საზოგადოება

კამიტი: რა (ვერ) გავიგეთ წყლის ჭავლში შერეულ ნივთიერებაზე

3 დეკემბერი, 2025 •
კამიტი: რა (ვერ) გავიგეთ წყლის ჭავლში შერეულ ნივთიერებაზე

პირველ დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს ანტისამთავრობო აქციებზე მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

„ქართულ ოცნებაში“ BBC-ს ინფორმაციას უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებიათ, თუმცა ამ დრომდე არ ასახლებენ, კონკრეტულად რა ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ერთი წელი უპასუხოდ

ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა  ნივთიერება გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან 1 წელია ითხოვენ და ამის შესახებ კითხვებს BBC-ს გამოძიების გამოქვეყნებამდე გაცილებით ადრე სვამდნენ.

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში, მასშტაბური დემონსტრაციების მიმდინარეობისას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე აცხადებდა, რომ როცა საჭიროება დგას, შესაძლებელია,  წყლის ჭავლში კანონით დაშვებული „შესაბამისი ნივთიერებები“ ყოფილიყო გარეული. თუმცა, კონკრეტულად რა ნივთიერებებს ურევდნენ წყლის ჭავლს, ამას არც მაშინ და არც ახლა არ აკონკრეტებენ.

დარახველიძე ამბობდა მხოლოდ იმას, რომ დემონსტრანტთა წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენებისას მთავარი ტესტი პროპორციულობის დაცვა იყო.

„ეს იქნება წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი თუ სხვა საშუალებები, ამას ვიყენებთ იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც კანონში არის განსაზღვრული, ანუ მთავარი ტესტი აქ არის პროპორციულობა იმ საფრთხიდან გამომდინარე, რაც დგას და რაც აუცილებელია მომდინარე ზიანის აღსაკვეთად.  ამ შემთხვევაში, პოლიცია იყენებს ყველა საშუალებას, რაც განსაზღვრულია. საზოგადოება ხედავდა, რომ გამოყენება ხდებოდა წყლის ჭავლის, გარკვეულ შემთხვევაში ხდებოდა წიწაკის სპრეის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, სხვა საჭიროებების გამოყენება.

ფოტო: EPA / დავით მძინარიშვილი

თუმცა ყველა კონკრეტულ საშუალებაზე მე ახლა ვერ მოგაწვდით ინფორმაციას იმიტომ, რომ ეს პროცესი ხანგრძლივად გრძელდებოდა. ხედავდით, რომ დაახლოებით 12 საათის მანძილზე ჩვენი თითოეული დანაყოფი მობილიზებული იყო პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასე რომ, ჩვენ ვიყენებდით კანონით გათვალისწინებულ ყველა სპეციალურ საშუალებას იმ ფარგლებში, რაც არის დადგენილი რეგულაციებით“, – აცხადებდა ალექსანდრე დარახველიძე 2024 წლის 30 ნოემბერს.

„ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით კი, წყლის ჭავლში ქიმიურ ნივთიერებებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები 2024 წლის გაზაფხულის აქციებზეც ურევდნენ. გასული წლის 19 ოქტომბერს „ნოდარ მელაძის შაბათმა“ გამოაქვეყნა რაციის ჩანაწერები, სადაც ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გდდ-ის მაშინდელი უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის (ხარება) და მისი მოადგილეების საუბარი ისმის.

„იმუშავეთ, გაზიც გააყოლეთ, ოღონდ ის ბიჭები [სპეცრაზმელები] არ დაასველო, ეცადე… გაზი გაურიე“,  – ისმის გამოქვეყნებულ ჩანაწერებში, რომელიც ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, 2024 წლის გაზაფხულზე რუსული კანონის საწინააღმდეგო დემონსტრაციების პერიოდს ასახავს.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, რაციის ჩანაწერებით დასტურდება, რომ გასული წლის გაზაფხულზე დემონსტრანტების წინააღმდეგ, წყლის ჭავლთან ერთად, ქიმიურ მინარევს იყენებდნენ.

„ამ ფაილების გაშიფვრის შემდეგ შაბათის გუნდმა აღმოაჩინა, რომ “ხარება” წყლის ჭავლში გაზის გარევის ბრძანებას გასცემდა – ქიმიური ნივთიერება ამ დროს წყალთანაა რეაქციაში, მომიტინგე კი მძიმე დაზიანებას იღებს. რაციის ჩანაწერები ადასტურებს, რომ დარბევებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე, ზედმეტსახელად “მოზგი”,  მონაწილეობდა“, – ამბობდა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტი.

ვინ არის პასუხისმგებელი სპეციალური საშუალებების გამოყენებაზე?

შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის ბრძანების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციის დაშლის დროს სპეციალური ღონისძიებების ჩატარების უსაფრთხოების სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს გდდ, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, და ამტკიცებს მინისტრი (ან მის მიერ უფლებამოსილი პირი), განისაზღვრება ღონისძიების ხელმძღვანელი, ადგილზე მყოფი ხელმძღვანელი და პასუხისმგებელი პირი; შეკრების დაშლისას განსაზღვრულია სპეციალური საშუალებების (წიწაკის სპრეი, რეზინის ტყვია და ცრემლსადენი გაზი) გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირი. ხოლო სპეციალური საშუალების გამოყენების მართლზომიერებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება გადაწყვეტილების მიმღებ პირს.

ფოტო: EPA / დავით მძინარიშვილი

სწორედ ამიტომ,  სახალხო დამცველის აპარატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური საშუალებების გამოყენების თაობაზე დეტალური ინფორმაციის მიღების მიზნით ორჯერ მიმართა 2024 წლის 6 დეკემბერს და 2025 წლის 26 თებერვალს.

მათ შორის, აპარატი დაინტერესდა:

  • რა სახისა და რა ოდენობის სპეციალური საშუალებების (ცრემლსადენი გაზი, ე.წ. წიწაკის სპრეი, არალეტალური იარაღი, ე.წ. რეზინის ტყვიები და სხვ.) გამოყენებას ითვალისწინებდა უსაფრთხოების სამოქმედო გეგმა;
  • რამდენმა თანამშრომელმა, რა დროს, რა ლოკაციაზე, რა სახეობის და რაოდენობის სპეციალური საშუალება გამოიყენა;
  • გაიარა თუ არა შემოწმება/ექსპერტიზა კონკრეტულმა სპეციალურმა საშუალებამ, რა გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე; რა სახის და ტიპის ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს, რა პროპორციით და სხვ.

სახალხო დამცველის აპარატს ეს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან დღემდე არ მიუღია.

რა უნდა სცოდნოდა ჯანდაცვის სამინისტროს?

კიდევ ერთი უწყება, რომელსაც დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული სპეციალური საშუალებების შესახებ კითხვით მიმართეს, ჯანდაცვის სამინისტრო იყო.

2025 წლის 28 იანვარს საიამ[ახალგარზრდა იურისტთა ასოციაცია] წერილობით მიმართა ჯანდაცვის სამინისტროს და 2024 წლის ნოემბრიდან მიმდინარე პროტესტის კონტექსტში შემდეგი საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა:

  • რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით განხორციელებული საპოლიციო ღონისძიებების ფარგლებში?
  • 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 28 იანვრის ჩათვლით პერიოდში, რომელ პერიოდში იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო წყლის ჭავლს, რომელშიც ქიმიური ნივთიერება იყო შერეული?
  •  რა ქიმიური ნივთიერება იყო შერეული წყლის ჭავლში აღნიშნულ თარიღებში და რა კონცენტრაციით?
  • არსებობს თუ არა რაიმე სახელმძღვანელო წესები, რომელიც განსაზღვრავს, რა ფორმით და კონცენტრაციით უნდა მოხდეს წყლის ჭავლში აღნიშნული ქიმიური ნივთიერების შერევა?
  • არსებობს თუ არა სახელმძღვანელო წესები სამედიცინო დაწესებულებებისათვის და სამედიცინო მუშაკებისათვის, თუ როგორ უნდა მოხდეს აღნიშნული ნივთიერებით დაზარალებული პირებისთვის გადაუდებელი დახმარების გაწევა და შემდგომი მკურნალობა?
  •  იყვნენ თუ არა სამედიცინო დაწესებულებები ინფორმირებული გამოყენებული ქიმიური საშუალებების შემადგენლობის და მისი შესაძლო ეფექტების შესახებ?
  •   პროაქტიულად მოითხოვა თუ არა ჯანდაცვის სამინისტრომ გამოყენებული ქიმიური საშუალებების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან? მიიღეთ თუ არა ინფორმაცია ?

19 თებერვალს ჯანდაცვის სამინისტრო საიასთვის გაგზავნილ პასუხში ამბობდა, რომ აქციების დროს გამოყენებული ქიმიური ნივთიერებების შესახებ ინფორმაცია არ გამოითხოვა, რადგან ამის საჭიროება არ იყო.

უწყებამ, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაზეა პასუხისმგებელი,  ვერ დაინახა საჭიროება იმის ცოდნის, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს დედაქალაქის ცენტრში, მაშინ, როცა ამ ნივთიერებებს საფრთხე არა მხოლოდ დემონსტრანტებისთვის, არამედ მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა და იმ მოსწავლეებისთვის შეიძლება შეექმნა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მდებარე სკოლაში სწავლობენ.

რა ვიცით BBC-ის გამოძიებიდან?

BBC-ს გამოძიების მიზანი იყო დაედგინა, სინამდვილეში, რას ასხამდნენ წყლის ჭავლის მანქანებიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ამის დასადგენად BBC ესაუბრა დემონსტრაციების მონაწილეებს, რომლებიც სხვადასხვა სიმპტომებს ასახელებდნენ, მათ შორის, ქოშინს, ხველებასა და ღებინებას, რაც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა. რაც აჩენდა კითხვებს წყლის ჭავლში შერეული ნივთიერებების შესახებ. ქიმიური ნივთიერების სავარაუდო იდენტობის დასადგენად. BBC ასევე ესაუბრა ქიმიური იარაღის ექსპერტებს, საქართველოს შსს-ს სპეცრაზმის წევრებს (მამხილებლებს) და ექიმებს.

ფოტო: ნეტგაზეთი / ნათია ცქიფურიშვილი

ერთ-ერთი პირი, ვინც BBC-მ ჩაწერა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა შერგელაშვილია. გდდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანს ეჭვი აქვს, რომ 2024 წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ შესაძლოა იგივე ნაერთი გამოიყენეს, რომლის ტესტირებაც მას 2009 წელს წყლის ჭავლში გამოსაყენებლად სთხოვეს.

შერგელაშვილის თქმით, იმ პროდუქტის ზემოქმედება, რომელიც მან დატესტა, არ ჰგავდა არაფერს, რაც მანამდე გამოუცდია და ჩვეულებრივ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ უფრო ძლიერი აღმოჩნდა.

„ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ეფექტი არ ქრებოდა, როგორც [ჩვეულებრივი] ცრემლსადენი გაზის შემთხვევაში. მას შემდეგაც კი, რაც სახე წყლით, შემდეგ კი წინასწარ მომზადებული სოდისა და წყლის სპეციალური ხსნარით დავიბანეთ, თავისუფლად სუნთქვა მაინც არ შეგვეძლო“, – იხსენებს ლაშა შერგელაშვილი 2009 წლის ტესტირებას.

შერგელაშვილის თქმით, ტესტების შედეგად, მან რეკომენდაცია გასცა, რომ ეს ქიმიური ნივთიერება არ გამოეყენებინათ. თუმცა, მისი თქმით, წყლის ჭავლის მანქანებს მაინც ტვირთავდნენ ხოლმე ამით და ეს ასე იყო, სულ მცირე, 2022 წლამდე, სანამ  სამსახურიდან წასვლისა და ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ლაშა შერგელაშვილმა არ იცის იმ ქიმიური ნივთიერების სახელი, რომლის ტესტირებაც მას სთხოვეს.  თუმცა ამბობს, რომ ქიმიკატი ორი კომპონენტისგან შედგებოდა, რომელთა კოდებიც იყო 3439 (ქიმიური ფხვნილის) და 1710 (ქიმიური სითხის).

BBC-ის ცნობით, ასევე ესაუბრნენ პოლიციის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ნაერთი, რომელიც წყლის ჭავლის მანქანებში იტვირთებოდა ლაშა შერგელაშვილის თანამდებობაზე ყოფნისას, იგივე ნივთიერება იყო, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე გამოიყენეს.

