რუსეთი ჩრდილოეთ კორეას 447 თხას გაუგზავნის. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, აქედან 432 მდედრობითი სქესის იქნება, 15 კი -მამრობითის.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ პირველი პარტიაა და თხებმა რძის პროდუქციით უნდა უზრუნველყოს ჩრდილოეთ კორეა, რომელშიც საკვების დეფიციტია. გამოცემის ცნობით, დეფიციტი დიდწილად მთავრობის პოლიტიკის ბრალია.
„პოლიტიკო“ აღნიშნავს, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მოსკოვი ცდილობს, რომ ფხენიანს ასიამოვნოს. რუსეთის ჯარისთვის ტყვია-წამლის ნაკლებობის ფონზე, ჩრდილოეთ კორეას მოსკოვისთვის იარაღის გადაცემაში სდებენ ბრალს, რასაც ორივე მხარე უარყოფს.
ბოლო დროს გააქტიურდა ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის პირადი კავშირები. პუტინი ჩრდილოეთ კორეას ეწვია, კიმ ჩენ ინი კი- რუსეთს . მათ ორმხრივი დახმარების შეთანხმებაც გააფორმეს. ასევე, სახელმწიფოებმა გააფორმეს სხვა შეთანხმება, რომელშიც რეგულირდება სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და სხვა საკითხები.