოდის ქვეშ არსებული აკრძალული ნივთიერებები იქნა გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ 2024 წელს.
„თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს თეორიულად, ეს არის ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ გამოდის, შეგნებულად შეუძენია კონკრეტული ფხვნილი“, — განაცხადა კობახიძემ.
BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს საქართველოს ხელისუფლებამ ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ დიდი ალბათობით გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი — ბრომობენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite). „ქართული ოცნება” ამ ცნობას აბსურდს უწოდებს და BBC-ის ჩივილით ემუქრება.
BBC-მ მოახერხა განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის 2019 წლის დეკემბრის ინვენტარის ასლის მოპოვება და აღმოაჩინა, რომ ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ ჩამოთვლილი იყო როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
BBC-ის თანახმად, UN1710-ის იდენტიფიცირება მარტივი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი. ეს გამხსნელია, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს, ხოლო UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, საიდანაც ყველა საშიშია. ერთადერთი, რომელიც ამ კოდის ქვეშ ოდესმე გამოყენებულა, როგორც მასობრივი არეულობის სამართავი საშუალება, არის ბრომბენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite) და მოკავშირეების მიერ შეიქმნა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად. აქედან დაასკვნა BBC-მ, რომ საქართველოს მთავრობამაც სწორედ „კამიტი“ გამოიყენა.
„ქართული ოცნება“ კამიტის გამოყენებას უარყოფს, თუმცა ვერ ამბობს, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული და იყო თუ არა ეს UN3439-ის ქოლგა კოდის ქვეშ არსებული სხვა აკრძალული ნივთიერება.
გაეროს საშიში ტვირთების ტრანსპორტირების რეკომენდაციების მიხედვით, UN3439 კოდის ქვეშ ერთიანდება ნიტრილები, მყარი, ტოქსიკური, სხვაგვარად დაუზუსტებელი ნივთიერებების, რომლებიც აკმაყოფილებს სამ კრიტერიუმს:
- არის ნიტრილი.
- არის მყარ მდგომარეობაში (ფხვნილი/კრისტალი);
- არის ტოქსიკური.
BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს








