ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ჰააგამ ვერ გამოიძია ომის რეალური დამნაშავეები” – რას ფიქრობენ ცხინვალში

4 იანვარი, 2023 • 3760
“ჰააგამ ვერ გამოიძია ომის რეალური დამნაშავეები” – რას ფიქრობენ ცხინვალში

სტატიაში გამოყენებულია ტერმინოლოგია, რომელსაც აფხაზები და ოსები იყენებენ.  აქ გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ნეტგაზეთის პოზიციებს.


2008 წლის  რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილი არ არიან არც სამხრეთ ოსეთის საზოგადოება და არც უფლებადამცველები. 

16 დეკემბერს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების ეტაპი დასრულდა.

თავიდანვე ცხადი იყო, რომ საერთაშორისო სასამართლო ვერ შეძლებდა დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას იმ ტერიტორიებზე, სადაც არ აღიარებენ რომის სტატუსს [სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდება]. თუმცა თორმეტი წლის განმავლობაში დამნაშავეების დადგენა შესაძლებელი იყო. 

საბოლოოდ, ბრალდება მხოლოდ სამ პირს წაუყენეს. სამივე მათგანი სამხრეთ ოსეთიდანაა. 30 ივნისს ჰააგის სასამართლომ მათ დაპატიმრებაზე ორდერები გასცა.  

საქმე შეეხება მაშინდელ შს მინისტრს მიხეილ მინძაევს, საგამოძიებო იზოლატორის უფროსს ჰამლეტ გუჩმაზოვსა და ადამიანის უფლებების საკითხებში უფლებამოსილ პირს [კანდიდატი 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ახლანდელი პარლამენტის დეპუტატი] დავით სანაკოევს. 

საერთაშორისო სასამართლო მათ ადანაშაულებს ქართულ სოფლებში დარჩენილი მოქალაქეების მძევლებად აყვანაში იმ მიზნით, რომ შემდგომ გაეცვალათ ქართველი სამხედროების მიერ სამხედრო ოპერაციის დროს დაკავებულ პირებში. 

სასამართლოს აზრით, დავით სანაკოევი, რომელიც იმჟამად წარმოადგენდა სამხრეთ ოსეთის მხარეს ტყვეთა გაცვლის საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში, მძევლების ბედით აშანტაჟებდა საქართველოს პრეზიდენტს, შეეწყალებინა შვიდი ბრალდებული სამხრეთ ოსეთიდან და  შეეყვანა ტყვეთა გაცვლის სიებში. 

არის მეოთხე ბრალდებულიც, გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ ბორისოვი, რომელიც ასევე მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში რუსეთის მხრიდან, თუმცა 2021 წლის ნოემბერში გენერალი გარდაიცვალა.

ომის ეს ეპიზოდი დაახლოებით ასე გამოიყურება: 

სამხედრო ოპერაციის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, თუმცა დაახლოებით 150-170 ადამიანი საკუთარ სახლებში დარჩა. აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფაზის დასრულების შემდეგ სამხრეთ ოსეთის დანაყოფები, ქართველი სამხედროების დევნის მიზნით, ამ სოფლებში შევიდნენ. სწორედ იქ ნაპოვნი მშვიდობიანი მოქალაქეები შეკრიბეს ცხინვალში, შსს-ს დროებითი განთავსების იზოლატორში.

სამხრეთ ოსეთში თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ იქ აღმოჩენილი ყველა ქართველი არ ყოფილა დაკავებული სამხედროების მიერ, ბევრი მათგანი ადგილობრივმა ოსებმა მიიყვანეს იქ, რადგან, მათი თქმით, “ქართველები იყვნენ შეშინებული, დაკარგული და არ იცოდნენ, რა უნდა ექნათ”.

სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების ვერსიით, ოსური მხარის ამოცანა იყო, არ დაეშვათ უარესი სცენარი: სოფლების მცხოვრებლები იყვნენ გაბრაზებული, ბევრ მათგანს დაეწვა სახლი, დაკარგა უახლოესი ადამიანები, მოსახლეობას აღმოაჩნდა დიდი რაოდენობით ის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ქართველმა სამხედროებმა გზადაგზა დატოვეს. დაცარიელებულ ქართულ სოფლებში კი მოროდიორები დადიოდნენ. 

სამხრეთ ოსეთის ჩინოვნიკების თქმით, ქართული ანკლავების მცხოვრებლები მოხარული იყვნენ საქართველოში გადასვლით. საერთაშორისო სასამართლოს გამოძიების შესაბამისად კი, ადამიანებს საკუთარ სახლებში დარჩენა სურდათ, თუმცა მაინც გამოაძევეს. 

მოვლენების თვითმხილველი ოსი მეომრების მონაყოლით, სიმართლე სადღაც შუაშია. მოროდიორებისგან გადაღლილი დარჩენილი ქართველები ოსმა ნათესავებმა და ახლობლებმა დაარწმუნეს, ქართულ მხარეს გადასულიყვნენ. შესაბამისად, სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას აღარც დაჭირვებია ზედმეტი ძალისხმევა მათ გასაძევებლად.

სამხრეთ ოსეთის მხარის ვერსიით, მათ ქართველები გადაარჩინეს, თუმცა სასამართლოს მტკიცებით, ეს ადამიანები გაცვლის მიზნით მძევლებად აიყვანეს.  

აღნიშნულ საკითხში საერთაშორისო სამართალი ძალიან მკაცრია: მშვიდობიანი მოქალაქეების ძალადობრივი გადაადგილება აკრძალულია. ნებისმიერის გაყვანა სურვილის შემთხვევაში უნდა მოხდეს და ადგილზე დარჩენილებისთვის უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თუმცა ამ ნორმის მომხრე უფლებადამცველებიც კი ასეთ შემთხვევებს ვერ იხსენებენ. 

უფლებადამცველ ვარვარა პახომენკოს აზრით, ეპიზოდი არაა ცალსახად შესაფასებელი, თუკი გამოძიების შედეგებით ვიმსჯელებთ:

“შემიძლია სასამართლოს ლოგიკა წარმოვიდგინო: გაცვლის თითოეული პროცესი უნდა განვიხილოთ როგორც უკანონო, იმიტომ, რომ ის ტარდებოდა უკანონოდ და თვითაღიარებული ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. თუმცა დანაშაულები ყოველთვის რაღაც კონტექსტს ებმის. ამჟამად ეს კონტექსტი შეიარაღებული კონფლიქტია, რომლის დროსაც შეიძლება იყოს ჩადენილი სხვადასხვა დანაშაული. 2008 წლის ომში საქართველოსაც ჰქონდა ჩადენილი სხვადასხვა დანაშაული, თუმცა ჩემთვის რთულია ვუწოდო დანაშაული ტყვეებისა და დაკავებულების გაცვლის ხელშეწყობას.

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ როგორც წესი, ყველა ომში ტყვეთა გაცვლის პროცესი რთულია და ძალიან პოლიტიზებული. 

“ყველგან გააკრიტიკებენ მათ, ვინც ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას. მეორე საკითხია, სასამართლო რომ არ წავიდა მაღალი მიზნების მისაღწევად. ასეა თუ ისე, ეს ომი არ მიმდინარეობდა რუსეთის მონაწილეობის გარეშე, შემდეგ კი, უკვე საქართველოს მონაწილეობის გარეშე. თუმცა გამოძიებას არაფერი გაუკეთებია რუსეთთან დაკავშირებით, გარდა იმისა, რომ ერთი დამნაშავე დაასახელა, შემდეგ კი თქვა, რომ ის უკვე გარდაცვლილია. ვფიქრობ, საერთაშორისო  დონის სასამართლომ დამნაშავეებად უნდა განსაზღვროს არა დაბალი რანგის შემსრულებლები, არამედ სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელებიც, ისინი, ვინც გადაწყვეტილებებს იღებდა”. 

ისინი კი, ვინც სასამართლომ დამნაშავეებად დაასახელა, დაბალი რანგის შემსრულებლები არიან.

სასამართლო გვარწმუნებს, რომ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს ორი პირი მონაწილეობდა ქართული სოფლების განადგურებისა და დანარჩენი მოსახლეობის დაკავების პროცესში, ასევე, გადაწყვეტილებას ტყვეთა გაცვლაზე იღებდა დავით სანაკოევი, რომლის უფლებამოსილება სახალხო დამცველის შესახებ ადგილობრივი კანონის [რუსული კანონის იდენტური] მიხედვით, ძალიან შეზღუდულია და არ ვრცელდება სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე.

სრულიად ცხადია, რომ სანაკოევს არ ჰქონია და ვერც ექნებოდა პოლიტიკური წონა, არც ფორმალური უფლებამოსილება, რომ გაცვლაზე გადაწყვეტილება მიეღო. ის მხოლოდ ასრულებდა სხვების გადაწყვეტილებებს. ამასთან, საკუთარი ინიციატივით ვერც ჩართავდა ტყვეთა სიებში ვინმეს და ვერც ამოიღებდა. 

დავით სანაკოევი ამ ისტორიაში მხოლოდ “მოლაპარაკე თავია”. ამასთან, დამკვირვებელ ექსპერტთა აზრით, “თავი”, რომელიც “საჭიროზე მეტს” ლაპარაკობდა და საკუთარი თავი დააზარალა. სხვა როლი მას არ ჰქონია. 

შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო გამოძიება ომის ვერც ამ ეპიზოდს ჩაუღრმავდა სათანადოდ და ვერ გამოიძია რეალური დამნაშავეები. 

ტყვეთა გაცვლის კონტექსტში სასამართლოს მიერ არც პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის გვარი გახმიანებულა.   

ცხადია, მომხდარს რუსეთის გარეშე არ ჩაუვლია. თუმცა გამოძიებას არ უსაუბრია იმის შესახებ, თუ როგორ ტარდებოდა სამხედრო ოპერაცია. 

რიგ კითხვებს ბადებს ისიც, თუ რატომ არ განიხილებოდა ქართველი ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ჩადენილი დანაშაულები – იგივე ზარის გზაზე მომხდარი ფაქტი – სამოქალაქო ავტომობილების ჩაცხრილვა, როდესაც მშვიდობიანი მოსახლეობა საბრძოლო მოქმედებების ზონიდან თავის დაღწევას ცდილობდა. 

ან თუნდაც ქალაქისთვის ცეცხლის გახსნა “გრადის” დანადგარებიდან. შეეცადა კი გამოძიება გამოერკვია, სად მდებარეობდა ქალაქში სამხედრო ობიექტები, ვინ იღებდა გადაწყვეტილებას ობიექტის შერჩევაზე ან საარტილერიო ცეცხლის ფართობზე? ცხადია, ანალოგიური კითხვები აქვს ქართულ მხარესაც, თუმცა სასამართლო ამ ყველაფერზე არ საუბრობს. 

შესაძლოა, ამ დუმილში არის რაღაც ლოგიკა, თუმცა რიგით მოქალაქეებისთვის მისი გაგება რთულია.  

უფლებადამცველ ვარვარა პახომენკოს თქმით, არსებობდა იმედი, რომ საერთაშორისო სასამართლო, როგორც საერთაშორისო ორგანო, შეძლებდა სამართლიანობის დადგენას იმ ვითარებაში, სადაც არც რუსეთის, არც საქართველოს ან სამხრეთ ოსეთის ხელმძღვანელობა არანაირ გამოძიებას არ ატარებდა.  

“გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სამართლიანობის აღდგენა, მსხვერპლთა და დამნაშავეთა დადგენა, რაც ადამიანებს აქაც და იქაც, თუნდაც თაობების შემდეგ, დაანახებს შერიგების პერსპექტივას. ყველა კონფლიქტი ადრე თუ გვიან სრულდება და სიცოცხლე გრძელდება. ამ კუთხით კი უკიდურესად მნიშვნელოვანია არა იმდენად დამნაშავეების ძებნა, არამედ მსხვერპლის დადგენა, რაც არ გაკეთებულა ამ შემთხვევაში. მართალია, გადაწყვეტილებაში ჩამოთვლილი ხალხი იყო მსხვერპლი, თუმცა გამოძიებამ ძალიან შერჩევითი მიდგომა გამოავლინა”. 

სასამართლოს სასარგებლოდ კი იმის თქმა შეიძლება, რომ 2014 წლიდან სასამართლოსთან კომუნიკაცია შეწყვიტეს რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომდგენელებმა.

სწორედ ამ მიზეზით არ არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი გამოძიებაში – უშუალო კომუნიკაცია მსხვერპლებთან, მოწმეებთან, რის გამოც შესაძლო დანაშაულები ვერ გამოიძიეს.

იქმნება განცდა, რომ რადგან სასამართლომ ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება, გადაწყვიტა ომის ის ეპიზოდი გამოეძიებინა, სადაც ინფორმაციის შეგროვება შეძლო.

ვარვარა პახომენკოს აზრით:

“სასამართლოზე დიდი მოლოდინები იყო დამყარებული, თუმცა მისი გადაწყვეტილება საქართველოშიც არ არის ბოლომდე მისაღები, რაც მთლიანობაში ნდობას კარგავს საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტების მიმართაც. ასეთ შემთხვევაში, იქნებ უკეთესიც ყოფილიყო უარი ეთქვათ რაიმე ბრალდებებზე, როდესაც გამოსაძიები მასალების მიმართ ხელმისაწვდომობა იმდენად შეზღუდულია, რომ დანაშაულის მასშტაბის განსაზღვრა ძალიან რთული ხდება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი