ახალი ამბები

საყევარიშვილი: ”რუსთავი 2”-ში კრიტიკული აზრი არ ჩაკვდება

6 ნოემბერი, 2015 • • 967
საყევარიშვილი: ”რუსთავი 2”-ში კრიტიკული აზრი არ ჩაკვდება

”ჩვენ, როგორც დროებითი მმართველები, მოწოდებული ვართ, რომ უზრუნველვყოთ კომპანიის წარმატებული და შეუქცევადი საქმიანობა, განურჩევლად იმისა, როგორ დამთავრდება ეს სამართლებრივი დავა, რომ ის მეპატრონეს ჩაბარდეს, როგორც გამართული ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებს, არის მოგებაზე გასული, არის რეიტინგული და ასე შემდეგ. მთავარი კითხვა, რაც არის და ბევრჯერ გაჟღერდა ამაზე პასუხი, ეს ჩემთვისაც კრიტიკულია და ჩემი თანხმობის ერთ-ერთი საფუძველი ეს გარანტია იყო, რომ ”რუსთავი 2”-ში კრიტიკული აზრი არ ჩაკვდება. ეს არის ჩვენი ყველას ერთობლივი ხედვა და ეს ასეც იქნება. გავა დრო და ყველა ამას დაინახავს. მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას ”რუსთავი 2”-ში, მე თვითონაც იქ ვმუშაობდი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მყავს ბევრი მეგობარი, ზოგიერთთან წლების, ზოგიერთთან ათწლეულის მეგობრობაც მაკავშირებს. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ, არც ერთი ადამიანი ”რუსთავი 2”-ს არ დატოვებს, თუ ეს არ იქნება მისი პირადი არჩევანი და, რასაკვირველია, ეს არ იქნება მის პრინციპებთან კონფლიქტში მოსვლა, რომელიც აღიარებულია საზოგადოდ, როგორც ჟურნალისტური პრინციპები, რომელსაც ყველა ობიექტური ტელევიზია უნდა იცავდეს. ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, ვფიქრობ, ამას არაფერი შეუშლის ხელს. ვთვლი, რომ ”რუსთავი 2”, რომელიც დღეს არის ნომერ პირველი ტელევიზია, ამ ადგილს აუცილებლად შეინარჩუნებს, და უფრო გააძლიერებს”, – განაცხადა რევაზ საყევარიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

”რუსთავი 2”-ის ჟურნალისტის კითხვაზე, რომ დაახლოებით იგივე განცხადება კეთდებოდა, როდესაც იმედში შეიცვალა მმართველობა და რევაზ საყევარიშვილი დაინიშნა ხელმძღვანელად, დაახლოებით 44 ადამიანი გაათავისუფლეს, საყევარიშვილმა უპასუხა, რომ ასეთ განცხადებას ვერ იხსენებს:

 

”მე არ მახსოვს ჩემი ასეთი განცხადება იმედში გაკეთებული. კიდევ ერთხელ გეუბნებით, დღევანდელი ეს განცხადება შეგიძლიათ შეამოწმოთ დროთა განმავლობაში ასე იქნება თუ არა. დავითმაც თქვა და ბატონმა ქიბარმაც ბრძანა, რომ არანაირი მსგავსი რამ არ იგეგმება. ”რუსთავი 2”-ის ის გუნდი, რომელიც ქმნის ”რუსთავი 2”-ს დღევანდელი სახით და ბევრი წლის განმავლობაში, არის ის ბირთვი და ის ძირითადი აქტივი, რომელიც ამ ტელევიზიას გააჩნია, ამას ჩვენ ყველანი ძალიან კარგად ვაცნობიერებთ”, – განაცხადა საყევარიშვილმა.

 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 5 ნოემბრის განჩინებით, რუსთავი 2–ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას და ფინანსურ დირექტორს კახა დამენიას უფლებამოსილება შეუჩერდათ. ტელეკომმანიის დროებით მმართველებად ტელეკომპანია იმედის ყოფილი დირექტორი რევაზ საყევარიშვილი და დავით დვალი დაინიშნენ.

 

რევაზ საყევარიშვილი
რევაზ საყევარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი