ახალი ამბები

კონსტიტუციის 42-ე მუხლი რუსთავი 2-ს მოუწოდებს, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება გაასაჩვროს

6 ნოემბერი, 2015 • • 972
კონსტიტუციის 42-ე მუხლი რუსთავი 2-ს მოუწოდებს, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილება გაასაჩვროს

არასამთავრობო ორგანიზაცია ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აცხადებს, იმისათვის, რომ ”რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებული მოვლენები დაბრუნდეს სამართლებრივ ჩარჩოებში და მოვლენები ძალადობრივი სცენარით არ განვითარდეს, მოუწოდებს ”რუსთავი 2”-ს, დაუყოვნებლივ გაასაჩივროს სასამართლოში თბილისის საქალაქო სასამართლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ნორმის კონსტიტუციურობის დადგენის მოთხოვნით, რომელიც საქართველოს საერთო სასამართლოებს აძლევს დრობითი მმართველების დანიშვნის საშუალებას.

 

ორგანიზაცია მიმართავს საერთო სასამართლოებს, რომ დაარღვიონ მანკიერი პრაქტიკა და დაუყოვნებლივ განიხილონ საჩივარი გუშინდელ განჩინებაზე, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოუწოდებს, მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში, პირველ რიგში, განიხილონ საკითხი ნორმის მოქმედების შეჩერების თაობაზე.

 

”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” მოუწოდებს აღმასრულებელ ხელისუფლებას, რომ გამოიჩინონ მეტი გონიერება და პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენების მიმართ და ხისტი ქმედებებით არ მოახდინონ სასამრთლოს 5 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულება საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, რადგან ხელისუფლების ამგვარი მოქმედება გამოიწვევს ვითარების კიდევ უფრო მკვეთრ დაძაბვას და შესაძლოა მიგვიყვანოს არეულობამდე.

 

ორგანიზაციის შეფასებით, ”რუსთავი 2”-ის გარშემო დაძაბული ვითარების გამო პროცესი მთლიანად გადის სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოებიდან და ზრდის საშიშროებას მოვლენების იმგვარად განვითარებისა, როგორც ეს მოხდა რვა წლის წინ. რამაც გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული გზით განვითარებას, ისე ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

კონსტიტუციის 42-ე მუხლი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი

მასალების გადაბეჭდვის წესი