ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი აცხადებს, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანის პოზიციიდან სახელმწიფო უსაფრთხოების დავალებით გაათავისუფლეს. ბერიკაშვილის თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიზეზად მმართველი პარტიისა დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის გინება დაუსახელა.
„29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან “ბიძინას ვაგინებდი” (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე „ოფშორების კანონის“ გამო, თუმცა მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა). როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ იწერება ბრძანებებში). თუ ამ ხელისუფლებას ეს უმსგავსობა გაუვიდა, რეპრესიები მომავალში საყოველთაო გახდება და შეეხება ყველას.
P.S. ბევრ წერილს ვიღებ სტუდენტებისგან, ითხოვენ მხარდაჭერას და პოზიციის დაფიქსირებას. მეგობრებო, როგორც აქამდე, რა თქმა უნდა, თქვენ გვერდით ვდგავარ ყველა სამართლიან პროტესტში.
არა რუსულ კანონს! არა რუსულ ხელისუფლებას!“ — წერს ბერიკაშვილი ფეისბუკზე
კახა შენგელია “ბიემჯისთან” საუბარში უარყოფს, რომ სოსო ბერიკაშვილი ვინმეს დავალებით გაათავიასუფლა. მისი თქმით, ბერიკაშვილი “არაფერს აკეთებდა” და ისედაც აპირებდა გაშვებას, “უბრალოდ, ამ დღეებს დაემთხვა ეს ამბავი”.
განახლება: სოსო ბერიკაშვილის დაახლოებით სამ საათში გამოეხმაურა კახა შენგელია. მან ბერიკაშვილს განცხადებას სამარცხვინო უწოდა და სტუდენტებისა და უნივერსიტეტის ღალატად შეაფასა. მისი მტკიცებით, ბერიკაშვილი ამ მეთოდით “პოლიტიკური კარიერის” შექმნას ცდილობს.
“საჯაროდ ვაცხადებ არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო. ის იყო ყველაზე სუსტი დეკანი კავკასიის უნივერსიტეტში და ყველაზე ზარმაცი თანამშრომელი. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, მასთან მქონდა რთული ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ უნივერსიტეტის გამო, ბოლოსდაბოლოს იძულებული გავხდი სამსახურიდან გამეშვა, სამწუხაროდ დაემთხვა იმ დროს, რაც მან შესანიშნავად გამოიყენა”, – ამბობს კახა შენგელია.
მას შემდეგ, რაც ბერიკაშვილმა მისი გათავისუდფლების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, უნივერსიტეტის დატოვების შესახებ სხვა ლექტორებმაც განაცხადეს. გარდა ბერიკაშვილის საქმისა, ისინი სამსახურიდან წამოვლის მიზეზად ასახელებენ უნივერსიტეტის პოზიციას სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა გაფიცვის შესახებ.
კონკრეტულად, დღეს, 14 მაისს გავრცელდა 38 უნივერსიტეტის რექტორი ერთობლივი განცხადება, რომლებმაც გააკრიტიკეს სასწავლო პროცესის შეწყვეტა რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტის გამო. მათი თქმით, პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. განცხადებას ხელს აწერს კავკასიის უნივერსიტეტიც.
რექტორების განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე, 13 მაისს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ამ პოზიციის დაფიქსირებას განათლების სამინისტრო აიძულებს. ტელევიზიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ წერილი სამინისტროში დაიწერა და უნივერსიტეტებში ხელმოსაწერად გადაიგზავნა.
“ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის მიღების მცდელობის პარალელურად გაიფიცა 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი. მათ შეუერთდნენ პროფესორ-მასწავლებლებიც.







