საზოგადოება

როცა შენი მეზობელი სადღეღამისო ჰოსპიტალია

6 ივნისი, 2022 •
როცა შენი მეზობელი სადღეღამისო ჰოსპიტალია

ვაკეში, ნიკოლოზ ყიფშიძის #3ბ-ის მოსახლეობას უჩვეულო გარემოში უწევს ცხოვრება — 10-სართულიანი კორპუსის პირველ-მეორე სართულებზე 24-საათიანი საავადმყოფო ფუნქციონირებს.

ადგილობრივების ნაწილი ჩივის, რომ კლინიკის იქ ყოფნა ხელს უშლით ჩვეულ ცხოვრებაში, უქმნით უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, დისკომფორტს, და პარლამენტს სთხოვენ, აიკრძალოს კორპუსებში ჰოსპიტლების ფუნქციონირება.

კლინიკის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს და ის ერთადერთი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პედიატრიული კლინიკაა ვაკესა და უახლოეს რაიონებში.

პარლამენტში ამბობენ, რომ საქმეში გარკვევის მიზნით ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეს.

ჟანგბადის ბალონები, „ქარხანა“ და „კოვიდ-კლინიკა“

ვაკეში, ნიკოლოზ ყიფშიძის #3ბ-ში მდებარე კორპუსი 10-სართულიანია. ამავე მისამართზეა განთავსებული აკადემიკოს ქეთევან ნემსაძის სახელობის პედიატრიული კლინიკა „გლობალმედი“.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რის გამოც მოსახლეობის ნაწილი კლინიკასთანაა დაპირისპირებული, არის ჟანგბადის ბალონები. ერთ-ერთი ადგილობრივი გვიყვება, რომ ბალონები წლების განმავლობაში იყო დერეფნებში განლაგებული, ბოლოს კი 2021 წელს გადაატანინეს, თუმცა ის კორპუსის სიახლოვეს, კვლავ სახიფათო ადგილასაა განთავსებული.

„5 წლის განმავლობაში ჟანგბადის ბალონები, – 20-ზე მეტი, – რომელიც არის ფეთქებადსაშიში, დერეფნებში გველაგა, – დერეფნებში, რომელიც ჩვენი საერთო საცხოვრებელი სივრცეა. წლები ვიყავით ასე“, – ამბობს კორპუსის ერთ-ერთი მაცხოვრებელი, ინგა ღუტიძე.

მისი თქმითვე, ბალონები კლინიკამ 2021 წლის ოქტომბერში გადაიტანა სადარბაზოდან, – მას შემდეგ, რაც მოსახლეობამ, მათ შორის უშუალოდ მან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართა, მათ კი – კლინიკას. ამის დასტურად მას მოაქვს წერილი შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან, სადაც წერია:

„19 აგვისტოს ჩატარებულ იქნა დეტალური სახანძრო-ტექნიკური შემოწმება, რის საფუძველზეც … [გამოიცა] სავალდებულო რეკომენდაცია ჟანგბადის ბალონების უსაფრთხო ადგილზე გადატანასთან დაკავშირებით და შესრულების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 31 ოქტომბერი“.

თუმცა, ინგა ღუტიძის თქმით, კლინიკამ ბალონები გადაიტანა კორპუსის სიახლოვეს მდებარე ფარდულში, სადაც, მოსახლეობის თანახმად, კვლავ არსებობს რისკი, რომ აფეთქდეს.

„ახლა ეს ბალონები განთავსებულია ზუსტად კორპუსის გვერდით, ფარდულში, ნახევრად კუსტარულ ცხაურში, მჭიდროდ განსახლებულ ეზოში, და ახლა მეორე კორპუსის მოსახლეობაც შეწუხებულია. გამუდმებით ამბობენ, რომ „2 კვირაში გადაიტანენ“, მაგრამ რამდენიმე ორი კვირა გავიდა, აღარ ვიცი“, – ამბობს ინგა ღუტიძე.

ნანა მიდორაშვილი, იქვე მდებარე კორპუსის (ჭავჭავაძის 37/ყიფშიძის 1ა კორპუსი) მაცხოვრებელი ამბობს, რომ „მოსახლოების ეჭვით, „გლობალმედი“ „ჟანგბადის ქარხანას“ ამუშავებს.

წერილში, რომელიც პარლამენტს გაუგზავნა ინგა ღუტიძემ, იგი წერს: „კლინიკამ საცხოვრებელ კორპუსში დაგვიმონტაჟა ჟანგბადის ქარხანა, რომლის აგუგუნებასაც აპირებს. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩართო კიდეც, რადგან ერთი-ორჯერ გუგუნისგან ყურთასმენა არ იყო“.

ადგილობრივების თანახმად, დამატებითი დისკომფორტის საფუძველია ის, რომ „გლობალმედი“ კოვიდ-კლინიკაა და მოსახლეობის კოვიდით ინფიცირების რისკი მაღალი იყო.

რას ამბობს კლინიკა

საავადმყოფოში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ „გლობალმედი“ არის ბავშვთა კლინიკა, რომელიც ემსახურება მხოლოდ პატარებს – კლინიკა არის პედიატრიული პროფილის და არა კოვიდმიმართულების“; თუმცა იქვე აღნიშნეს, რომ „პანდემიის პერიოდის პიკებში, როდესაც კლინიკებში არ იყო პაციენტების ადგილი, კლინიკა 2 თვით ჩაერთო კოვიდპაციენტების მართვაში“

რაც შეეხება ჟანგბადის ბალონებს, – კლინიკის თანახმად, მათ მხოლოდ „პანდემიის პერიოდში აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე“ იყენებდნენ და „ბალონები განთავსებული იყო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე და აბსოლიტურად უსაფრთხოა მოსახლეობისთვის“.

მოსახლეობის ეჭვებთან დაკავშირებით „ჟანგბადის ქარხანაზე“ კლინიკაში განგვიცხადეს, რომ „არანაირ ჟანგბადის ქარხანას კლინიკა არ გამოიყენებს“. თუმცა, კლინიკის თანახმად:

„საჭიროების შემთხვევაში, პატარა პაციენტებისთვის გამოიყენება ჟანგბადის კონცენტრატორები, რომლების ჰაერიდან ახდენენ ჟანგბადის კონცენტრაციის ამაღლებას და პაციენტზე მიწოდებას. კონცენტრატორები აბსოლიტურად უსაფრთხოა, მას იყენებენ სახლის პირობებშიც“.

გაფრთხილება შრომის ინსპექციისგან

მოსახლეობამ ბოლო თვეების განმავლობაში არაერთ უწყებას მიმართა, მათ შორის შრომის ინსპექციას. მათ „ნეტგაზეთს“ უჩვენეს პასუხი შრომის ინსპექციისგან, რომელიც 9 ნოემბრითაა დათარიღებული და აღნიშნულია, რომ უწყებამ „გლობალმედის“ ინსპექტირება მოახდინა მოსახლეობის განცხადების საფუძველზე.

„აღნიშნული ობიექტის მიმართ, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით გამოყენებულ იქნება შრომის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელი – გაფრთხილება“, – ვიგებთ წერილიდან.

„ნეტგაზეთი“ დაუკავშირდა შრომის ინსპექციას კითხვით, ნოემბრის შემდეგ, მოახდინეს თუ არა ობიექტის რე-ინსპექტირება და თუ ასეა, რა უჩვენა ხელახალმა შემოწმებამ, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიგვიღია.

საყოფაცხოვრებო დისკომფორტი

ნანა მიდორაშვილი, გვერდითა კორპუსის მაცხოვრებელი ამბობს, რომ „გლობალმედთან“ ერთად თანაცხოვრება მათ დისკომფორტს უქმნით:

„სასწრაფო დახმარებების მანქანების კვამლი, ამ მანქანების გამუდმებული ციმციმი, ხმა… ეს ყველაფერი ძალიან შემაწუხებელია. ადგილი აღარ არის უკვე ეზოში, სუნთქვა აღარ შეიძლება“, – ამბობს იგი.

ინგა ღუტიძე, რომელიც 3ბ-ში მდებარე კორპუსში ცხოვრობს, ამბობს:

„გამუდმებით ისმის ბავშვების ტირილი, – კლინიკაში რომ შემოჰყავთ საცოდავი ბავშვები, იმიტომ შემოჰყავთ, რომ რაღაც უჭირთ. ეს ბავშვები, ტკივილებისგან თუ სხვა დაავადებებისგან გაწამებულები, ზოგი რით შემოდის, ზოგი რით. და ამ ზაფხულში ხომ არ დაკეტავენ ფანჯრებს, უნდა გააღოს მშობელმა ოთახი, უნდა განიავდეს. და ამიტომ, ჩვენ, სამწუხაროდ, დილიდან საღამომდე ვისმენთ ამ ბავშვების ტირილს და წუხილს“.

მისი თქმით, „ხშირად ყოფილა ისეც, რომ ხან რას ისვრიან და ასხამენ ფანჯრიდან, ხან რას, ბანანის ქერქით დაწყებული, კომპოტით დამთავრებული“.

ინგა ღუტიძე ასევე ამბობს: „წესით, საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს ცალკე სანაგვე კონტეინერები. ანუ სამედიცინო ნარჩენები ცალკე უნდა გაჰქონდეთ, თუმცა სარგებლობენ ჩვენი საერთო სანაგვე ყუთებით, რაც მუნიციპალიტეტმა დაამონტაჟა“.

კლინიკამ „ნეტგაზეთთან“ ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა: „ნარჩენების გატანა კლინიკიდან ხდება სპეციალური კონტეინერებით და შესაბამისი პროფილის კომპანიის მიერ ჯანდაცვის სამინისტროს დადაგენილების შესაბამისად. კლინიკის ნარჩენები ვერანაირად ვერ მოხვდება საერთო მოხმარების კონტეინერებში“.

„საავადმყოფოში არ უნდა ვცხოვრობდეთ“

ინგა ღუტიძემ 18 მაისს პარლამენტს მიმართა კორპუსის მაცხოვრებლების სახელით და სთხოვა: „თუ არის შესაძლებელი, რომ ინიციატივა შემოგთავაზოთ და მიიღოთ კანონი, რომელიც უკავშირდება საცხოვრებელ კორპუსებში სტაციონარის (საავადმყოფოს) არსებობის აკრძალვას“.

„გვიშველეთ ჩვენც და სხვებსაც, რომელთაც ეს მდგომარეობა ემუქრებათ მომავალში და მიიღეთ კანონი, რომელიც აკრძალავს საავადმყოფოს არსებობას საცხოვრებელ კორპუსში“, – სწერს იგი პარლამენტს.

„ნეტგაზეთმა“ „გლობალმედს“ ჰკითხა მოსაზრება ამ ინიციატივაზე, რაზეც კლინიკაში გვიპასუხეს:

„ვაკე-ვერა-წყნეთის რაოინში პედიატრიული კლინიკა არ არსებობს. ამ რაიონში ხშირად არის შემთხვევები, როდესაც ბავშვები საჭიროებენ დაუყოვნებელ სამედიცინო სტაციონარულ დახმარებას. ხშირად წამები წყვეტს ყველაფერს. ძალიან ბევრი პატარა გადაურჩენია კლინიკის ექიმებს, რადგან ტერიტორიულად ხელმისაწვდომია და დაუყოვნებლივ ხდება სამედიცინო დახმარება“.

ამასთან, კლინიკაში აცხადებენ, რომ „კლინიკა ნაწილობრივაა კორპუსის ქვეშ, – რეალურად ეს არის 2 სართულიანი ცალკე მდგომი ფართი, რომელიც მიდგმულია საცხოვრებელ კორპუსზე. აბსოლიტურად ყველა შესასვლელი ცალკეა და საერთოდ არ აქვს შეხება არც სადარბაზოებთან და არც იქ მცხოვრებ მოსახლეობასთან“.

ხედი კორპუსის ეზოზე. პირველი-მეორე სართულის ფანჯრები კლინიკისაა, ზემოთ – მოსახლეობის.

„გლობალმედის“ მტკიცებით, მოსახლეობასთან კონფლიქტი არ აქვთ და „რეალურად კორპუსში არის მაცხოვრებელთა მცირე ჯგუფი, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ცდილობენ კლინიკის დისკრედიტაციას“.

რას ფიქრობენ პარლამენტში?

პარლამენტში „ნეტგაზეთს“ განუცხადეს, რომ მიიღეს აღნიშნული წერილი და გაუგზავნეს ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მოისმინონ უწყების პოზიცია ამ საკითხზე, პოზიციის მოსმენის შემდეგ კი გადაწყდება, როგორი მსვლელობა მიეცემა, – ან მიეცემა თუ არა საერთოდ, – პროცესს.

ჩვენ ასევე ვესაუბრეთ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ვლადიმერ (ლადო) კახაძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ არ ფლობს საკითხის დეტალებს, თუმცა ასე ფიქრობს:

„ის შენობა-ნაგებობები, რომელშიც განთავსებულია ესა თუ ის ობიექტი, ეს თავიდანვე შეთანხმებულია კორპუსის მაცხოვრებლებთან. ყველა შემთხვევაში. სხვანაირად ვერავინ ვერ შეიჭრება და ამაზე ყველას თანხმობა უნდა იყოს. ასე რომ, ალბათ საჭირო იქნება იმ მიზეზის გამოსწორება, რამაც მოგვიანებით გაართულა ეს ურთიერთობა. თორემ სოციალური სფეროს, ჯანდაცვის ობიექტია, სადაც ადამიანებს ეხმარებიან, კოვიდის დროს კერძო სექტორი ძალიან დაუდგა გვერდში სახელმწიფოს და ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებაში უსიტყვო თანადგომა“.

ადგილობრივების თანახმად, გლობალმედი მრავალი წელია, ფუნქციონირებს, თუმცა იგი წლების განმავლობაში იყო ამბულატორია, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობდა, და არა სტაციონარი, – რაც ბოლო რამდენიმე წელიწადია, შეიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი