ახალი ამბები

უმცირესობისა და უმრავლესობის კომპრომისები კონსესუსისთვის

1 ოქტომბერი, 2010 • 1311
უმცირესობისა და უმრავლესობის კომპრომისები კონსესუსისთვის

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტით, რომელიც პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო, პრეზიდენტი  პარტიას ვეღარ უხელმძღვანელებს. მას არც პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლება  ექნება.

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტმა მეორე მოსმენით 125 ხმით 4-ის წინააღმდეგ  მიიღო. საპარლამეტო უმცირესობამ და უმრავლესობამ, მათივე განცხადებით, პრინციპულ და მნიშვნელოვან ხუთ საკითხზე მიაღწიეს შეთანხმებას.

აქედან ორ საკითხზე დარჩენილი ,,ღია კარის დახურვა’’ (ტერმინი პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ გამოიყენა) უმცირესობამ და უმრავლესობამ ტექნიკური შესვენების დროს მოახერხეს. როგორც თავად ამბობენ, ორივე მხარემ კონსესუსს გარკვეული კომპრომისების წყალობით მიაღწია.

ჩასწორების თანახმად, მომდევნო (2012 წლის) მოწვევის პარლამენტი მთავრობის ნდობა-უნდობლობის საკითხს დააყენებს.

იმის გამო, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ძალაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შევა და ახალ პარლამენტს მუშაობა ძველ მთავრობასთან მოუწევდა, ,,ქრისტიან-დემოკატებმა’’ მოითხოვეს, რომ არჩევნების შემდეგ ახალ პარლამენტს ახალ სისტემაში  ძველი მთავრობის ნდობა-უნდობლობის საკითხის დასმის საშუალება მისცემოდა, რასაც უმრავლესობა დაეთანხმა. 

მეორე პრინციპული საკითხი, რაზეც შეთანხმება შედგა, პრეზიდენტის პარტიულობას ეხება. ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის წევრებმა გუშინ პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით ბაქრაძესთან შეხვედრაზეც იმსჯელეს. დღემდე მხარეებს განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. უმცირესობა ამბობდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, პირი უნდა იყოს ზეპარტიული, უმრავლესობა კი ამას შეუძლებლად მიიჩნევდა. უმრავლესობის აზრით, პრეზიდენტის ზეპარტიულობა დაუშვებელია, რადგან ის პირდაპირი წესით აირჩევა და მის უკან პოლიტიკური ძალა უნდა იდგეს. საბოლოოდ მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ვეღარ გააგრძელებს თავისი პარტიის ხელმძღვანელობას, თუმცა პარტიის წევრობა მას არ შეეზღუდება.

,,ქართული დასის’’ ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ დღევანდელ სხდომაზე  ის პუნქტი გააკრიტიკა, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტში უმცირესობის მოთხოვნით იქნა შეცვლილი. ბაღათურიამ თქვა, რომ პრეზიდენტს საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ უნდა ჩამოერთვას. მისი განმარტებით, ამ უფლების ჩამორთმევა დააკნინებს პრეზიდენტის როლს. კანონპროექტის მომხსენებელმა, იუსტიციის მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ,,ქართული დასის’’ ლიდერის მოთხოვნა არ გაითვალისწინა და განაცხადა, რომშესწორება ამ პუნქტში  უმცირესობის სურვილის გათვალისწინებით შევიდა. ადეიშვილის განმარტებით, ეს ფაქტი კარგად ასახავს პრეზიდენტის როლს, რომ ის არის არბიტრი.  ამ პუნქტთან დაკავშირებით უმცირესობის შენიშვნა უმრავლესობამ წინა სესიაზე გაითვალისწინა.  პრეზიდენტს, საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად, რიგგარეშე სესიის მოწვევის უფლებაც შეეზღუდება.

დიდი დებატები გამოიწვია პარლამენტში კონსტიტუციის პროექტის 81–ე მუხლის ჩასწორებამ, რომელიც პარლამენტის მიერ მთავრობისადმი უნდობლობის გამოცხადების საკითხს ეხება. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, უნდობლობის საკითხის განხილვის პროცედურა ძალიან რთულია, რადგან დიდ დროს მოითხოვს. ვეფხვაძის თქმით, პროცედურა შესაძლოა 4-5 თვის განმავლობაში გაიწელოს, ,,რამაც, რეალურად, შესაძლებელია ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შექმნას, ეს ვადები კი არ აგვარებს პრობლემას, პირიქით – აღრმავებს’’. ამ საკითხთან დაკავშირებით შენიშვნა ვენეციის კომისიამაც გამოთქვა.  მათ რეკომენდაციებში წერია, რომ ეს მექანიზმიპარტიებს საშუალებას აძლევს, ე.წ. არაგამჭვირვალე მოლაპარაკებებები გამართონ.

დებატების შემდეგ დავით ბაქრაძემ  უმცირესობას შეთავაზა, რომ ამ საკითთან დაკავშირებით შესვენებაზე დამატებითი კონსულტაციები გაემართათ. ტექნიკური შესვენების შემდეგ უმრავლესობა დათანხმდა, რომ მთავრობისადმი უნდობლობის საკითხის გამოცხადების პროცედურა 20 დღით შემცირდეს.

ასევე გათვალისწინებული იქნება უმცირესობის შენიშვნა გენერალური შტაბის უფროსთან დაკავშირებით. კანონპროექტის ჩასწორებით, გენშტაბის ხელმძღვანელს პრეზიდენტი მთავრობის კონტრასიგნაციით დანიშნავს. საპარალამენტო ფრაქციის წევრის გია თორთლაძის განცხადებით, ეს ჩამატება მნიშვნელოვანია, რადგან  შეიძლება ისე მოხდეს, რომ პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სხვადასხვა გუნდის წევრები აღმოჩდნენ. ამიტომ საჭიროა, გენშტაბის უფროსის დანიშვნისას მათ შორის კონფლიქტი რომ არ წარმოიშვას, პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისაგან  კონტრასიგნაცია მიიღოს.

განხილვაზე უმცირესობა და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ მთელ რიგ საკითხებზე, მათ შორის, კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომელიც საკუთრების უფლებას ეხება. უმცირესობა მოითხოვდა, რომ საკუთრების უფლების ჩამორთმევა შესაძლებელი ყოფილიყო წინასწარი, დროული და სამართლიანი ანაზღაურებით, არანაკლებ საბაზრო ღირებულებისა’’.

ჯონდი ბაღათურია ფიქრობს, რომ იმ პირისათვის, რომელსაც საკუთრების უფლება ჩამოერთმევა, ანაზღაურების მინიმუმი კონსტიტუციით გარანტირებული უნდა იყოს. საპარლამენტო უმრავლესობამ ოპოზიცია ტერმინის – ,,სამართლიანი ანაზრაურება’’ ფორმულირების გაურკვევლობაში დაადანაშაულა. იუსტიციის მინისტრმა  განაცხადა, რომ “სამართლიანი ანაზღაურება” შეიძლება იყოს საბაზრო ფასის ტოლი, რასაც ეს ტერმინი გულისხმობს და ასევე – მასზე მეტი. ამიტომ უმრავლესობას მიაჩნია, რომ “სამართლიანი ანაზღაურება” ადეკვატური ტერმინია, ის გულისხმობს საბაზრო ღირებულებას, ამიტომ ამ პუნქტის ჩასწორებას არ დაეთანხმა.

ასევე უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ვეფხვაძის შენიშვნა საგამოძიებო კომისიების შექმნასთან დაკავშირებით. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიების შექმნის ქვორუმი, ცვლილებების პროექტით, შემცირდა დაპუნქტში ახალი ჩანაწერი გაჩნდა . კომისიის შექმნის მოთხოვნა დეპუტატთა ¼–ის ნაცვლად, რომელსაც მოქმედი კონსტიტუცია ითვალისწინებს, 1/5–ს შეუძლია დააყენოს. ახალი ჩამატებით კი, კომისიის შექმნის საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტის დადგენილებით მიიღება. ვეფხვაძისათვის ამ წინადადების ჩამატების მიზანი გაუგებარი დარჩა და მისი ამოღება მოითხოვა. ,,ქრისტიან- დემოკარატი’’ დეპუტატის, გიორგი ახვლედიანის განმარტებით, ახალი წინადადების ჩამატება ცხადყოფს, რომ ოპოზიციისათვის კონტროლის ბერკეტების ამაღლება ილუზიაა, რადგან კომისიის შექმნის საკითხი, ცვლილებების პროექტით, ისევ პარლამენტის უმრავლესობამ უნდა გადაწყვიტოს.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელის გიორგი გაბაშვილი თქმით, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ საპარლამენტო კონტროლის ექსკლუზივიოპოზიციას უნდა ჰქონდეს. მისი განცხადებით, დემოკრატიული პრინციპი არის თანამონაწილეობა, სადაც გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს. საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, ამ ცვლილებაში კომისიის შექმნის მოთხოვნის დაყენების ქვორუმის შემცირებაა მნიშვნელოვანი.

სხდომაზე უმცირესობა და უმრავლესობა ვერ შეთანხმდნენ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის დანიშვნასთან და ცალკეული მინისტრების პასუხისმგებლობის დაყენების საკითხთან დაკავშირებით.   

ტექნიკური შესვენების შემდეგ გაიმართა ცალკეული დეპუტატებისა და ფრაქციების გამოსვლები. სხდომის მეორე ნაწილში პარლამენტის წევრების გამოსვლა შეფასებითი იყო. საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის  მიერ მიღწეული შეთანხმებები საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე უმრავლესობამ კომპრომისად და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა.

,,დავამტკიცეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად მუშაობა, კამათი. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ჩვენ ვართ განსხვავებული პარტიები და გვაქვს განსხვავებული შეხედულებები და ყველა საკითხზე ვერ შევთანხმდებით’’, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი მინაშვილმა.

ჯონდი ბარათურიამ და გიორგი ცაგარეიშვილმა კი ცვლილებების პროექტი გაუმართავად და ერთი პოლიტიკური ძალისათვის მორგებულად შეაფასეს და საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდეს, მხარი არ დაეჭირათ პროექტისათვის.

125 ხმით 4-ის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი პარლამენტმა მეორე პლენარულ სხდომაზე მიიღო.

კანონპროექტის მესამე მოსმენაზე პარლამენტი მხოლოდ ტექნიკურ საკითხებზე იმსჯელებს, რის შემდეგაც კანონპროექტს ხმათა უმრავლესობით დაამტკიცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი