საზოგადოება

BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს

1 დეკემბერი, 2025 •
BBC-ის გამოძიება: ქართველ დემონსტრანტებს I მსოფლიო ომის დროინდელი ნივთიერება შეასხეს

BBC-ის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, გასულ წელს ანტისამთავრობო მომიტინგეების წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის ეპოქის ქიმიური იარაღი გამოიყენა.

ჟურნალისტების, მაქს ჰადსონის, ოანა მაროჩიჩოსა და სარა ბაკლის საგამოძიებო სტატია დღეს გამოქვეყნდა და ამჟამად BBC-ის მთავარ გვერდზეა გამოტანილი.

ნეტგაზეთი სტატიის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

„იგრძნობოდა, როგორ წვავდა [წყალი]“ ,– განაცხადა ერთ-ერთმა მომიტინგემ, რომელსაც სხვებთან ერთად მიუშვეს წყლის ჭავლი დედაქალაქ თბილისის ქუჩებში. მისი თქმით, ეს შეგრძნება დაუყოვნებლივ არ ქრებოდა.

საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერების წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციების მონაწილეები უჩიოდნენ სხვა სიმპტომებსაც – ქოშინს, ხველებასა და ღებინებას, რაც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.

BBC World Service ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის წევრებს (მამხილებლებს) და ექიმებს. აღმოჩენილი მტკიცებულებები მიუთითებს ისეთი ქიმიური აგენტის გამოყენებაზე, რომელსაც საფრანგეთის სამხედროები „კამიტს“ (camite) უწოდებდნენ.

საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი გამოძიების დასკვნებს „აბსურდული“ უწოდა და განაცხადა, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებდა „ბრუტალური კრიმინალების უკანონო ქმედებების“ საპასუხოდ.

კამიტი საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა პირველი მსოფლიო ომის დროს. ამის შემდეგ მისი გამოყენების შესახებ მცირე დოკუმენტაცია არსებობს, თუმცა ვარაუდობენ, რომ 1930-იან წლებში ამოიღეს მიმოქცევიდან მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შესახებ არსებული შეშფოთების გამო. მის ნაცვლად დაიწყო CS გაზის გამოყენება, რომელსაც ხშირად „ცრემლსადენ გაზს“ უწოდებენ.

კონსტანტინე ჩახუნაშვილი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების პირველ კვირას თბილისში, საქართველოს პარლამენტის წინ მივიდა. დემონსტრანტები აღშფოთებულნი იყვნენ მმართველი პარტიის განცხადებით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების შესახებ. ევროკავშირში გაწევრიანების მიზანი საქართველოს კონსტიტუციაშია გაწერილი.

საქართველოს პოლიციამ საპასუხოდ გამოიყენა სხვადასხვა საშუალება მასობრივი არეულობის სამართავად, მათ შორის წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი (CS) გაზი.

პედიატრი ჩახუნაშვილი, რომელსაც ჭავლით შეისხეს წყალი, ამბობს, რომ მისი კანი დღეების განმავლობაში იწვოდა და ამ შეგრძნების მოშორება წყლით შეუძლებელი იყო. მან აღნიშნა, რომ „წყლით ჩამორეცხვის მცდელობისას [სიმპტომები] უარესდებოდა“.

დოქტორ ჩახუნაშვილს სურდა გაერკვია, განიცდიდნენ თუ არა სხვებიც მსგავს ეფექტებს. მან სოციალური მედიის საშუალებით მიმართა მათ, ვინც ასევე გახდა სამართალდამცავი საშუალებების სამიზნე დემონსტრაციების პირველ კვირას, გამოკითხვის ფორმა შეევსოთ. მას თითქმის 350 ადამიანი დაუკავშირდა და მათგან თითქმის ნახევარმა განაცხადა, რომ 30 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში აწუხებდათ ერთი ან მეტი გვერდითი მოვლენა.

ეს გრძელვადიანი სიმპტომები მოიცავდა თავის ტკივილს, დაღლილობას, ხველას, ქოშინს და ღებინებას.

მისი კვლევა მას შემდეგ რეცენზირდა და მიიღეს გამოსაქვეყნებლად საერთაშორისო ჟურნალში „ტოქსიკოლოგიური მოხსენებები“ (Toxicology Reports).

დოქტორ ჩახუნაშვილის მიერ გამოკითხული 69 ადამიანი ასევე მის მიერ იქნა გასინჯული და მათ გულის ელექტრულ სიგნალებში „ანომალიების მნიშვნელოვნად მაღალი გავრცელება“ აღმოაჩნდათ.

დოქტორ ჩახუნაშვილის ანგარიშმა დაადასტურა ის დასკვნა, რომელზეც ადგილობრივი ჟურნალისტები, ექიმები და სამოქალაქო უფლებების ორგანიზაციები მივიდნენ – რომ წყლის ჭავლში რაღაც ქიმიური ნივთიერება უნდა ყოფილიყო შერეული. მათ მოუწოდეს მთავრობას დაედგინა, რა იყო გამოყენებული, მაგრამ შინაგან საქმეთა სამინისტრომ (პოლიციაზე პასუხისმგებელი უწყება) ამაზე უარი თქვა.

მაღალი რანგის რამდენიმე მამხილებელი რომელიც დაკავშირებულია განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტთან, BBC-ს დაეხმარა ამ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო იდენტობის დადგენაში.

დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, მიაჩნია, რომ ეს არის იგივე ნაერთი, რომლის ტესტირებაც მას 2009 წელს წყლის ჭავლში გამოსაყენებლად სთხოვეს.

მისი თქმით, ამ პროდუქტის ზემოქმედება არ ჰგავდა არაფერს, რაც მანამდე გამოუცდია. ის რთულად სუნთქავდა იქ, სადაც ეს სპრეი იყო გამოყენებული, და მას და მის 15-20 კოლეგას, რომლებიც გამოცდაში მონაწილეობდნენ, მისი მარტივად ჩამორეცხვა არ შეეძლოთ.

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ეფექტი არ ქრებოდა, როგორც [ჩვეულებრივი] ცრემლსადენი გაზის შემთხვევაში. მას შემდეგაც კი, რაც სახე წყლით, შემდეგ კი წინასწარ მომზადებული სოდისა და წყლის სპეციალური ხსნარით დავიბანეთ, თავისუფლად სუნთქვა მაინც არ შეგვეძლო“.

შერგელაშვილის თქმით, ტესტების შედეგად, მან რეკომენდაცია გასცა, რომ ეს ქიმიური ნივთიერება არ გამოეყენებინათ. თუმცა, მისი თქმით, წყლის ჭავლის მანქანებს მაინც ტვირთავდნენ ხოლმე ამით – და ეს ასე იყო სულ მცირე 2022 წლამდე, სანამ მან სამსახურიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

უკრაინიდან, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს, ის BBC-ს ეუბნება, რომ გასული წლის საპროტესტო აქციების კადრების ყურებისას, მან მაშინვე იეჭვა, რომ დემონსტრანტებზე იგივე ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.

მისივე თქმით, კოლეგებმა, რომლებთანაც ის კვლავ კონტაქტობს და რომლებიც თანამდებობებზე რჩებიან [შსს-ში], ასევე დაუდასტურეს ეს ფაქტი.

BBC-ი ასევე ესაუბრა პოლიციის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ნაერთი, რომელიც წყლის ჭავლის მანქანებში იტვირთებოდა ბატონი შერგელაშვილის თანამდებობაზე ყოფნისას, იგივე ნივთიერება იყო, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე გამოიყენეს.

როდესაც ბატონ შერგელაშვილს ვკითხეთ, შეიძლებოდა თუ არა მის მიერ გამოცდილი პროდუქტი უბრალოდ CS გაზი ყოფილიყო – რომელიც აღიზიანებს თვალებს, კანს და სასუნთქ სისტემას, მაგრამ მხოლოდ დროებით – მან თქვა, რომ ის გაცილებით ძლიერი ჩანდა.

