ახალი ამბები

მწვანე ალტერნატივა 4 მედიასაშუალებას ეთიკის საბჭოში უჩივის

8 ნოემბერი, 2010 • • 1394
მწვანე ალტერნატივა 4 მედიასაშუალებას ეთიკის საბჭოში უჩივის

ჯურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო  3 დღის ვადაში გადაწყვეტს, განიხილავს თუ არა ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივას საჩივარს. მწვანე ალტერნატივა გაზეთებს 24 საათსა და რეზონანსს, ასევე ახალი ამბების სააგენტოს ჯი-ეიჩ-ენსა და კახეთის საინფორმაციო ცენტრს არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.

 

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭო ამჟამად საჩივრის დასაშვებობის საკითხს განიხილავს.  საჩივარის შეტანიდან 3 დღის ვადაში საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას, განიხილოს თუ არა მწვანე ალტერნატივას საჩივარი.

,,საბჭოს 3 წევრი მონაცვლეობით სწავლობს განცხადებას, ადარებს წესდების მოთხოვნებს, მერე უკავშირდება მხარეებს, რაიმე ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, მის შევსებაზე გაუშვებს განცხადებას და ამის შემდეგ გადაწყდება, განიხილება თუ არა საჩივარი’’, – ამბობს ეთერ თურაძე, ქარტიის საბჭოს თავჯდომარე.

ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივამ საჩივარი ქარტიის საბჭოს 4 ნოემბერს გაუგზავნა. საჩივარში ნათქვამია, რომ 2 და 3 ნოემბერს საინფორმაციო სააგენტოებმა ჯი-ეიჩ-ენმა და კახეთის საინფორმაციო ცენტრმა და გაზეთმა 24 საათი გაავრცელა ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მწვანე ალტერნატივას მონაცემებზე დაყრდნობით, მედიასაშუალებები წერენ, რომ საგარეჯოს, თელავს, ყვარელსა და ლაგოდეხს ღვარცოფები დიდ საშიშროებას უქმნის.

,,მწვანე ალტერნატივა მონაცემებით, სერიოზული საფრთხის წინაშე დგას ყვარლის რაიონი. სპეციალისტების თქმით, საშიშროებას მდინარე დურუჯი ქმნის.“ბოლო 100 წლის განმავლობაში დურუჯის ხეობაში 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კოლოსალური ზარალი მიადგა ყვარლის მოსახლეობასა და ეკონომიკას. ღვარცოფის გააქტიურება იზრდება და სტიქიური უბედურებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა სერიოზული ღონისძიებების გატარება,” – აცხადებენ გარემოსდაცვით ორგანიზაციაში’’, – წერია მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მწვანე ალტერნატივა საჩივარში წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ორგანიზაციას არ გაუკეთებია მსგავსი სახის საჯარო განცხადება და არც მის რომელიმე წარმომადგენელს მიუცია ინტერვიუ ამ მედია საშუალებების ჟურნალისტებისთვის.

მწვანე ალტერნატივაში მიიჩნევენ, რომ ამ ინფორმაციის გამოქვეყნებით, ჟურნალისტებმა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შემდეგი დებულებები დაარღვიეს: ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას- მიიღოს ზუსტი ინფორმაცია; ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია; ინფორმაციის მოპოვებისას, ჟურნალისტებმა სამართლებრივი და კეთილსინდისიერი მეთოდები უნდა გამოიყენოს;

5 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ ამავე საკითხზე კიდევ ერთი საჩივარი გაუგზავნა საბჭოს. ამჯერად საჩივარი გაზეთ რეზონანსში გამოქვეყნებულ მასალას: ეროზიის, მეწყერისა და ღვარცოფების საფრთხე საქართველოს ტერიტორიის 70 -ს ემუქრება:ტყის ჭრის შედეგად გამოწვეული სტიქიური კატაკლიზმები.

მწვანე ალტერნატივას პოლიტიკის ანალიტიკოსის ქეთი გუჯარაიძის თქმით, რეზონანსის მასალა მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორს გელა მთივლიშვილს დაუკავშირდნენ იმ მოტივით, რომ გაერკვიათ, თუ საიდან მოიპოვა კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ეს ინფორმაცია.

,,გელა მთივლიშვილმა გვითხრა, რომ მან ნახა სტატია რეზონანსში და იქიდან ამოკრიფა ინფორმაცია’’, – ამბობს გუჯარაიძე.

ჯი-ეიჩ-ენი წერს, რომ ინფორმაცია ღვარცოფების შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციაზე დაყრდნობით გაავრცელა. 24 საათის მთავარმა რედაქტორმა, სოფო ჩხაიძემ კი ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებისას, ისინიც საინფორმაციო სააგენტოებს დაეყრდნენ.

,,ჩვენ სააგენტოს ინფორმაციას პირდაპირ უშვებთ გაზეთში.  მსგავსი ინფორმაცია გაზეთში მიდის რამდენიმე ათეული და ყველას გადამოწმება ნამდვილად არ ხდება’’, – ამბობს ჩხაიძე.

გაზეთ რეზიონანსში მასალა 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. სტატიის ავტორი, ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი ამბობს, რომ სტატია მწვანე ალტერნატივას მიერ გამოცემული ბუკლეტის დახმარებით მოამზადა.

,,ჩემმა თანამშრომელმა, რომელიც იყო ინტერვიუზე მწვანე ალტერნატივას ერთ-ერთ წარმომადგენელთან ირაკლი მაჭარაშვილთან, ჩემი სახელით უთხრა, რომ გვჭირდებოდა ღვარცოფებსა და მეწყერებზე მონაცემები და სწორედ ეს ბუკლეტი გამოატანა მან’’, – განაცხადა ოთარაშვილმა.

მწვანე ალტერნატივაში განმარტავენ, რომ მსგავსი ბუკლეტი მათ არ აქვთ. განცხადებაში კი წერენ, რომ მათი ვარაუდით, რეზონანსის ჟურნალისტი 2008 წლის კვლევას დაეყრდნო. თუმცა ქეთი გუჯარაიძის თქმით, სტატიაში მინიშნება იმაზე, რომ ეს ძველი მონაცემები იყო, არსად ყოფილა.

ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭომ საჩივარი რომ განიხილოს, აუცილებელია ის ჟურნალისტები ან რედაქტორები, რომელთაც მწვანე ალტერნატივა უჩივის, ქარტიის ხელმომწერები იყვნენ.

 ჯი-ეიჩ-ენის, 24 საათისა და კახეთის საინფორმაციო ცენტრის განთავსებულ ინფორმაციას არ აწერია ჟურნალისტის სახელი და გვარი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორი გელა მთივლიშვილი ქარტიის ხელმომწერია. მთივლიშვილი ამბობს, რომ, საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს.

გაზეთში 24 საათი მთავარი რედაქტორის თქმით, არავინ არ არის ქარტიის ხელმომწერი.

ქარტიის ხელმომწერი არ არის ასევე რეზონანსის ჟურნალისტი მარი ოთარაშვილი. მწვანე ალტერნატივა პასუხისმგებლობას  ამავე გაზეთის რედაქტორს ელისო ჩაფიძეს აკისრებს.

ჯერ უცნობია, საბჭო რა გადაწყვეტილებას მიიღებს საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით, მაგრამ თურაძის თქმით, ჩაფიძეს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეკისრება, თუ დამტკიცდება, რომ სტატიის რედაქტირებისას მან მონაწილეობა მიიღო.

თავად ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ ამ დროს ის მაროკოში იმყოფებოდა და სტატიის რედაქტირებაში მონაწილეობა არ მიუღია. ოთარაშვილი ამბობს, რომ მისი სტატია მალხაზ გაგუამ გაუშვა გაზეთში. მალხაზ გაგუა ქარტიის ხელმომწერთა სიაში არ არის.

თურაძე ამბობს, რომ მსგვავსი ხარვეზების გამო, საბჭოს წესდების თანახმად, შესაძლოა, საბჭომ საჩივარი ხარვეზების გამოსწორებაზე გაუშვას. საჩივრის ავტორს საშუალება ექნება, ხარვეზი ჩაასწოროს.  თუ ხარვეზები არ ჩასწორდება, ეს შეიძლება გახდეს მიზეზი იმისა, რომ საბჭომ არ განიხილოს საჩივარი.

,,წესდება ამბობს, რომ საჩივარი უნდა შევიდეს მხოლოდ იმ ჟურნალისტებთან მიმართბეში, ვინც არის ქარტიის ხელმომწერი. სხვა შემთხვევაში, საბჭო არ არის უფლებამოსილი განიხილოს საჩივარი’’, -ამბობს თურაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი