ახალი ამბები

OSGF: რ2-ზე განჩინება სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიზების ძლიერ ეჭვს აჩენს

6 ნოემბერი, 2015 • • 970
OSGF: რ2-ზე განჩინება სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიზების ძლიერ ეჭვს აჩენს

გვინდა, გამოვეხმაუროთ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა დროებით მმართველებმა ჩაანაცვლეს. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს განჩინება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ მართლწესრიგს და ქმნის პროცესების გამწვავების საფრთხეს.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით შეჩერდა დაუყოვნებლივი აღსრულების ინსტიტუტის მოქმედება, ქმნიდა შანსს, ტელეკომპანიასთან დაკავშირებული პროცესები დარჩენილიყო სასამართლო დარბაზში და არ გადაენაცვლა ქუჩაში. საქალაქო სასამართლოს განჩინება კი, თანმდევი ფაქტობრივი შედეგების გათვალისწინებით, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციური კონტროლის ორგანოს გადაწყვეტილების სულისკვეთებასთან, ხოლო განჩინებაში არსებული დასაბუთება არ შეესაბამება ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

 

სასამართლოს მიღებული განჩინება, უფრო ფართო კონტექსტში, აჩენს სამართლებრივი ინსტიტუტების პოლიტიზების ძლიერ ეჭვს. მიმდინარე პროცესები სცდება არა მხოლოდ კერძო სამართლებრივი დავის ფარგლებს, არამედ გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის დამოუკიდებლობის საკითხებს.

 

ამასთან, მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რაოდენ მნიშვნელოვანია რუსთავი 2-ის გარშემო არსებული დავა დაბრუნდეს მართლმსაჯულების სისტემაში. პროცესში ჩართულმა პირებმა – სამართლებრივი დავის მონაწილეებმა, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, მოქალაქეებმა, საერთაშორისო თანამეგობრობამ და, უპირველესად, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ – უნდა მიმართონ ყველა დემოკრატიულ ზომას, რომ შეინაჩუნონ სამოქალაქო მშვიდობა. ყველას უნდა გვახსოვდეს, ამგვარი ქმედებებით რა ზიანი შეიძლება  მიადგეს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო
ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო

მასალების გადაბეჭდვის წესი