“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არ იზიარებს რექტორების განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას.
ამასთან დაკავშირებით პირად გვერდზე წერს მმართველთა საბჭოს წევრი ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილიც.
“ჩემო ძვირფასო მეგობრებო, კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლის ლექტორებო, სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო. უმორჩილესად გთხოვთ, გვაპატიოთ ეს დიდი გაუგებრობა და მხედველობაში მიიღოთ, რომ ჩვენი პოზიცია მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით არის ურყევი. არა რუსულ კანონს!
ჩვენ – კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭომ, უკან გამოვიწვიეთ უნივერსიტეტის ხელმოწერა რექტორთა კონფერენციის განცხადებაზე”, – წერს ჟიჟილაშვილი.
კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს განცხადებაში წერია, რომ უნივერსიტეტი მაქსიმალურად ხელს შეუწყობს სტუდენტებისა და ლექტორების გამოხატვის თავისუფლების დაცვას.
“კავკასიის უნივერსიტეტის” მმართველთა საბჭო ხმათა უმრავლესობით არ იზიარებს დღეს გამოქვეყნებულ, საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა კონფერენციის განცხადების სულისკვეთებასა და ხედვას. აღვნიშნავთ, რომ განცხადებაზე ხელმოწერა არ იყო შეთანხმებული მმართველთა საბჭოსთან და ცნობილი გახდა გამოქვეყნების შემდეგ. შესაბამისად, პოლიტიკური პოზიციის შემცველ ამ განცხადებაზე ჩვენი პოზიციის გამოხატვა შევძელით „კავკასიის უნივერსიტეტის“ საბჭოს კვორუმის შედგენისთანავე.
ვაცხადებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭო რჩება 7 მაისს უნივერსიტეტის მიერ გაკეთებული განცხადების ერთგული, რომლითაც „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ნათლად კიდევ ერთხელ გამოვხატეთ. გვესმის იმ პროცესების ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომელშიც ჩართულნი არიან ჩვენი სტუდენტები, კურსდამთავრებულები, ლექტორები და ადმინისტრაცია, ამიტომ სასწავლო პროცესში უნივერსიტეტის მხრიდან თითოეული მათგანისთვის აქამდეც იყო და მომავალშიც იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა – დაცული იქნება, როგორც მათი გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტური უფლებები, ასევე, აკადემიური დაწესებულებების ავტონომიურობა”, – წერია კავკასიის უნივერსიტეტის მმართველთა საბჭოს განცხადებაში.
დღეს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია შეუერთდა იმ 38 რექტორს, რომლებმაც გააკრიტიკეს საკუთარი უნივერსიტეტის ის სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც პროტესტის ნიშნად გაიფიცნენ.
ამავე თემაზე:
უნივერსიტეტების რექტორები სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვას ეწინააღმდეგებიან
კავკასიის უნივერსიტეტს ლექტორები პროტესტის ნიშნად ტოვებენ
სოსო ბერიკაშვილის თქმით, კავკასიის უნივერსიტეტიდან სუს-ის დავალებით გაათავისუფლეს








