ახალი ამბები

მოსამართლემ რუსთავი 2-ს სხდომაზე პირდაპირი გადაცემის აპარატურის შეტანის ნება არ დართო

22 ოქტომბერი, 2015 •
მოსამართლემ რუსთავი 2-ს სხდომაზე პირდაპირი გადაცემის აპარატურის შეტანის ნება არ დართო

ტელეკომპანია “რუსთავი 2” სრულად ახორციელებს სასამართლოს პროცესის გადაღება-ჩაწერას და ვინაიდან ვიდეოკამერის მეხსიერების ბარათი ვერ იტევს დიდი მოცულობის მასალის ჩაწერას, პირდაპირი ჩართვის სიგნალით, პირდაპირ სერვერზე იტვირთება მასალა, საიდანაც ხდება მონტაჟი და შემდეგ ეთერში გაშვება.

 

აღსანიშნავია, რომ 19 ოქტომბრის სხდომაზე მოსამართლემ მისცა ანალოგიური უფლება ტელევიზიას. თუმცა ამჯერად უარი განუცხადა. ტელეკომპანია განმარტავს, რომ მას არ დაურღვევია 19 ოქტომბერს კანონი და პირდაპირ ეთერში არ გადაუცია სასამართლოს სხდომის არც ერთი ფრაგმენტი.

 

ამჟამად სასამართლოში ტექნიკური შესვენებაა გამოცხადებული იმისთვის, რომ რუსთავი 2-ის ადვოკატების მიერ მოხდეს იმ ვიდეომასალის ჩვენება, რაც საფუძვლად უნდა დაედოს მათ მორიგ შუამდგომლობას მოსამართლის აცილების თაობაზე. სიუჟეტი ეხება თელასის და საქართველოს ბანკის საქმეებს, სადაც ტელევიზიის ცნობით, იკვეთება მოსამართლე ურთმელიძის პირადი ინტერესები. 

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე
მოსამართლე თამაზ ურთმელიძე

ქიბარ ხალვაშის ადვოკატის, პაატა სალიას თქმით, იმისათვის, რომ ადვოკატებმა დააყენონ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა, უნდა არსებობდეს სხვა ახალი გარემოებები.

 

“არ ვიცი, მოვისმენთ ალბათ სასამართლოზე პოზიციას, ამის მიხედვით გავცემთ პასუხს, რამდენად არგუმენტირებულია ის საფუძვლები, რასაც მოსამართლეს წაუყენებენ. იდეაფიქსად იქცა მოსამართლის აცილება და ზოგადად ჩვენი პოზიციაა, რომ სასამართლოს აცილება უნდა რუსთავი 2-ის და პარტნიორების წარმომადგენლებს”, – განაცხადა პაატა სალიამ.


 

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 10:00 საათიდან დაიწყო რუსთავი 2-ის საქმის განხილვა. ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ მოსამართლე დღეს გამოიტანს გადაწყვეტილებას რუსთავი 2-ის წინააღმდეგ. მან მასზე განხორციელებული მუქარისა და შანტაჟის შესახებაც ისაუბრა.

 

 

 

საქმე ეხება ქიბარ ხალვაშის რუსთავი 2-ის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს, რომლითაც სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა. ხალვაში “რუსთავი 2″–ისგან 500 000 აშშ დოლარის ოდენობით კომპენსაციას, ასევე ამჟამინდელი მეწილეების, პარტნიორების საკუთრების გაუქმებას და მესაკუთრეებად  ქიბარ ხალვაშის 60%-იანი და შპს “პანორამის” 40%–იანი წილების ცნობას ითხოვს. ამ მოთხოვნებს კიდევ 18 მილიონი აშშ დოლარი დაემატა, რომელსაც ხალვაში რუსთავი 2-ისგან კომპენსაციის სახით ითხოვს.

 

 

 

აგვისტოში ხალვაშმა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოითხოვა რუსთავი 2-ის ქონების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ქონების დაყადაღების გარდა, სასამართლომ  დირექტორსა და მეწილეებს შეუზღუდა გარკვეული უფლებები, კერძოდ, არსებული ქონების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა, ვალდებულებების აღება, პროკურის გაცემა, წლიური შედეგების დამტკიცება, საზოგადოების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია, წესდებაში ცვლილების შეტანა და სხვა.

 

 

 

1 ოქტომბერს  ცნობილი გახდა, რომ ხალვაშის მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 51% წილის მფლობელი შპს “ტელეკომპანია საქართველოს” წილებიც დააყადაღა.

 

 

 

ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ სასამართლოში მიმართვის საფუძველი გახდა “ტელეკომპანია საქართველოს” წილის გასხვისება, რაც  იწვევდა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ში 51%-იანი წილის მფლობელის ცვლილებას.

 

 

 

საჯარო რეესტრში 29-30 სექტემბერს განთავსებული დოკუმენტაციის მიხედვით, ტელეკომპანია საქართველოში გიორგი ყარამანიშვილის 40%-იანი და ლევან ყარამანიშვილის 60%-იანი წილები დიმიტრი ჩიქოვანმა შეისყიდა 400 ათას აშშ დოლარად. ჩიქოვანი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. კეზერაშვილს საქართველოში რამდენიმე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი, რის გამოც მას ქვეყანა დატოვებული აქვს და საფრნაგეთში ცხოვრობს.

 

 

 

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ეს თანხა ჩიქოვანს ძმებ ყარამანიშვილებისთვის ორ ტრანშად უნდა გადაეხადა: 200 ათასი 31 ოქტომბრამდე და დარჩენილი 200 ათასი – 2016 წლის 31 იანვრამდე.

 

 

 

ამას გარდა, განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალმა მეპატრონემ გრაფიკით უნდა გამოყოს ეს თანხა პირდაპირი ან არაპირდაპირი ინვესტიციის სახით.

 

 

 

“ტელეკომპანია საქართველოს” მეწილეების ეს ცვლილება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაყადაღების შემდეგ მეწილეები ვეღარ შეიცვლება.

 

 

 

რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა ეს ფაქტი შეაფასა, როგორც ხელისუფლების მიერ ტელეკომპანიის ფაქტობრივი დახურვა.

 

 

 

დღევანდელი სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობებთან ტელევიზიის მხარდამჭერები შეიკრიბებიან.


მასალების გადაბეჭდვის წესი