ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას განცხადებით, ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება მძლავრი გზავნილია ყველა პოლიტპატიმრისთვის, რომ ისინი მარტო არ არიან და ჟურნალისტიკა არ არის დანაშაული.
ამის შესახებ მეცოლამ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ლუკაშენკოს რეჟიმის პატიმრობიდან გათავისუფლებულ პოლონელ-ბელარუს ჟურნალისტს მოუსმინეს.
„ევროპარლამენტის წევრებმა მოითხოვეს ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარება საქართველოში და დაგმეს ლუკაშენკოს რეჟიმის ფართომასშტაბიანი რეპრესიები ბელარუსში. მათ მოითხოვეს ორივე ქვეყანაში ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მომენტს ვზეიმობთ, ეს ასევე გვახსენებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფ უამრავ პოლიტპატიმარს, ვინც კვლავ უსამართლოდ რჩება პატიმრობაში. ეს პარლამენტი გააგრძელებს ხმის ამაღლებას მათთვის და ყველასთვის, ვინც ჩაგვრის პირობებში თავისუფლებისთვის იბრძვის“, – განაცხადა მეცოლამ.
მისი თქმით, ლუკაშენკოს რეჟიმი წლობით ცდილობდა პოჩობუტის გატეხვას, თუმცა ეს ვერ შეძლო. ამავდროულად, ციხეში რჩება სახაროვის პრემიის კიდევ ერთი ლაურეატი, მზია ამაღლობელი.
„ამიტომ დღეს, ამ დარბაზიდან, ჩვენ ვგზავნით შეტყობინებას, რომელიც საკმარისად ხმამაღალია იმისთვის, რომ შეაღწიოს ბელარუსის, საქართველოსა და ყველა იმ ქვეყნის ციხის კედლებში, სადაც სიმართლეს ახშობენ – არავის დავიწყებიხართ! ევროპა თქვენ გვერდითაა და ჩვენ არ გავჩერდებით მანამ, სანამ თითოეული თქვენგანი არ გათავისუფლდება“, — განაცხადა მეცოლამ.
ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მზია ამაღლობელის გათავისუფლება მოითხოვა პოჩობუტმაც:
„მსოფლიოში თავისუფლების სივრცე ახალი ავტოკრატების თავდასხმების შედეგად მცირდება. ამის ერთ-ერთი მაგალითია საქართველო, რომელიც სწრაფად მიიწევს ავტორიტარიზმისკენ. მზია ამაღლობელი, რომელიც ჩემსავით ანდრეი სახაროვის პრემიის ლაურეატია, კვლავ პატიმრობაში რჩება. ამიტომ, მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი“, — თქვა პოჩობუტმა.
