ახალი ამბები

ბენსუდა: 2008 წლის ომის დროს საქართველოში ჩადენილ ყველა დანაშაულს გამოვიკვლევთ

16 ოქტომბერი, 2015 •
ბენსუდა: 2008 წლის ომის დროს საქართველოში ჩადენილ ყველა დანაშაულს გამოვიკვლევთ

“13 ოქტომბერს მივმართე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეებს და მოვთხოვე უფლებამოსილების მონიჭება, რომ შეგვძლებოდა გამოძიების დაწყება საქართველოში 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით. მე მხოლოდ მაშინ დავიწყებ გამოძიებას, როდესაც მოსამართლეები მომანიჭებენ უფლებამოსილებას. ეს მხოლოდ ჩემი მიმართვა იყო და მჭირდება სამი მოსამართლის მხარდაჭერა, რომლებმაც ეს მოთხოვნა უნდა შეისწავლონ. ჩვენ ვიცავთ რომის სტატუსს, საქართველო რომის სტატუტის მონაწილე ქვეყანაა. შესაბამისად, ნებისმიერ დანაშაულზე, რომელიც ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ გვექნება იურისდიქცია დავიწყოთ კვლევა. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ეროვნებას მიეკუთვნება ესა თუ ის პირი”, – განაცხადა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ.

 

აღნიშნული განცხადება ფატუ ბენსუდამ საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრის დროს განაცხადა. ფატუ ბენსუდა აპირებს, რომ შეხვდეს დევნილებსა და საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჰააგის პროკურორი დღეს, 17 საათზე ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართავს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 29.09.2015 (C) EPA/PETER DEJONG / POOL
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი ფატუ ბენსუდა 29.09.2015 (C) EPA/PETER DEJONG / POOL

მასალების გადაბეჭდვის წესი