არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2008 წლიდან მოყოლებული, ადამიანის უფლებათა ცენტრი აკვირდებოდა აგვისტოს კონფლიქტის დროს ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიების მსვლელობას საქართველოში. 2011 წელს ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტმა გამოაქვეყნა ანგარიში – „არ შეუძლია, თუ არ უნდა?!“
ანგარიშში აღნიშნულია, რომ „საქართველოს ხელისუფლებას ნაწილობრივ არც უნარი აქვს და არც სურვილი, აწარმოოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და შემდეგ სავარაუდოდ ჩადენილი საერთაშორისო სამართლის დანაშაულებების ეფექტური გამოძიება“. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა საკითხი, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ აქტიურად გადადგას ნაბიჯები ამ დანაშაულების გამოსაძიებლად, აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრი.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ 2009 წელს ადამიანის უფლებათა ცენტრმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ დაახლოებით 130 პირის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული სიცოცხლის, წამების აკრძალვისა და საკუთრების უფლების ხელყოფის დადგენა. საქმეები რუსეთის წინააღმდეგ დღემდე იხილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
ადამიანის უფლებათა ცენტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზარალებულების საქმეებზე 30 დღის ვადაში მიმართავს. ორგანიზაციის წარმოებაში არსებული საქმეები საკუთრების უფლების მასობრივ დარღვევებს, სიცოცხლისა ხელყოფისა და მოროდიორობის სავარაუდო ფაქტებს ეხება.