ახალი ამბები

რელიგიური გაერთიანებები სახელმწიფოს ოპოზიციური არხის დაცვიკენ მოუწოდებენ

6 ნოემბერი, 2015 • • 1356
რელიგიური გაერთიანებები სახელმწიფოს ოპოზიციური არხის დაცვიკენ მოუწოდებენ

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია, ხსნის არმია, ქრისტეს ეკლესია, ევანგელისტურ-პროტესტანტული ეკლესია, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია, ქართველ მუსლიმთა კავშირი, ევანგელისტური ეკლესია ”ურყევი საფუძვლები” გამოხატავენ თავიანთ აღშფოთებას დღეს ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

 

რელიგიურ გაერთიანებებს სჯერათ, რომ დამოუკიდებელი, დემოკრატული და თავისუფალი სახელმწიფოს საწინდარს თავისუფალი სასამართლო და თავისუფალი მედია წარმოადგენს, ხოლო მიმდინარე მოვლენები საქართველოს უკარგავს სამართლიან და დემოკრატულ ქვეყანად ჩამოყალიბების შანსს და ცივილიზებული და დემოკრატული სამყაროსაგან იზოლაციისკენ მიაქანებს.

 

’ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიმართ, რომელთანაც რელიგიათა საბჭოს წევრ არაერთ რელიგიურ გაერთიანებას აკავშირებს ხშირ შემთხვევაში კრიტიკული ურთიერთობებიც კი. მაგრამ ჩვენი სოლიდარობა განპირობებულია იმით, რომ ამ ვითარებაში რუსთავი 2 რეალურად წარმოადგენს ოპოზიციურ ტელევიზიას, რაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ქვეყნის დემოკრატიული  განვითარებისთვის. მოვუწოდებთ სახელმწიფოს, ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არ მოხდეს ოპოზიციური მედიის ხელყოფა. ჩვენ ვლოცულობთ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობისა და მშვიდობისათვის და იმედს ვიტოვებთ, რომ ყველა შესაბამის ინსტიტუციას ეყოფა გამბედაობა და ნება ჩვენი საზოგადოების დემოკრატიული და კონსტიტუციური  პროცესების ფარგლებში დაბრუნებისა”, – აცხადებენ ორგანიზაციები.

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომმანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

 

რუსთავი 2
რუსთავი 2

მასალების გადაბეჭდვის წესი