ახალი ამბები

მღვდლის ნებართვით მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

13 ოქტომბერი, 2015 •
მღვდლის ნებართვით მოსწავლის შესაძლო ცემის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

ოზურგეთის წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სამრევლო სკოლის რექტორი, დეკანოზი მათე გორდელაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ ამავე სკოლის პედაგოგმა, მღვდელმა ვახტანგ თოხაძემ გასული წლის თებერვალში, გაკვეთილის დროს უფლება მისცა მე-8 კლასის მოსწავლეებს, რომ თანაკლასელისთვის, რომელმაც გაკვეთილზე დააგვიანა, ჯოხი “შემოერტყათ”

 

“როდესაც გავიგე ამის შესახებ ,დავიბარე მშობელიც და მასწავლებელიც, გავაანალიზეთ ყველაფერი, ვკითხე ბავშვს აზრი, მაშინ ასეთი დამოკიდებულება არ გვქონდა. მასხრობად თვლიდნენ თვითონ ბავშვებიც ამას, მაგრამ ჩავთვალე, რომ არ იყო სწორი საქციელი და მაინც დავიბარე ყველა შესახვედრად. ვისაც ჰქონდა ბოდიში მოსახდელი, იმან მოიხადა და არ ჰქონია ამას რაღაც ტრაგიკული ელფერი. [დღეს] გაამუქეს უბრალოდ ეს ამბავი,” – აცხადებს სკოლის რექტორი.

 

სასულიერო პირი ჟურნალისტებს ამბის გაზვიადებაში სდებს ბრალს. დღეს ამ ფაქტის თაობაზე ინფორმაცია გურიის რეგიონის მედიასაშუალებებმა- “გურია ნიუსმა” და “გურიის მოამბემ” გაავრცელეს.

 

რექტორის თქმით, ჯოხი, რომელიც მოსწავლეს დაარტყეს, მისსავე თანაკლასელს ეკუთვნოდა:

 

“ჩვენ ჯოხებითა და წკეპლებით გაკვეთილებს არ ვატარებთ. არც კი სტკენია იმ ბავშვს რამე.”

 

როგორც სკოლის რექტორი აცხადებს, მომხდარი ბავშვის სკოლიდან გადასვლის მიზეზი არ გამხდარა: “მას ეს სურვილი მანამდეც ჰქონდა, რადგან ფეხბურთელია, ვარჯიშობს და გაკვეთილებს ხშირად აცდენდა ან აგვიანებდა”. რექტორის თქმით, ეს მოსწავლე მისი ახლობელი ოჯახის შვილია და ამის გამო არ უნდოდა მისი სხვა სკოლაში გაშვება:

 

“სულ ვეუბნებოდი, დარჩი, არ გადახვიდე, მაგრამ სწავლასაც მიაქციე-მეთქი ყურადღება. სულ გაშვებას გვთხოვდა გაკვეთილებიდან. დიდხანს უნდოდა გადასვლა და მერე შეიძლება ეს ფაქტიც ეწყინა,”- აცხადებს დეკანოზი მათე გორდელაძე.

 

სასულიერო პირის განცხადებით, სკოლაში მართლმადიდებლური წესით ზრდიან ბავშვებს და ამიტომ მოსწავლეებს ხშირად უჭირთ საჯარო სკოლებთან შედარებით მკაცრ წესებთან შეგუება, რაც ხშირ შემთხვევაში მათი სხვა სკოლაში გადასვლის მიზეზი ხდება.

 

“ეს არის სამრევლო სკოლა – რაც ნიშნავს, რომ უნდა იცხოვრონ ბავშვებმა ისე, როგორც მრევლმა: უნდა ლოცულობდნენ, ეზიარებოდნენ, არ აგვიანებდნენ გაკვეთილებზე, არ იყვენენ უზრდელები. უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის ქცევა ქრისტიანულ ცხოვრებას. არაფერ განსაკუთრებულს ჩვენ მათგან არ მოვითხოვთ. მაგრამ ბევრი ვერ ერთვება ამ პროცესში. სხვა სკოლებში შეიძლება თავისუფალი პროცესია უფრო – აგვიანებენ კიდეც, აცდენენ გაკვეთილებს… მაგრამ ჩვენ ვთხოვთ, რომ აუცილებლად უნდა იარონ. მერე ვერ ეგუებიან და ცდილობენ, რომ გადავიდნენ. თავს იმართლებენ ხოლმე, რომ ვითომ ძალიან მკაცრად ვექცევით და ვერ გაუძლეს.” – აცხადებს დეკანოზი.

 

წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა ოზურგეთში
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლა ოზურგეთში

 

სკოლის რექტორის განცხადებით, მან თავად ურჩია ბავშვის მშობელს შემოქმედის ეპარქიის მთავარეპისკოპოს იოსებ კიკვაძესთან მისვლა და მისი საქმის კურსში ჩაყენება, რადგან სკოლა ეპარქიას ექვემდებარება. მაგრამ მაშინ, როგორც რექტორი ამბობს, საჭიროდ არ ჩათვალა დედამ ამის გაკეთება. როგორც დეკანოზი მათე გორდელაძე ამბობს, ამჟამად მშობლებს არ სურთ ჟურნალისტებთან ურთიერთობა, რადგან ბავშვმა შესაძლოა მომხდარი კიდევ ერთხელ უფრო მეტად განიცადოს.

 

მთავარეპისკოპოსმა იოსებმა [კიკვაძე] “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ ერთი კვირის წინ გაიგო. იგი ამბობს, რომ დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რა ბედი ეწევა ამ ინციდენტის მონაწილე პედაგოგს და შესაბამისი რჩევისთვის კათოლიკოს-პატრიარქს უნდა მიმართოს.

 

“ამ ყველაფერს უკვე საეკლესიო კანონი წყვეტს. ჯერ უნდა შეფასდეს ფაქტი. სხვადასხვა წესი მოქმედებს, გააჩნია დანაშაულის სიმძიმეს. ჯერ უნდა გამოვიკვლიო, დამნაშავე არის თუ არა ეს ადამიანი,”- აცხადებს მთავარეპისკოპოსი იოსებ კიკვაძე.

 

მთავარეპისკოპოსი აპირებს შეხვდეს მოსწავლის მშობელს და გაესაუბროს მღვდელს, ვახტანგ თოხაძეს. მისი თქმით, თუ პედაგოგს დანაშაული დაუმტკიცდება, მას მღვდლის ხარისხს ჩამოართმევენ. ასევე, შესაძლოა, სანქციის სახით გამოყენებული იქნას მონასტერში გამწესება.

 

ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის წარმომადგენელი, ლელა იმედაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მხოლოდ დღეს შეიტყვეს მედიიდან.

 

“როგორც გავიგეთ, ეს ფაქტი 1 წლის წინ მოხდა და დღემდე ჩვენთვის ამის შესახებ არავის უცნობებია – არც მშობელს, არც დირექციას. ამიტომ ამ ფაქტის არც დადასტურება და არც უარყოფა არ შეგვიძლია,” – ამბობს ლელა იმედაშვილი.

 

როგორც რესურს-ცენტრში აცხადებენ, 26 აგვისტოს სკოლამ ავტორიზაცია გაიარა. ავტორიზაციის პროცესში, დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში განათლების სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი სკოლაში მუშაობდა და არც მათთვის გამხდარა ცნობილი ამ ფაქტის შესახებ.

 

“ჩვენ ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში მოვიკვლევთ ამ სიტუაციას. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლა არის კერძო და არა საჯარო, რესურს-ცენტრსა და განათლების სამინისტროს შედარებით შეზღუდული უფლებები აქვთ,” – აცხადებს იმედაშვილი.

 

ლელა იმედაშვილის თქმით, დღეიდან განათლების სამინისტრო და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი ჩაერთნენ ფაქტის გამოძიებაში. ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, რა სანქციები შეიძლება დაეკისროს სკოლას და პედაგოგს, ამ კითხვაზე რესურს-ცენტრში “ნეტგაზეთს” ვერ უპასუხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი