ახალი ამბები

ძმები ყარამანიშვილების განცხადება რუსთავი 2-თან დაკავშირებით

3 ნოემბერი, 2015 •
ძმები ყარამანიშვილების განცხადება რუსთავი 2-თან დაკავშირებით

“პირველ რიგში, მადლობას ვუხდით ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში იცავდა და გულშემატკივრობდა რუსთავი 2-ს და სიტყვის თავისუფლებას. ყველა რიგით საქართველოს მოქალაქეს, ყველა პოლიტიკურ ძალას და ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას. თქვენ თქვენი თანმიმდევრული, პრინციპული და სამართლიანი ბრძოლით ამ ეტაპზე მოახერხეთ, შანსი მიგეცათ დემოკრატიისთვის, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა სიტყვის თავისუფლებისთვის ჯერ კიდევ წინ არის. მთავარი მადლობა გვინდა ვუთხრათ რუსთავი2-ის თითოეულ თანამშრომელს, რომელთაც მთელი ამ პერიოდის განმვალობაში წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ უწევთ მუშაობა და მაინც უმაღლესი პროფესიონალიზმით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან თავის საქმეს. 


დღეს მთელი საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალწინ განხორციელდა პოლიტიკური მარლთმსაჯულების ძალადობრივი აქტი. სახელმწიფომ იძალადა არა კონკრეტულ კომპანიაზე, რუსთავი 2ზე, არამედ თავისუფალ სიტყვაზე და ქვეყნის ევროატლანრტიკურ მისწრაფებებზე. ჩვენ, რუსთავი 2- ის მფლობელები, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ეჭვი არ გვეპარება ჩვენს საბოლოო გამარჯვებაში, იმაში, რომ მიუხედავად ყველა წინააღმდეგობისა, მაინც შევძლებთ ჩვენი  საკუთრების დაცვას. რა მანიპულაციებსაც არ უნდა მიმართოს ხელისუფლებამ ზონდერმოსამართლეების მეშვეობით, ჩვენ მაინც შევინარჩუნებთ რუსთავი2-ს, რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა. სახელმწიფოში ჯერ კიდევ არსებობენ დემოკრატიის დამცველი ინსტიტუციები, როგორიც საკონსტიტუციო სასამართლოა და, რაც მთავარია, ამგვარია ქართველი ხალხის ნება, რომელსაც სურს დემოკრატია, ქვეყნის ევროატლატიკური ინტეგრაცია, სურს ქვეყნის წარმატებული მომავალი, რის წართმევასაც დღეს ცდილობს მოძალადე ხელისუფლება.


რუსთავი 2-ის გარეშე, კრიტიკული სიტყვის გარეშე, ქვეყანას ერთმევა წარმატებული განვითარების და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შანსი, რასაც მივყავართ სახელმწიფოსკენ, სადაც ერთი პირის ხელშია თავმოყრილი მთელი ხელისუფლება, მათ შორის სასამართლოც და მეოთხე ხელისუფლებაც – მედია, და უქმდება დემოკრატიის ფუნდამენტი – თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რის ნაცვლადაც ვიღებთ ხელისუფლების მითვისებას და ტოტალიტარულ რეჟიმს. 


ჩვენ გვინდა ყველას, პირველ რიგში, ჩვენი მაღალპროფესიონალური კოლექტივის გასაგონად განვაცხადოთ: რუსული სცენარით მიმდინარე ეს ოლიგარქიული თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე და ქვეყნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ვერ იქნება წარმატებული. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ. 


რუსთავი 2 არის და იქნება ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, ყველაზე მაღალპროფესიული და რეიტინგული მედია საქართველოში”, – ნათქვამია ყარამანიშვილების განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი