ახალი ამბები

ელენე ხოშტარია: რუსეთს ვაძლევთ ბერკეტებს, რომლებიც ჩვენთან მიმართებაში გამოუყენებია

11 ოქტომბერი, 2015 •
ელენე ხოშტარია: რუსეთს ვაძლევთ ბერკეტებს, რომლებიც ჩვენთან მიმართებაში გამოუყენებია

იქნება თუ არა რუსეთი გაზის სანდო ალტერნატიული მომწოდებელი და ნიშნავს თუ არა “გაზპრომის” წილის ზრდა ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვას?

 

დღეს ტექნოლოგიური და ინსფრასტრუქტურული განვითარების წყალობით მთელ ევროპაში ჩამოყალიბებულია სისტემა, რომლის დახმარებითაც ნაკლებად არიან დამოკიდებული გაზის ერთ მომწოდებელზე. ამის მოგვარებისკენ ყოველთვის მიდიან ქვეყნები და ენერგოდამოუკიდებლობა გამოცხადებულია ევროპაში უსაფრთხოების მთავარ საკითხად.

 

უკრაინასთან გაზის თემით მანიპულირებით ევროპაში ჩამოყალიბებულია, რომ რუსეთი არის სახელმწიფო, რომელიც პოლიტიკური მიზნებისთვის მანიპულირებს გაზის მოწოდებით. ეს არის ზოგადი ტრენდი.

 

ამ ტრენდში ჩვენ ვართ სიტუაციაში, როდესაც მთლად არჩევანის გარეშე დარჩენილები არ ვართ იმიტომ, რომ გვაქვს რამდენიმე ალტერნატივა. პოლიტიკური შეფასება რომ გავაკეთო, ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ რუსეთზე დამოკიდებული გაზის საკითხში აღარ ვართ. გარკვეული რაოდენობის გაზს ვიღებთ, თუ არ ვცდები, ეს არის 10% სეზონური ცვალებადობით, მაგრამ ერთ მომხმარებელზე, რუსეთზე, დამოკიდებული არ ვართ.

 

გვქონდა ძალიან პროდუქტიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რომელიც გაზის მიწოდების პრობლემას გვიგვარდებდა. ამ სიტუაციაში ერთი კითხვა რაც ჩნდება, არის ის, რომ ამ არაგამჭვირვალე მოლაპარაკებების საჭიროება რატომ გახდა.

 

არ ვიცი, რა შეიცვალა დრამატულად: რესურსი გათავდა აზერბაიჯანში, თუ მასთან კონფლიქტში ვართ. მთავრობა საზოგადოებასთან უნდა იყოს გამჭვირვალე, ძალიან სენსიტიური საკითხია. მხოლოდ ის არ არის, რომ რუსეთი ჩვენი ოკუპანტია, საუბარია იმაზე, რომ იგი აღიარებულია ევროპაში როგორც გაზის მანიპუალატორი.

 

პირველ შეხვედრაზე ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ არ გაამხილა, რომ “გაზპრომის” წარმომადგენელს გაზის მიწოდების გაზრდის საკითხზე ესაუბრა. როგორ ფიქრობთ, თავიდან რატომ არ გაავრცელა მთავრობამ ზუსტი ინფორმაცია?

 

იცოდნენ, რომ ამას მოყვებოდა უსიამოვნო რეაქცია ქვეყნის შიგნით. ძალიან რთულია არაგამჭვირვალე მოლაპარაკებებზე დასკვნების გაკეთება. არ ვიცი, აზერბაიჯანის და რუსეთის შეჯიბრი თუ მიდის, შეიძლება ეს ნიუანსიც იყო. ძალიან გამიჭირდება, რომ ვიმარჩიელო.

 

ფაქტია, რომ ეს ძალიან ცუდია. ცუდია, რომ მთავრობა ასეთ მნიშვნელოვან საკითხს ასე არაგამჭვირვალედ წარმართავს. მეორე ეტაპი ამ პრობლემის არის ის, რომ მთავრობისგან გვესმის: რა მოხდა, ყველა რუსეთისგან ყიდულობს. ეს არის ძალიან მცდარი, ყველას აქვს რუსეთის გაზის პრობლემა. ყველა მიდის შორს აქედან. ჩვენ თუ ის შევძელით ამ წლების განმავლობაში, რომ რუსეთის როლი მინიმუმამდე დაგვეყვანა… სტრატეგიულად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთზე დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს.

 

რუსეთის წილის ზრდა ჩვენს ენერგომომარაგებაში არის პრინციპულად საშიში პროცესი. მერე კივითხავთ იმასაც, 10%-ით გავზარდოთ თუ 15%-ით. საერთოდ რატომ უნდა გავზარდოთ, როცა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მინიმუმზე გვქონოდა დაყვანილი? საერთოდ არასწორია საკითხის დაყენება. რუსეთის წილის ზრდისკენ რატომ მივდივართ, ეს არის მთავარი საკითხი.

 

ამდენი წელია სისტემა მოქმედება გამართულად, სრულიად დამოკიდებული სისტემიდან ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სრულიად სტაბილური, ეფექტური სისტემა, სადაც ჩვენ ეს პრობლემები არ გვქონია. რა ხდება დღეს ისეთი, რომ ჩვენ მსოფლიოს მთავარ პრობლემასთან, რუსეთთან, გავზარდით ენერგოდამოკიდებულება? ეს არის მთავარი შეკითხვა, რომელიც ჩნდება მთავრობის მიმართ.

 

“გაზპრომის” წილის შესაძლო გაზრდას აზერნაიჯანის მედია გამოეხმაურა, სადაც უწოდეს როგორც სოკარისა და გაზპრომის ომი საქართველოსთვის”. ეს პროცესი ხომ არ გააუარესებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობას?

მე ეჭვი მაქვს, რომ უკვე გაუარესებული გვაქვს აზერბაიჯანთან ურთიერთობა. რკინიგზაზე გვქონდა კომენტარები ისე, რომ აზერბაიჯანს არ შევუთახნმეთ, არაფრთხილი ნაბიჯები გვქონდა, რომელიც შეიძლება იყოს მდგომარეობის გაუარესების მიზეზი.

 

როდესაც საუბარია გაზის იმპორტის დივერსიფიცირებაზე და გვყავს ორი ძირითადი მომოწოდებელი- აზერბაიჯანი და რუსეთი, არის თუ არა ეს იმპორტის ორი ალტერნატივა? აზერბაიჯანი რამდენად არის თავისუფალი რუსეთის გავლენისაგან?

 

რეგიონში სრული თავისუფლება ფაქტობრივად არ არსებობს და არც გაზის საკითხში. თუმცა, აზერბაიჯანს თავისი პოზიციის სიძლიერე წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული ჰქონდა. საფრთხე ამას არ ემუქრება და ბალანსი ახლა არ დარღვეულა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზერბაიჯანი ყველაზე დამოუკიდებელია რეგიონში, ლავირების ყველაზე მეტი საშუალება აქვს. შეგვიძლია ზოგადად კითხვის ნიშნები დავსვათ ტრენდზე, აზერბაიჯანის შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე, მაგრამ ჩვენი უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს რეგიონული ბალანსი არ დაირღვეს. ამ მხრივ აზერბაიჯანის განაწყენება ბიზნესის, თუ სხვა ფაქტორების გამო დაუშვებელია.

 

სამომავლოდ მნიშვნელოვანია, რომ გაზპრომთან მოლაპარაკებების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს?

გაუმჭვირვალობა კიდევ უფრო აღრმავებს პრობლემას, მაგრამ მთავარი ისაა, რომ არ გავხდეთ რუსეთზე დამოკიდებული. ვაჭრობაზე გავხდით მეტად დამოკიდებული, ამაზე ჩვენ თავად გავაკეთეთ აქცენტი. განცხადებებით გავხდით მეტად დამოკიდებული, რადგან სულ ვერიდებით რუსეთზე აუცილებელი შეფასებების გაკეთებას გაეროში თუ სხვაგან. გაზზე დამოკიდებულებაც თუ გაიზრდება, საბოლოოდ ჩვენ რუსეთს ვაძლევთ იმ ბერკეტებს, რომლებიც გამოუყენებია ჩვენთან მიმართებაში. სავაჭრო ემბარგოც გამოუყენებია, გაზიც, გაიხსნეთ 2006 თუ 2007 წლის ზამთარი, როდესაც სრული პარალიზება მოახდინა. ყველაზე მთავარია, რომ დამოკიდებული არ ვიყოთ, როდესაც არის სხვა ალტერნატივა.

მასალების გადაბეჭდვის წესი