ერთი საკითხი, რაც ლევან მურუსიძემ დააყენა, ის არის, რომ მას და საბჭოს წევრებს უნდა სცოდნოდათ, რომ გვენეტაძემ მიიწვია თამაზ ურთმელიძე და ეს არ უნდა გაეგო მედიის საშუალებით. თუმცა ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომ საბჭოს წევრებმა იცოდნენ იმის შესახებ, რომ თამაზ ურთმელიძეს გვენეტაძემ შესთავაზა მასთან შეხვედრა.
მეორე, საკითხი, რამაც დაძაბულობა გამოიწვია საბჭოს სხდომის მონაწილეებს შორისაც, იყო მოსამართლის მიწვევის საკითხი. საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ თამაზ ურთმელიძე არ უნდა მიეწვიათ სხდომაზე, რადგან ურთმელიძის გარშემო დაწყებულმა აჟიოტაჟმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც გადმოინაცვლა.
”მოსამართლემაც თავის განცხადებაში თქვა, რომ მას ექმნება შთაბეჭდლება, რომ ანგარიშის წარდგენის კონკრეტულ საქმეზე იბარებს მას იუსტიციის უმაღლესი საბჭო. არაჯანსაღი აჟიოტაჟი შეიქმნა ზოგადად ამ საქმეთან დაკავშირებით. დღევანდელი სხდომა, რომელიც აქ ტარდება, არის მცდელობა, რომ ეს არაჯანსაღი აჟიოტაჟი, იმის ნაცვლად, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ხელი შეეწყო, რომ ეს სიტუაცია დაწყნარებულიყო და გადასულიყო სამართლებრივ რეჟიმში, ჩენ ვცდილობთ ახლა ამ სხდომის მოწვევით ეს არაჯანსაღი აჟიოტაჟი გადმოვიდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეჟიმში. მინდა მოვუწოდო თავმჯდომარეს, რომ თუ რამე საკითხი კეთდება საბჭოს სახელით, ელემენტარულად საბჭოს წევრებმა წინასწარ ვიცოდეთ”, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
ლევან მურუსიძე ამბობს, რომ ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭის სხდომაზე მოსამართლე ურთმელიძის დაბარებით გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და ეს არ შედიოდა არც სასამართლო სისტემის, არც რუსთავი 2-ის და და არც საზოგადოების ინტერესებში.
“რაც არ უნდა შეიფუთოს აქ სიტუაცია და ვთქვათ, რომ ამისთვის არ ვიბარებდით მოსამართლეს და რაღაც კითხვები უნდა დაგვესვა, მთელი კატეგორიულობით ვაცხადებ, რომ ფაქტობრივად თვითონ მოსამართლესა და საზოგადოებას, ყველას გაუჩნდა იმის განცდა, რომ ჩვენ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიშის ჩასაბარებლად დავიბარეთ მოსამართლე. ახლა რაც არ უნდა ისაუბროს ქალბატონმა ნინომ, რომ ანგარიშის ჩასაბარებლად არ მოიყვანდა, ეს გადაწყვეტილება არის კატეგორიულად მიუღებელი, ვინაიდან ის არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელმაც შეიძლება, საერთო ჯამში, ხელი შეუშალოს საქმის სწორ და კანონიერ განხილვას, ფაქტობრივად გამოდის, რომ გადმოგვაქვს სასამართლო სივრცეში. მე კატეგორიულად წინააღმდეგი ვიყავი, რომ აღნიშნული ფორმით გამართულიყო სხდომა,”- განაცხადა ლევან მურუსიძემ.
მისივე თქმით, საბჭოს არ აქვს უფლება, დაიბაროს კონკრეტული მოსამართლე და ჰკითხოს, თუ რატომ მიიღო მან ესა თუ ის გადაწყვეტილება. მისივე თქმით, საზოგადოებაში განჩდა განცდა, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით იბარებდნებ თამაზ ურთმელიძეს.
“ზოგადად, ქალბატონი ნინოს გადაწყვეტილება, რომ დღეს დაებარებინა მოსამართლე და დაესვა კითხვები, ეს ეწინააღმდეგება კანონს, ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. ეს არ შეუწყობდა ხელს არც რუსთავი 2-ს, არც საზოგადოებას, არაფერს. არავის სასარგებლოდ არ იყო ეს ნაბიჯი გადადგმული. ჩემი რეალური მიზანია, მშვიდ გარემოში გადავიდეს სიტუაცია, რასაც ეს დღე არ ემსახურებოდა. მე ვფიქრობ, ქალბატონმა ნინომ დაუშვა გამოუსწორებელი შეცდომა, როდესაც მან რეალურად, ეს სხდომა მოიწვია და დაიბარა თამაზ ურთმელიძე დღევამდელ სხდომაზე.”
ევა გოცირიძემ, საბჭოს წევრმა ქართული ოცნების კვოტით, განაცხადა რომ თამაზ ურთმელიძე ფაქტობრივად ანათემას გადასცეს.
”ვერ წარმომიდგენია, სააპელაციო სასამართლოს წარმომადგენლები შეძლებენ თუ არა ამ საქმეზე მართლაც მიუკეროებლობისა და დამოუკიდებლობის დაცვას, როდესაც უკვე არის ცხადი მათთვის, რა რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს მათმა გადაწყვეტილებამ, თუკი მისი გადაწყვეტილება იქნება ისეთივე, როგორიც ბატონი ურთმელიძის. ფაქტობრივად, ბატონი ურთმელიძე გადაეცა ანათემას მთელი საზოგადოების მიერ. არა მგონია, რომ სააპელაციო სასამართლოს წევრებმა და უზენაესი სასამართლოს წევრებმა, რომლებმაც უნდა იმსჯელონ ამ საკითხზე, მოუნდეთ, რომ იგივე ბედი გაიზიარონ. საბჭოს ვალია, რომ შეაჩეროს ეს აბსოლუტურად არაჯანსაღი აჟიოტაჟი”, – განაცხადა ევა გოცირიძემ.
საქართველოს მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარე მაია ბაქრაძე მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გაიღვიძა:
”ამ ფორმატმა ერთი დადებითი შედეგი მოიტანა, რაც მე დავინახე, საბოლოოდ იუსტიციის საბჭომ გაიღვიძა, რაც ნიშნავს იმას, რომ საკუთარი ფუნქცია-მოვალეობები გაახსენდა მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვის კუთხით.”
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე მედიას მოუწოდა, სწორად გაეშუქებინათ მისი განცხადება მოსამართლე თამაზ ურთმელიძის საბჭოს სხდომაზე მოწვევასთან დაკავშირებით.
“მედიას აქ შექმნილი გარემოების გამო ძალიან ვთხოვ, თუ თქვენ არასწორად გააშუქეთ და მიუთითეთ ურთმელიძის პოზიცია და ჩემი განცხადება, ეს თხოვანა ჩემი საჯაროდ, იქნებ თქვენ, თქვენი შეხედულებით, მე თქვენ ვერაფერს ვერ დაგავალებთ, დააკონკრეტოთ განცხადების შინაარსი, რომელმაც ესოდენ დაძაბა სიტუაცია. არ გაკეთდა ხშირად დათქმა და მინიშნება, რომ მოსამართლის სურვილის შემთხვევა იყო აქ დაფიქსირებული, ყველა განცხადებაში, ჩემ მიერ წერილობით გავრცელებულში და ზეპირად გაკეთებულში. ეს არის თხოვნა, რაც საბჭოსაც მიეხმარება იმ პოზიციაში, რომ მე საქმის დეტალებთან დაკავშირებით მისამართლის დაკითხვას არ ვაპირებდი. ვაპირებდი იმ საკითხებზე საუბარს, რაზეც დაახლოებით დღეს აქ იყო საუბარი,”- განაცხადა გვენეტაძემ.
გვენეტაძემ ჟურნალისტებს სთხოვა, დაესვათ აქცენტი იმაზე, რომ ურთმელიძის მოწვევა სხდომაზე გულისხმობდა მხოლოდ მისი სურვილის შემთხვევას.
“მოსამართლემ დააფიქსირა თავისი სურვილი და არ მოვიდა. საბჭოს წევრებმა მოიწონეს ეს, – აბსოლუტურად მისაღებია ჩემთვის. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ეს კარგი სვლა იყი ჩემი მხრიდან, რომ საბჭოს ჰქონდეს უფრო მეტი აქტიურობები ამ მიმართულებით.”
კამათი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ნინო გვენეტაძის მიერ თამაზ ურთმელიძის მიწვევას მოჰყვა. ნინო გვენეტაძემ 2015 წლის 6 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი მზად იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმატში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს შეხვედროდა მისი სურვილის შემთხვევაში.
ურთმელიძე სხდომაზე არ მივიდა, თუმცა გააგზავნა წერილი, სადაც განმარტა, რომ მისი საბჭოზე მისვლა კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით შექმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ანგარიშს აბარებდა საბჭოს წევრებს.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომპანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.