ახალი ამბები

ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს — ვიცე-პრემიერი

19 დეკემბერი, 2022 • 940
ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს — ვიცე-პრემიერი

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ აგვისტოს ომის გამოძიების დასრულებიდან მე-4 დღეს ამბობს, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებული არ არის.

ლევან დავითაშვილს მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, რა შეუძლია თქვას ჰააგის გამოძიების შედეგებზე, რომელიც მთავრობამ „თითქოს არ შეიმჩნია“.

„ჰააგასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, არ ვარ საქმის კურსში, შესაბამისად, ვერ მოგაწვდით ინფორმაციას“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა კარიმ ხანმა 16 დეკემბერს განაცხადა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიების დასრულების შესახებ.

გამოძიების შედეგად, ქართული მხარის პასუხისმგებლობა არ გამოვლენილა. 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი — 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი — აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი —სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია.

ეს ჩემი მთლიანად გამართლებაც არის – სააკაშვილი ჰააგაზე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი