ახალი ამბები

ჩარევების უმეტესობა არ შეესაბამება კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს — „ICOMOS საქართველო“ გელათზე

6 დეკემბერი, 2022 • 850
ჩარევების უმეტესობა არ შეესაბამება კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს — „ICOMOS საქართველო“ გელათზე

„ICOMOS საქართველო“ გელათის მონასტრის კონსერვაციულ მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს.

„ICOMOS საქართველო“ იზიარებს საპატრიარქოს მოწვეულ ექსპერტთა დასკვნას, რომ კულტურის სამინისტროს უცხოელი ექსპერტების მეთოდოლოგია გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაციისთვის არ ეფუძნებოდა სათანადო კვლევას და არ შეესაბამებოდა ძეგლის სპეციფიკის საჭიროებას.

ანგარიშის თანახმად:

  • ამჟამად კედლის მხატვრობის დაზიანება (დასავლეთ მკლავში და მიმდებარედ) კვლავ მიმდინარეობს და მხატვრობის დანაკარგი გაზრდილია. დასავლეთი მკლავის ზედა რეგისტრის სამხრეთ კედელზე მხატვრობის გამაგრება, სავარაუდოდ, დასრულებულია, ხოლო ჩრდილოეთი მკლავის დასავლეთ კედელზე, დასავლეთ მკლავის კამარაში და დასავლეთ კედელზე – ნაწილობრივ დასრულებულია. დანაკარგები შეინიშნება, სავარაუდოდ, არათავსებადი მეთოდოლოგიით გამაგრებულ არეალებშიც.
  • დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელზე გამომარილება მიმდინარეობს იმ ადგილებში, სადაც კედლის გამაგრება გასული წლის პერიოდში განხორციელდა, რაც ადასტურებს იმას, რომ გამომწვევი მიზეზი არ არის გამოკვლეული/აღმოფხვრილი და არ კონტროლდება.
  • შესრულებულია ახალი ჩასხმები და ქიმების შეკეთება, რომლის მეთოდოლოგიაზე დეტალური ანგარიში არ არის ხელმისაწვდომი.
  • დეტალური ანგარიშის გარეშე ძნელია ყველა ადგილის ზუსტი განსაზღვრა, სადაც ჩასხმები გაკეთდა, თუმცა შეწყვეტილი პროცესის ადგილები თვალსაჩინოა.
  • დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე დაფიქსირებულია რეკონსტრუქციისა და ტონირების ადგილები. აღსანიშნავია, რომ ჩარევის ეს მეთოდები არ იყო მითითებული ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს 2021 წლის დოკუმენტში, როგორც ჩასატარებელი სამუშაო.

ICOMOS-საქართველოს ანგარიში ეფუძნება კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტების მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსში ძეგლის კონსერვაციული მდგომარეობისა და კედლის მხატვრობის მონიტორინგის შედეგებს, რომელიც საპატრიარქოს მიერ გელათის სამონასტრო კომპლექსში 2022 წლის 31 ოქტომბერს ორგანიზებული საველე ვიზიტის შედეგად განხორციელდა. დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს გელათის მონასტრის საგანგებო მდგომარეობასთან დაკავშირებულ მონიტორინგისა და შეფასებების ანგარიშებს, რომლებიც 2020 წლის შემდგომ პერიოდში შესრულდა.

მისიაში მონაწილეობდნენ:

  • ლელა ნინოშვილი — კედლის მხატვრობისა და ქვის რესტავრატორი, ICOMOS საქართველო;
  • ზაზა სხირტლაძე — ხელოვნებათმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • გვანცა (ტასო) ფოცხიშვილი — კედლის მხატვრობის რესტავრატორი, ICOMOS საქართველო;
  • ციცინო ჩაჩხუნაშვილი — ხელოვნებათმცოდნე, ჩუბინაშვილის ცენტრი, ICOMOS საქართველო;
  • ნატო ცინცაბაძე — არქიტექტორ-რესტავრატორი, ICOMOS საქართველო.

საველე ვიზიტს წინ, 2022 წლის 7 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქომ, ჩუბინაშვილის ცენტრისა და ICOMOS საქართველოს მოთხოვნის შესაბამისად, ქართველ სპეციალისტებს მიაწოდა ანგარიში გელათის მონასტრის დაცვისა და კონსერვაციის შესახებ, რომელიც მოამზადა [საპატრიარქოს მოწვეულმა] საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ.

ICOMOS-საქართველოს აზრით, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ანგარიში ადასტურებს ადგილობრივი და საერთაშორისო კედლის მხატვრობის სპეციალისტების ნაწილის აზრს იმის შესახებ, რომ ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდოს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგია გელათის ღმრთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის გადაუდებელი კონსერვაციისთვის არ ეფუძნებოდა სათანადო კვლევას და არ შეესაბამებოდა ძეგლის სპეციფიკისთვის საჭირო მეთოდოლოგიას. საბჭომ მკაფიოდ უარყოფითად შეაფასა შერჩეული მეთოდი, განხორციელებული სატესტო ჩარევები და მოითხოვა „გადაუდებელი ჩარევის გეგმის შეცვლა“. მიუხედავად ამისა, საქართველოს საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული ექსპერტთა მისიის დროს გამოვლინდა, რომ 2022 წლის ივნის-სექტემბერში მთავარი ტაძრის ნაწილში განხორციელდა მასშტაბური ჩარევა ადრე შემუშავებული მეთოდოლოგიით. ამასთან ერთად, განხორციელებულია არა გადაუდებელი ჩარევა, არამედ ჩატარებულია სრული საკონსერვაციო სამუშაო.

ძეგლზე სამუშაოები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: კედლის მხატვრობის კონსერვაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს, ასოციაცია ჯოვანი სეკო სუარდო, და დაზიანებული გადახურვების გადაუდებელი დაცვა და შემდგომი რესტავრაცია, რომელსაც უძღვებიან უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი [კულტურის სამინისტროს მოწვევით].

დასკვნის სახით, ICOMOS-საქართველო ამბობს, რომ ჩარევების უმეტესობა არ შეესაბამება კონსერვაციის საერთაშორისო პრინციპებს და ICOMOS-ის პრინციპებს კედლის მხატვრობის შენარჩუნებისა და კონსერვაცია-რესტავრაციის შესახებ.

ICOMOS-საქართველოს ანგარიშის ავტორები სრულად იზიარებენ საპატრიარქოს მოწვეული საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციებს გელათის კედლის მხატვრობის მდგომარეობის კვლევის, კონსერვაციის გეგმის განახლებასა და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოების თაობაზე. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ხაზს უსვამს შესაფერისი დროებითი გადახურვის მოწყობის საკითხს, „აშენდეს ფარდული/დროებითი გადახურვა, რომელსაც ექნება საკმარისი სათავე/ზედა სივრცე, რომელიც დაიცავს მთელს შენობას…“

ICOMOS-საქართველო აღნიშნავს, რომ 2022 წლის მაისში ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავზე შეიცვალა დროებითი გადახურვა და მოიხსნა დაზიანებული კრამიტის საფარი და ახალი დროებითი გადახურვა, სავარაუდოდ, უზრუნველყოფს შესაფერის განიავებას, მაგრამ არა კვლევისთვის და კონსერვაციის სამუშაოების საჭირო სივრცეს. ანგარიში კრამიტის საფარის მოხსნის პროცესზე არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ ICOMOS-საქართველოსთვის უცნობია, მოხდა თუ არა კრამიტის მოხსნის დროს გამოვლენილი ინფორმაციის ინტეგრაცია კედლის მხატვრობის კონსერვაციის კვლევის/დაგეგმვის პროცესში.

„აუცილებელია ინტეგრირებული კონსერვაციის მართვის გეგმის განახლება, როგორც ამას მოითხოვს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე რეზოლუცია. ინტეგრირებულმა კონსერვაციის მართვის გეგმამ მკაფიო სტრუქტურით და ამოცანების განსაზღვრით უნდა უზრუნველყოს კოორდინაცია სპეციალისტების ჯგუფებს შორის, რომლებიც მუშაობენ კედლის მხატვრობაზე, ნაგებობებზე და გარემოზე“, — აცხადებს „ICOMOS საქართველო“.

ICOMOS-საქართველოს ანგარიში არ გამოხატავს საერთაშორისო ICOMOS-ის აზრს.

მასალების გადაბეჭდვის წესი