ახალი ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლის შანსი არის 50/50-ზე – კობახიძე

8 დეკემბერი, 2021 •
საკონსტიტუციო ცვლილებების გასვლის შანსი არის 50/50-ზე – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შანსი 50/50-ზეა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა.

მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭიროა, ოპოზიციამ „ოცნება“ დაარწმუნოს, რომ საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევა ქვეყნის განვითარებას ხელს არ შეუშლის.

„ჩვენ უნდა შევხედოთ სურათს კომპლექსურად და თუ დავინახავთ, რომ თუნდაც 2%-იანი ბარიერი მოკლევადიან პერსპექტივაში არ იქნება საზიანო ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. ამას თუ დაგვანახებს ოპოზიცია, ამ შემთხვევაში დავთანხმდებით დაბალ ბარიერს. თუ ამაში დავრწმუნდებით, მაშინ დავეთანხმებით კანონპროექტს და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ დავუკვირდეთ ოპოზიციის მოქმედებებს უახლოეს მომავალში[…]

მთავარია, ჩვენ გვაქვს გარკვეული დრო, დეკემბერი, იანვარი… ნუ, იანვარი არის საპარლამენტო არდადეგების პერიოდი. თებერვლამდე დავაკვირდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა პირობაში განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. გავაანალიზებთ იმ მოცემულობას, რომელიც გვექნება მომდევნო სესიის დაწყების პერიოდისთვის და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა კობახიძემ.


პარლამენტს პირველი მოსმენით მიღებული აქვს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნები (ვადამდელის ჩათვლით) სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით უნდა ჩატარდეს. თუმცა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 30 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ცვლილებების მიღების აუცილებლობა არ არსებობს, კანონპროექტის განხლვა არ გრძელდება და “ბევრი რამ იქნება დამოკიდებული სხვადასხვა სუბიექტის ქცევასა და ქმედებებზე”. კობახიძის თანახმად, 2%-იანი ბარიერი შეიძლება იყოს მმართველი გუნდის კეთილ ნებაზე დამოკიდებული “საჩუქარი” პარტიებისთვის, ისიც 2024 წლიდან.

“როცა არ უნდა მივიღოთ [საკონსტიტუციო ცვლილებები], ეს იქნება საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სესიაზე, ჩემი პირადი პოზიციაა, რომ ეს ცვლილებები უნდა ამოქმედდეს აუცილებლად 2024 წლიდან, ანუ რიგგარეშეზე არ გავრცელდება არც თეორიულად და არც პრაქტიკულად”, — თქვა ირაკლი კობახიძემ.

მან საკონსტიტუციო ცვლილებებზე დისკუსიის განახლებისთვის ოპოზიციას ისეთი წინაპირობები წაუყენა, როგორიცაა აქციების შეწყვეტა, საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობა, დღის წესრიგის და რიტორიკის შეცვლა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი