“მადლობა ბატონ ქიბარს იმ წინადადებისთვის, რაც მივიღეთ მე და ჯარჯიმ, ჩვენ ვიყავით ერთად, ვისაც ეს ტელევიზია თავის დროზე წაართვა სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამ და იმ დღიდან არ დაგვიკარგავს იმედი, რომ დავიბრუნებდით მას,” – განაცხდა დვალმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. მისი თქმით, მან და აქიმიძემ 2012 წელს მიმართეს პროკურატურას ამ საქმის გამო და გამოძიება დღემდე არ დასრულებულა.
დვალის თქმით, მას და ჯარჯი აქიმიძეს ჰქონდა საუბარი ქიბარ ხალვაშთან და მათი ხედვები ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით დაემთხვა, რის გამოც მის წინადადებას დათანხმდა,
“ჩემი გადაწყვეტილება მიმაღებინა ბოლოდროინდელმა მოვლენებმა და იმ ინფორმაციებმა, რომლებმაც დაგვანახა, რასთან გვაქვს საქმე”, – განაცხადა დვალმა. მისივე თქმით, “ექსტრემისტების ჯგუფი ცდილობს ფარად ამოიფაროს ტელევიზია და გამოიყენოს ბრძოლის იარაღად” და ამ პროცესების შესაჩერებლად ის დათანხმდა ხალვაშის შეთავაზებებს.
“მე ერთი რაღაც დავინახე, რომ ჩვენ თავის დროზე გვქონდა საშუალება, რომ ამოვფარებოდთ საკუთარ ჟურნალისტებს და დაგვეწყო ბრძოლა, გამოგვეყენებინა ეთერი, მაგრამ პრინციპულად არ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება – ჟურნალისტები ჩაგვერთო იმ ბრძოლაში, რომელიც ჟურნალისტებს არ ეხება”.
დვალის თქმით, მას, როგორც ტელევიზიის დამფუძნებელს და რუსთავი 2-ის გულშემატკივარს, რომელსაც “ბევრი შრომა და ოფლი აქვს ჩადებული სრულიად უანგაროდ”, ამოძრავებს ის მოტივაცია, რომ არ დაუშვას, “ტელევიზია ქაოსს შეეწიროს და რეიტინგის ვარდნა იყოს”.
“ვთვლი, რომ ეს ტელევიზია ჩემია და მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ტელევიზია გაძლიერდეს, დაფუძნებული იყოს თავისუფალი სიტყვის პრინციპებზე”.
დავით დვალის თქმით, ისინი არც ერთი თანამშრომლის დათხოვას არ აპირებენ რუსთავი 2-იდან, გარდა გენდირექტორის და ფინანსური დირექტორისა.
“ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობს და არავინ არ ჩაერევა ჩვენს საქმიანობაში, ჩვენ ვილაპარაკეთ ქიბართან მაგ თემაზეც. თუ ვინმეს უხარია მთავრობაში, ახლავე ვაფრთხილებ, რომ არავის თავში არ მოუვიდეს, ერთი ზარი მაინც გააკეთოს ვინმესთან და ზეწოლა განახორციელოს ჟურნალისტებზე”, – განაცხადა დავით დვალმა.