ამასთან,  BBC-მ მოახერხა განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტის 2019 წლის დეკემბრის ინვენტარის ასლის მოპოვება, სადაც აღმოაჩინეს ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება, რომლებიც უბრალოდ ჩამოთვლილი იყო როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.

„ჩვენ გვსურდა შეგვემოწმებინა, იყო თუ არა ეს ინვენტარი ავთენტური, ამიტომ ის სპეცრაზმის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს ვუჩვენეთ, რომელმაც დაადასტურა მისი სავარაუდო ნამდვილობა. მან აღნიშნული ორი უსახელო ქიმიკატი დაასახელა, როგორც ის ნივთიერებები, რომლებიც სავარაუდოდ ემატებოდა წყლის ჭავლს“, – ამბობს  BBC.

ამის შემდეგ BBC-მ სცადა იმის გარკვევა, თუ რა იყო ეს ქიმიკატები.

„UN1710-ის იდენტიფიცირება მარტივი იყო, რადგან ეს არის ტრიქლორეთილენის (TCE) კოდი. ეს გამხსნელია, რომელიც სხვა ქიმიკატებს წყალში გახსნის საშუალებას აძლევს.

შემდეგ უნდა გაგვერკვია, რომელი ქიმიკატის გახსნაში ეხმარებოდა ის პოლიციას.

UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული იყო, რადგან ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, საიდანაც ყველა საშიშია.

ერთადერთი, რომელიც ჩვენ ვიპოვეთ და რომელიც ოდესმე გამოყენებულა, როგორც მასობრივი არეულობის სამართავი საშუალება, არის ბრომბენზილის ციანიდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც კამიტი (camite) და მოკავშირეების მიერ შეიქმნა პირველ მსოფლიო ომში გამოსაყენებლად“, – ამბობს BBC.

რას ამბობენ „ქართულ ოცნებაში“?

პირველ დეკემბერს, BBC-ს გამოძიების გამოქვეყნებიდან მალევე, ქიმიური იარაღის გამოყენება უშუალოდ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ უარყო და მედიას ცრუ ბრალდებების გამო ჩივილით დაემუქრა. მოგვიანებით, ამავე დღეს, სამთავრობო ტელეკომპანია „იმედმა“ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც ექსმინისტრი ადასტურებს, რომ  ნივთიერება, რომლის შესახებაც BBC-ის გამოძიებაშია საუბარი, ანუ კამიტი (camite),  ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შსს-ს და მას 2012 წლამდე იყენებდა.

„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!“, – აცხადებს გომელაური „იმედის“ თანახმად.

თუმცა გომელაურის განცხადება მეორე დღეს უარყო მოქმედმა შს  მინისტრმა, გელა გელაძემ. გელაძე ირწმუნება, რომ  ეს ნივთიერება შსს-ს არასდროს უყიდია.

„გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შსს-ს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე. არანაირი სიმართლე ამას არ შეესაბამება.

მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შსს-ს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი. სუს-მა დაიწყო გამოძიება, მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაეცემა აბსოლუტურად ყველაფერს პასუხი

[…] გეტყვით, ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა: 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები. უბრალოდ, გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის კამიტი”, – განაცხადა გელაძემ.

ამასთან, არც „ქართულ ოცნებას“, არც ვახტანგ გომელაურს და არც გელა გელაძეს არაფერი უთქვამთ BBC-ს მიერ მოპოვებულ გდდ-ის 2019 წლის დეკემბრის ინვენტარის ასლზე. მათ ეს ინფორმაცია არც უარყვიათ და არც დაუდასტურებიათ.

რას ადასტურებს და რას არა ირაკლი კობახიძე? 

BBC-ს გამოძიების გამოქვეყნებიდან 2 დღის შემდეგ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგი გამართა. კობახიძემ განაცხადა, რომ კამიტი არც წინა ხელისუფლების დროს ყოფილა შეძენილი და მისი მტკიცებით, ეს არც ვახტანგ გომელაურს დაუდასტურებია.

ამავე ბრიფინგზე ირაკლი კობახიძეს არ უარყვია BBC-ის მიერ მოპოვებული განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის დეკემბრის ინვენტარიზაციის ასლის ავთენტურობა.

მეტიც, ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ნამდვილად აქვთ ინვენტარიზაციის დოკუმენტში ქიმიკატი UN3439 კოდის ქვეშ, რომელზეც BBC ამბობს, რომ ეს არის ქოლგა კოდი სამრეწველო ქიმიკატების მთელი სპექტრისთვის, საიდანაც ყველა საშიშია.

ერთადერთი, რასაც კობახიძე უარყოფს, არის ის, რომ შსს-ს UN3439 კოდის ქვეშ კამიტი აქვს.

მისი თქმით, კოდის ქვეშ ათეულობით ნივთიერებაა, რომელთაგან ყველა აკრძალული არაა.

„ამ კოდის ქვეშ ერთ-ერთი ნივთიერება არის კამიტი, რომელიც არის აკრძალული. იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული… იმ კოდის ქვეშ, რა თქმა უნდა, იყო [შესყიდული ნივთიერებები სახელმწიფოს მიერ]. იქ არის როგორც აკრძალული, ასევე არააკრძალული [ნივთიერებები]. რა თქმა უნდა, შესყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ კოდის ქვეშ არსებული ნივთიერებები, სავარაუდოდ, 2024 წლის აქციების დროსაც იქნებოდა გამოყენებული.

შესაბამისად, ამ დროისვის კვლავ უცნობი რჩება, კონკრეტულად რა ნივთიერება აქვს შსს-ს UN3439 კოდის ქვეშ, რომელიც ირაკლი კოაბახიძის თქმითვე, სავარაუდოდ, დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს.

ამავე ბრიფინგზე კობახიძემ თქვა, რომ გამოძიება დაადგენს, იყო თუ არა რაიმე აკრძალული ნივთიერება შეძენილი „ვანო მერაბიშვილის დროს“.

კობახიძის განცხადების მიხედვით,  შსს-მ  არ იცის და ახლა არკვევს, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას, თუმცა უკვე ზუსტად იცის, რომ ეს არ იყო კამიტი.

„ანალიზი დაადგენს, ეს ფხვნილი შეიცავდა თუ არა აკრძალულ ნივთიერებას… შსს-ს ექნებოდა ინფორმაცია, რომ აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავდა ეს ფხვნილი, თუმცა ყველაფერს გადახედავს გამოძიება… ადვილია უფრო მეტად, რომ გამორიცხო ერთი ნივთიერების არსებობა-არარსებობა ფხვნილში, ვიდრე შეისწავლო სრული სპექტრი. უკვე დადგენილია შესაბამისი პროცედურებით, რომ ნივთიერება „კამიტს“ ეს ფხვნილი არ შეიცავდა. დანარჩენს სრულ სპექტრთან დაკავშირებით ინფორმაციას გამოძიება გაუზიარებს მთელ საზოგადოებას, მათ შორის მედიასაშუალებებს. გამოძიება გაგრძელდება და დადგინდება თითოეული ნივთიერება, რომელსაც შეიცავდა ეს ფხვნილი“, — განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, შეუძლია თუ არა გამორიცხვა, რომ UN3439-ის ქოლგის ქვეშ არსებული სხვა აკრძალული ნივთიერებებიც არ გამოუყენებიათ, კობახიძე პასუხობს:

„მე ასე მგონია, იმიტომ, რომ სავარაუდოდ, შსს გადაამოწმებდა იმას, თუ რა ტიპის  ფხვნილი შეიძინა  თავის დროზე ვანო მერაბიშვილმა. თუმცა ეს ჩემი ვარაუდია, ჯობია დაველოდოთ გამოძიებას და მის შედეგებს. არ იქნება სერიოზული, გავუსწრო წინ გამოძიებას და გითხრათ, რამდენად აკრძალული ან არააკრძალული ნივთიერებები იყო გამოყენებული“.

კობახიძე ვერ ხედავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას მაშინაც კი, თუ UN3439-ის კოდის ქვეშ არსებული აკრძალული ნივთიერებები იქნა გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ 2024 წელს.

„თუ ვინმეს პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს თეორიულად, ეს არის ვანო მერაბიშვილი, იმიტომ, რომ გამოდის, შეგნებულად შეუძენია კონკრეტული ფხვნილი“, — განაცხადა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი