ახალი ამბები

საპარლამენტო კომიტეტის კვლევა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე

20 ოქტომბერი, 2015 •
საპარლამენტო კომიტეტის კვლევა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე

კვლევის თანაავტორის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ჯგუფი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მასშტაბების განსაზღვრისა და მსგავსი მოპყრობის ფაქტების დამალვის სისტემურობის გამოვლენის მიზნით შეიქმნა. კვლევას ასევე, უნდა გამოერკვია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მოტივაცია, მისი ინტენსივობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში.

 

კომისიამ შეისწვლა მხოლოდ ის განცხადებები, რომლებიც საქართველოს პარლამენტში 2012 წლის 1 ოქტომბრიდან შევიდა, რადგან წინა წლების მონაცემების ბაზა არ არსებობს.

 

“წინა წლების პარლამენტში შემოსული განცხადებების ბაზებზე არ გვიმუშავია. ეს მოხდა იმ მარტივი მიზეზით, რომ მსგავსი ბაზა არ არსებობდა. აღმოჩნდა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში ადამიანებს არ შემოქონდათ განცხადებები ამასთან დაკავშირებით,”- აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.

 

ამ დროის განმავლობაში კომისიაში დამუშავდა 6000-მდე განცხადება. მათგან 745 განცხადებაში განმცხადებელმა ხაზი გაუსვა, რომ მათ მიმართ გამოიყენებოდა გარკვეული დროის პერიოდში და სხვადასხვა ლოკაციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდები. კერძოდ, მათზე ძალადობდნენ ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები. ხოლო 402-მა განმცხადებელმა კონკრეტულად დაასახელა ის გარემოებები, რა პირობებშიც მათ აწამებდნენ.

 

კვლევამ დაადგინა, რომ წამება არ ატარებდა ენდემურ ხასიათს, ანუ არ იყო დამახასიათებელი მხოლოდ ერთი სასჯელაღსრულების დაწესებულებისათვის. როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, ის ატარებდა საყოველთაო ხასიათს.

 

“წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდებს გამოიყენებდნენ ყველგან და მაშინ, როდესაც ამას საჭიროება მოითხოვდა,”- აცხადებს გოგიჩაიშვილი.

 

როგორც გოგიჩაიშვილი აცხადებს, წამების უწყვეტობას საქართველოს პროკურატურა უზრუნველყოფდა:

 

“წამება მიმდინარეობდა მაშინ, როდესაც პირი იმყოფებოდა პოლიციის ხელში და ინტერესიდან გამომდინარე წამება გრძელდებოდა პირისაგან სასურველი ჩვენების ან სადამსჯელო ღონისძიების გატარების მიზნით. ამ შემთხვევაში ორ უწყებას აკავშირებდა პროკურატურა.”

 

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, სახელმწიფო თავად იყო ადამიანთა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის უშუალო დამკვეთი.

 

კვლევის შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ სასამართლო საკმარის ყურადღებას არ იჩენდა წამების ფაქტების მიმართ.

 

“სასამართლოში, როდესაც დამცველები მიუთითებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, განმცხადებლები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში სასამართლო ამას ყურად არ იღებდა და პირიქით, თვალს ხუჭავდა.”

 

კომიტეტში შესული განცხადებების ავტორები, ასევე, მიუთითებენ მათი დამცველების არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.

 

“როდესაც არ ახმაურებნენ მათი დამცველები ან ეუბნებოდნენ საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფს, რომ ამის გახმაურება უფრო მეტ პრობლემას შეუქმნიდათ,”- აცხადებს გოგიჩაიშვილი.

 

ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები ხშირ შემთხვევაში იყვნენ ადამიანთა წამების მაპროვოცირებელნი.

 

“პირადად ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი წერილი, რომელიც გაიგზავნა სახალხო დამცველის აპარატში, აღმოჩნდა დირექტორის ოთახში, რაც გახდა ჩვენ მიმართ გარკვეული სანქციების გამოყენების მოტივაცია.”

 

გოგიჩაიშვილის თქმით, არაერთი განმცხადებელი მიუთითებს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლები მათთან შედიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ არ ეთანამშრომლათ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მეტი პრობლემა შეექმნებოდათ.

 

გოგიჩაიშვილის თქმით, წამების ხერხები გამოიყენებოდა ხელისუფლების შესანარჩუნებლად. ასევე, პროკურატურისა და პოლიციის ხელში ის იყო მარტივი ხერხი სასურველი ჩვენების მისაღებად.

 

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდებს გამოიყენებდნენ, როგორც სრულწლოვანი, ასევე არასრულწლოვანი პატიმრების მიმართ.

 

“წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემდეგ ადამიანები მიდიოდნენ უკიდურეს მდგომარეობამდე და ჩადიოდნენ დანაშაულს, რასაც იყენებდა ისევ სასჯელაღსრულების მხარე და უმატებდა მათ სასჯელს,”- აცხადებს გოგიჩაიშვილი.

 

წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მეთოდებს გამოიყენებდნენ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის ადამიანების მიმართ.

 

განმცხადებლებმა დაასახელეს 32 პროკურორი, რომლებიც სავარაუდოდ იღებდნენ მონაწილეობას მათ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში. ასევე დასახელდა 69 პოლიციელი, 77 სასჯელაღსრულების თანამშრომელი, რამდენიმე მინისტრი და 9 სასჯელაღსულების სამედიცინო სამსახურის თაანამშრომელი.

 

ის განმცხადებლები, რომლებიც სხვადასხვა დროის მონაკვეთში გახდნენ წამების მსხვერპლი, ხშირ შემთხვევაში იმეორებენ და ასახელებენ ერთსა და იმავე პიროვნებას, რომლებიც მათ წამებაში მონაწილეობას იღებდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი