ახალი ამბები

დავითაშვილის განმარტება ჰააგის დასკვნის არცოდნაზე

20 დეკემბერი, 2022 • 851
დავითაშვილის განმარტება ჰააგის დასკვნის არცოდნაზე

ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის მიერ ბიზნესგადაცემის ეთერში გაკეთებულ განმარტებას 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე ჰააგაში ჩატარებული გამოძიების შედეგებთან დაკაშირებით.

19 დეკემბერს, მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ლევან დავითაშვილს ჰკითხეს, რა შეუძლია თქვას ჰააგის გამოძიების შედეგებზე, რომელიც მთავრობამ „თითქოს არ შეიმჩნია“.

„ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, არ ვარ საქმის კურსში, შესაბამისად, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მისი პასუხი არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.

„მინდა აქვე გამოვეხმაურო მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგს, როდესაც კითხვა დაისვა ჰააგის პროკურატურის ერთი ეტაპის დასრულებასთან დაკავშირებით და ჩემი მხრიდან იყო პასუხი, რომ ინფორმაციას არ ვფლობდი. მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე საერთაშორისო ვიზიტი მოგვიწია და ამიტომ ჩავთვალე, რომ კითხვა ეხებოდა ბოლო წუთებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ჩემთვის არ იყო ცნობილი. ამიტომ მინდა მოსახლეობისთვის განვმარტო, რომ ჩემი პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე არასწორად იყო ინტერპრეტირებული“, — განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა იყო წინაპირობა, რომ დამდგარიყო გამოძების ის შედეგი, რაც დღეს გვაქვს.

„პირველად, 20 წლის განმავლობაში, მათ დაასრულეს ძიების პირველი ეტაპი. თუმცა ძალიან ბევრი რამ მომავალში უნდა გაკეთდეს იმიტომ, რომ აღსრულებაა მნიშნელოვანი პროცესი და აღსრულების პროცესში იუსტიციის სამინისტრომ გააკეთა მკაფიო განცხადება, თუ რა ნაბიჯებს დგამს და გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სხვადასხვა ეტაპზე ცალსახად ჩანს, საქართველოს მთავრობის და იუსტიცის სამინისტროს აქტიური ჩართულობით რა შედეგები დადგა დღეს და რა შედეგები იყო მანამდე. ამიტომ ის აჟიოტაჟი, რაც ოპოზიციის მხრიდან იყო გამოწვეული, ჩემთვის აბსოლუტურად გაურკვეველია“, — განაცხადა დავითაშვილმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 7-წლიანი გამოძიების დასრულების შესახებ 16 დეკემბერს განაცხადა.

გამოძიების შედეგად, ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა. 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი — 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი — აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი —სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია.

საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მე-5 დღეა არ გამოხმაურებიან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) 2008 წლის აგვისტოს ომზე გამოძიების დასრულებას, რომელმაც ქართული მხარის უდანაშაულობა დაადასტურა.

ეს ჩემი მთლიანად გამართლებაც არის – სააკაშვილი ჰააგაზე

ზურაბიშვილის წიგნის საპასუხოდ, “ოცნება” ბაქრაძეს PACE-ს რეზოლუციის მხარდაჭერას ახსენებს

მასალების გადაბეჭდვის წესი