„არ შემიძლია მაგალითი დავასახელო ან რაიმეს შევადარო“, – თქვა მან და დასძინა, რომ ის „ალბათ 10-ჯერ“ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი საშუალებები მასობრივი არეულობის სამართავად.

„მაგალითად, თუ ამ ქიმიურ ნივთიერებას მიწაზე დაღვრი, იმ ტერიტორიაზე მომდევნო ორი-სამი დღის განმავლობაში ვერ შეძლებ გაჩერებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მას წყლით ჩამორეცხავ“.

ბატონმა შერგელაშვილმა არ იცის იმ ქიმიური ნივთიერების სახელი, რომლის ტესტირებაც მას სთხოვეს.

თუმცა, BBC-მ მოახერხა განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის 2019 წლის დეკემბრის ინვენტარის ასლის მოპოვება.

ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ის შეიცავდა ორ უსახელო ქიმიურ ნივთიერებას. ისინი უბრალოდ ჩამოთვლილი იყო როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.

ჩვენ გვსურდა შეგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს ინვენტარი ავთენტური, ამიტომ ის სპეცრაზმის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ვუჩვენეთ, რომელმაც დაადასტურა მისი სავარაუდო ნამდვილობა. მან აღნიშნული ორი უსახელო ქიმიკატი დაასახელა, როგორც ის ნივთიერებები, რომლებიც სავარაუდოდ ემატებოდა წყლის ჭავლს.

ჩვენი შემდეგი ნაბიჯი იყო იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები.

UN1710-ის იდენტიფიცირება მარტივი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი. ეს გამხსნელია, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

შემდეგ უნდა გაგვერკვია, რომელი ქიმიკატის გახსნაში ეხმარებოდა ის პოლიციას.

UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, საიდანაც ყველა საშიშია.

ერთადერთი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ და რომელიც ოდესმე გამოყენებულა, როგორც მასობრივი არეულობის სამართავი საშუალება, არის ბრომბენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite) და მოკავშირეების მიერ შეიქმნა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად.

ჩვენ ვთხოვეთ პროფესორ კრისტოფერ ჰოლსტეგეს, ტოქსიკოლოგიისა და ქიმიური იარაღის მსოფლიოს წამყვან ექსპერტს, შეეფასებინა, მიუთითებდა თუ არა ჩვენ მიერ მოპოვებული მტკიცებულებები იმაზე, რომ გამოყენებული აგენტი სავარაუდოდ კამიტი იყო.

დოქტორი ჩახუნაშვილის კვლევის შედეგებზე, დაზარალებულთა ჩვენებებზე, სპეცრაზმის ინვენტარზე და ბატონი შერგელაშვილის ქიმიური ტესტების ანგარიშზე დაყრდნობით, პროფესორ ჰოლსტეგეს მიაჩნია, რომ ეს ასეა.

„არსებული მტკიცებულებების საფუძველზე… როგორც დაზარალებულების, ისე სხვა მოწმეების მიერ მოხსენებული კლინიკური მონაცემები თანმიმდევრულია ბრომბენზილის ციანიდის [ზემოქმედებასთან]“, – განაცხადა მან.

მან გამორიცხა სიმპტომების გამოწვევის ალბათობა უფრო ტრადიციული საშუალებებით, როგორიცაა CS გაზი, რომელიც ასევე გამოიყენებოდა საქართველოს სპეცრაზმის მიერ გასულ წელს.

„კლინიკური ეფექტების მდგრადობა… არ შეესაბამება ხალხის დაშლისთვის გამოყენებულ ტიპურ აგენტებს, როგორიცაა CS“, – თქვა მან.

„არასდროს მინახავს კამიტი გამოყენებული თანამედროვე საზოგადოებაში. კამიტი არის საგრძნობლად გამაღიზიანებელი [და] მისი გაღიზიანება მდგრადია“.

მან ივარაუდა, რომ კამიტი გამოიყენეს იმის გამო, რომ იფიქრეს: ის იქნებოდა ძლიერი შემაკავებელი საშუალება.

„ეს დიდხანს მოაცილებდა ადამიანებს იმ ტერიტორიიდან. მათ არ შეეძლოთ საკუთარი თავის დეზინფიცირება. მათ მოუწევდათ საავადმყოფოში წასვლა. მათ მოუწევდათ ტერიტორიის დატოვება. თუ ეს ნამდვილად ასეა – რომ ეს ქიმიკატი დაბრუნდა – ეს ნამდვილად უკიდურესად საშიშია“.

კამიტი მცირე ხნით გამოიყენებოდა, როგორც მასობრივი არეულობის სამართავი საშუალება ამერიკის პოლიციის მიერ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, მაგრამ მასზე უარი თქვეს მას შემდეგ, რაც გამოიგონეს უფრო უსაფრთხო საშუალებები, როგორიცაა CS გაზი.

საერთაშორისო კანონმდებლობით, პოლიციას შეუძლია გამოიყენოს ქიმიკატები მასობრივი არეულობის სამართავად, თუ ისინი პროპორციულად მიიჩნევა და აქვთ მხოლოდ მოკლევადიანი ეფექტი.

იარაღის ექსპერტების აზრით, რომლებთანაც BBC-მ კონსულტაცია გაიარა, იმის გათვალისწინებით, რომ პოლიციისთვის ხელმისაწვდომია უფრო უსაფრთხო და ჩვეულებრივი საშუალებები, მოძველებული და უფრო ძლიერი აგენტი შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ქიმიური იარაღი.

ჩვენი დასკვნები შემაშფოთებელია, თქვა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამების საკითხებში, ელის ედვარდსმა. ქალბატონ ედვარდსს ადრე მიწერილი აქვს საქართველოს მთავრობისთვის პოლიციის ძალადობისა და წამების ბრალდებებთან დაკავშირებით დემონსტრაციების დროს.

წყლის ჭავლში ქიმიკატების გამოყენების შესახებ მკაცრი რეგულაციების არარსებობა არის პრობლემა, რომლის მოგვარებაც მას სურს:

„ეს მაიძულებს განვიხილო [ეს პრაქტიკა] როგორც ექსპერიმენტული იარაღი. მოსახლეობა კი არასოდეს უნდა დაექვემდებაროს ექსპერიმენტებს. ეს აბსოლუტურად არღვევს ადამიანის უფლებათა კანონმდებლობას“.

მან ხაზი გაუსვა, რომ მასობრივი არეულობის სამართავი საშუალების ნებისმიერი ეფექტი დროებითი უნდა იყოს საერთაშორისო კანონმდებლობით, და რომ აღწერილი სიმპტომები „სცილდება იმას, რაც დროებითად და მისაღებად ჩაითვლება. ასე რომ, ყველა ასეთი შემთხვევა უნდა იყოს გამოძიებული, მათ შორის წამების ან სხვა არაადამიანური მოპყრობის ფარგლებში“.

საქართველოს ხელისუფლებამ ჩვენი დასკვნები „ღრმად არასერიოზულად“ და „აბსურდულად“ შეაფასა.

მათ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამართალდამცავები მოქმედებდნენ „კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში“ „ბრუტალური კრიმინალების უკანონო ქმედებებზე“ რეაგირებისას.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციები ზომაში შემცირდა მას შემდეგ, რაც მთავრობამ გაზარდა ჯარიმები და პატიმრობის ვადები, მაგრამ არ შემცირებულა დემონსტრაციების სიხშირე.

თითქმის ყოველ ღამე, გასული წლის განმავლობაში, დემონსტრანტები ითხოვენ მთავრობის გადადგომას, რომელსაც ადანაშაულებენ არჩევნების გაყალბებაში, რუსული ინტერესების მხარდაჭერაში და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ სულ უფრო დრაკონული კანონმდებლობის მიღებაში.

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ უარყოფს, რომ მთავრობა ან პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი, არიან პრორუსულები ან ატარებენ რუსულ ინტერესებს. მათ BBC-ს განუცხადეს, რომ გასული წლის საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება „საზოგადოებრივი კეთილდღეობის“ საუკეთესო ინტერესებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი