ახალი ამბები

საპატრიარქოს დაკვეთილი კვლევა გელათის რესტავრაციის შედეგებს შემაშფოთებლად აფასებს

30 იანვარი, 2023 • 1086
საპატრიარქოს დაკვეთილი კვლევა გელათის რესტავრაციის შედეგებს შემაშფოთებლად აფასებს

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი ანგარიშს აქვეყნებს, სადაც მიმოიხილავს გელათის მოხატულ ტაძრებში კონსერვაციის პრობლემებს.

ცენტრის განცხადებით, ანგარიში შესრულდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს მომართვის პასუხად და საფუძვლად უდევს ცენტრის თანამშრომელთა მრავალწლიანი ექსპერტიზა, გელათის კონსერვაციის საკითხებთან დაკავშირებით მოწოდებული დოკუმენტაცია და 2023 წლის 20 იანვარს გელათში განხორციელებული სამუშაო ვიზიტის შედეგები.

ძეგლის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები

ანგარიშის ავტორების განცხადებით, გელათის მონასტრის, როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია. კერძოდ, ცენტრის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა და წინა წლებში არსებული სამეცნიერო მეთოდოლოგიური კომპონენტები ამჟამად უგულებელყოფილია.

ორგანიზაციის განცხადებით, უცნობია სამუშაოების შეფასების კრიტერიუმები და მექანიზმები. სამუშაოების ამსახველი დოკუმენტაცია კი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა მართვის საერთაშორისო სტანდარტებისა და არაერთი საერთაშორისო ქარტიის მოთხოვნების საპირისპიროდ, პროფესიული წრეებისთვისაც კი რთული მოსაპოვებელი, ზოგ შემთხვევაში კი, უცნობია.

ამასთან, ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებით, არ სრულდება „იუნესკოს“ მოთხოვნები. კერძოდ, ორგანიზაციის შეფასებით:

  • არ არსებობს ძეგლის მართვის კომიტეტი;
  • არ მოქმედებს ძეგლის მართვის გეგმა, რომელიც უკვე არსებით განახლებას საჭიროებს;
  • არ არის შემუშავებული ძეგლის კონსერვაციის გეგმა, სამუშაოები კი ქაოსურად და ფრაგმენტულად მიმდინარეობს;
  • გელათის საკითხებთან დაკავშირებით სრულიად ფორმალურია მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს როლი;
  • არ მოწყობილა მოხატული ტაძრების ერთიანი, დროებითი გადახურვა.

პრობლემები გადახურვების მიმართულებით

ჩუბინაშვილის ცენტრი აღნიშნავს, რომ სამონასტრო  ნაგებობებს და მათ შორის დიდ ტაძარს თავდაპირველად უნდა ჰქონოდა მოჭიქული კრამიტის სახურავები. ცენტრში აღნიშნავენ, რომ როგორც ჩანს, გვიან შუა საუკუნეებში კრამიტის სახურავის მოვლა უჭირდათ, ამიტომ იმერეთის მეფე სოლომონ I-მა 1770-1780-იან წლებში გელათის მთავარი ტაძარი რუსეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ლითონის ფურცლებით გადაბურა. 1846 წელს კი გელათში სახურავები კვლავ თუნუქით განაახლეს. ასევე თუნუქისა იყო საბჭოთა პერიოდში გაკეთებული სახურავები, რომლებიც ბოლო დრომდე ბურავდა გელათის მონასტრის ნაგებობებს.

„შესაბამისად კვლევისა, გადაწყდა მოწყობილიყო მოჭიქული კრამიტის სახურავები, რაც განიხილებოდა მონასტრის მნიშვნელოვანი თავდაპირველი ელემენტის აღდგენად. თავიდან, მოჭიქული კრამიტით 2010-2011 წლებში დაიბურა მცირე ნაგებობები – სამრეკლო და წმ. ნიკოლოზის ეკლესია, შემდეგ, წმ. გიორგის ეკლესიის გუმბათი და ბოლოს, 2016-2019 წლებში – დიდი ტაძარი“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ დიდი ტაძრის გადასახურად გამოყენებული მოჭიქული კრამიტების (განსაკუთრებით თეთრი კრამიტების) დაბალი ხარისხი ექსპერტთა ანგარიშებში არაერთხელ აღინიშნა.

ანგარიშის ავტორების თქმით, კიდევ უარესი იყო კრამიტის დაგების და მთლიანად სახურავის მოწყობის მეთოდი და ხარისხი – სამუშაო არაკვალიფიციურმა ადამიანებმა შეასრულეს წინასწარი პროექტის გარეშე.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ სახურავში წყლის ჩაჟონვის მიზეზი გახდა არა მხოლოდ და არა იმდენად უხარისხო კრამიტი, რამდენადაც მისი არაპროფესიონალურად დაგება, არასწორად გაკეთებული ღარები, წყალსაწრეტები, კვანძები და შეერთებები კედლებთან. ტლანქად, დაუდევრად გაკეთებული საქმე ზედაპირული დათვალიერებითაც თვალსაჩინოა – კრამიტების გადაბმისა და მათი კედლებთან შეერთების ადგილებში უხვად არის გამოყენებული ავთენტურ მასალასთან არათავსებადი არაორგანული მასალები: სილიკონი, ქაფ-შემავსებელი, ცემენტი ან ცემენტისა და კირის ნაზავი. ბუნებრივია, ასეთი სახელდახელო საშუალებებით სახურავის მონოლითური ერთიანობა ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. შედეგად, რამდენიმე წლის მანძილზე ყოველი ძლიერი წვიმის დროს ათეულობით ლიტრი წყალი ხვდებოდა კედლებსა და კამარებში.

„ზოგჯერ წყალი გზას პოულობდა და თქრიალით მოედინებოდა ინტერიერში (მაგალითად, სამხრეთ-დასავლეთ აფრიდან), უდიდესი ნაწილი კი შენობამ შეიწოვა, რამაც უმძიმესი გავლენა იქონია კედლის მხატვრობაზე“ ,- წერია ანგარიშში.

ცენტრის განცხადებით, მეთოდოლოგიური შეცდომა იყო კრამიტის სახურავის მოწყობა არა ხის ნივნივებზე, რომლებიც სხვენს ქმნის და შენობის თავისუფალი განიავების შესაძლებლობას იძლევა, არამედ ერთიან მყარ მასაზე, რომლითაც მთლიანად ამოივსო სივრცე კამარებსა და სახურავს შორის. ეს შემავსებელი მასა ტაძრის სხვადასხვა ნაწილზე სხვადასხვა მასალითაა (ცემენტის ქაფი, პემზა, სამშენებლო ნარჩენები და სხვა) შექმნილი, თანაც ისე, რომ გადაწყვეტილებები, თუ რა მასალა უნდა გამოეყენებინათ, მიიღებოდა გზადაგზა, სახელდახელოდ, წინასწარი პროექტის გარეშე:

„წყლის ჩაჟონვის შემდეგ ბევრგან ეს მასალა თავადაც გაიჟღინთა და კედლებთან ერთად დიდი დამატებითი ნესტიანი მასა შექმნა. უგო ტონიეტისა და სარა სტეფანინის შეფასებით, ეს მასა ტაძარზე მოქმედებს როგორც „სველი საფარი“.

სახურავის მოწყობისას თავის გადასაზღვევად აქტიურად იქნა გამოყენებული ჰიდროსაიზოლაციო მასალები (თხევადი იზოლატორის ფენა, ტოლი) – როგორც თვით სახურავზე, ისე კამარებზე. წყლის ინფილტრაციისაგან მათ შენობა ვერ დაიცვეს, შემდეგ კი მისი გაშრობის შემაფერხებელ კიდევ ერთ ფაქტორად იქცნენ“, – წერია ანგარიშში.

ჩუბინაშვილის ცენტრის შეფასებით, კრამიტის სახურავის არსებითი ნაკლია მისი არასაკმარისი გამოწევა კედლებიდან. დოკუმენტის ავტორების განცხადებით,  სახურავი ტაძრის კარნიზის პირზეა მოწყობილი, რის გამოც კარნიზის ქვებს ეკლესიის მთელ პერიმეტრზე გარკვევით ეტყობა სახურავიდან ნაჟონი წყლის კვალი. დასავლეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელზე, კრამიტის დეკორატიული ფრიზის ქვეშ კარნიზის ქვებს აშრევება აქვს დაწყებული. მათი თქმით, საცრემლეები ზოგან საერთოდ არ არის, ხოლო სადაც არის, ბრტყელი კრამიტების შიგნითაა მოქცეული და თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს.

„აფრების გარე მოცულობებზე კარნიზის ქვები ბევრგან სახურავის გარეთ დარჩა და დროებითი სახურავის მოწყობამდე მუდმივად ზიანდებოდა წყლის ნაკადისგან.

კრამიტების დასამაგრებლად სახურავის ფერდებზე გამოყენებული იქნა ლურსმნები, რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა და საქართველოს საეკლესიო მშენებლობაში სულ ცოტა მეათე საუკუნიდან არის ცნობილი (ხახული, ოშკი). სათანადო ყურადღება ხარისხს არც აქ მიექცა – ამჟამად ლურსმნები ბევრგან დაჟანგულია (კარგად ჩანს აფრების გარე მოცულობებზე)“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებით, 2020 წლიდან გელათის მთავარი ტაძრის შენობა დაფარულია თუნუქის დროებითი სახურავით, რომელიც ზემოდან ადევს კრამიტებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ის იცავს შენობას წყლის ინფილტრაციისაგან, მაგრამ აფერხებს კედლებისა და კამარების გაშრობის პროცესს.

ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ დროებითი სახურავის მოწყობისას განმეორდა იგივე შეცდომა, რაც იქნა დაშვებული კრამიტების დაგების დროს — ის საკმარისად არ არის გამოწეული კედლებიდან. მათი თქმით, თუნუქის სახურავის კიდე კრამიტის სახურავის კიდეზეა გასწორებული, რის გამოც კარნიზის დაზიანება ტაძრის მკლავებზე დღესაც გრძელდება.

ცენტრის განცხადებით, ამჟამად კრამიტის სახურავი, შემავსებელი მასა (ქვის ნატეხები, დამტვრეული კრამიტები) და სახურავის მოსაწყობად დასხმული დაახლოებით 30 სმ სისქის ბეტონის ფილა მოხსნილია დასავლეთი მკლავის თავზე.

ამასთან, ანგარიშის ავტორები ხაზს უსვამენ, რომ სახურავის ახდა და მის ქვეშ სივრცის ამოსუფთავება არ მომხდარა წინასწარ შეთანხმებული პროექტის მიხედვით და არ დაფიქსირებულა ფენათა სტრატიგრაფია.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამოღებული შემავსებელი ფენა ფიქსაციის გარეშე იქნა გადაყრილი. ანგარიშში ნათქვამია, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლების თქმით, კამარის გასუფთავებისა და დროებითი გადახურვის მოწყობის პროცესის მონიტორინგი ყოველდღიურად მიმდინარეობდა და შესაბამისი ანგარიშები ინახება სააგენტოში.

„დასავლეთი მკლავის გადახურვის გასუფთავებისას შემავსებელ მასაში აღმოჩნდა დამდნარი ტყვიის ფრაგმენტები. არქეოლოგ როლანდ ისაკაძის მოწმობით, გამდნარი ტყვია უხვად არის ჩალექილი კარნიზებსა და კამარის ბზარებში. ივარაუდება, რომ 1510 წელს თურქების მიერ ტაძრის გადაწვისას უნდა დამდნარიყო. თუ ასეა, ტყვია სახურავში საკმაოდ ადრინდელი ხანიდან გამოუყენებიათ, თუმცა მისი გამოყენების ფორმა და მიზანი ნათელი არ არის.

კრამიტებისა და მათი სუბსტრუქციის მოხსნის შემდეგ დასავლეთ მკლავზე გაკეთდა თუნუქის დროებითი სახურავი ხის ნივნივებზე. სახურავსა და ტაძრის კედლებს შორის სიცარიელე თუნუქისავე გოფრირებული ფურცლებით არის აჭედილი. თუნუქის ფურცლებში კამარასა და სახურავს შორის არსებული სივრცის განიავების მიზნით მცირე ზომის ხვრელებია მოწყობილი“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებით, დროებითი სახურავის რამდენიმე წყალსაწრეტი მილი წყლის სახურავიდან გამართულად გადაყვანას ვერ უზრუნველყოფს, მით უფრო, რომ ზოგიერთი უკვე დაზიანებულია და სახელდახელოდ ამოულესავთ.

ტაძრის სხვა ნაწილებზე კი, ანგარიშის ავტორების თქმით,  კრამიტის სახურავი აღებული არ არის. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სახურავის ნაწილობრივმა მოხსნამ გამოიწვია შენობის არათანაბარი გაშრობის პრობლემა. ავტორების თქმით,  ტენის აორთქლება ამ მიმართულებით წარიმართა, რამაც დასავლეთი მკლავის კედლის მხატვრობას დამატებითი პრობლემები შეუქმნა.

პრობლემები მოხატულობების მიმართულებით

ჩუბინაშვილის ცენტრი იშველიებს სხვა ექსპერტების დასკვნებს და აცხადებს, რომ შემოთავაზებული მოხატულობათა კონსერვაციის მეთოდოლოგია და მის საფუძველზე ჩატარებული სამუშოები უკიდურესად ნეგატიურადაა შეფასებული.

ანგარიშის ავტორების განცხადებით, ექსპერტთა დასკვნებით, გელათის მხატვრობა მაღალი ტენიანობისა და სხვადასხვა ტიპის მარილების ზემოქმედების შედეგად, აქტიური დაზიანებისა და ავთენტური მოხატულობების მზარდი დანაკარგების მიმდინარე პროცესშია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შემოთავაზებული მეთოდოლოგია არ ეფუძნება სათანადო კვლევას, არ არის ჯეროვნად დასაბუთებული და არგუმენტირებული და არ შეესაბამება სხვადასხვა დროის, განსხვავებული ტექნოლოგიით შესრულებული, წყლის მასშტაბური ინფილტრაციით დაზიანებული და კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში არსებული მოხატულობების სპეციფიკას, ის მეტად დაშორებულია საერთაშორისო სტანდარტებს.

ცენტრი ხაზს უსვამს, რომ არასტაბილურ გარემოში (ნესტი, ტემპერატურა),მცდარი მეთოდოლოგიით, ორიგინალთან არათავსებადი მასალების გამოყენებით განხორციელებული ჩარევები ექსპერტთა მიერ შეფასებულია როგორც „შემაშფოთებელი“:

„ჩუბინაშვილის ცენტრის თანამშრომელთა მიერ გელათის მოხატულობების ვიზუალურმა დათვალიერებამაც ცხადყო წარმოებული სამუშაოების მეთოდოლოგიური გაუმართაობა და მათი ფუნდამენტური კორექტირების აუცილებლობა.

ახლაც, მოხატულობების ხარაჩოდან დათვალიერების შემდეგ, სრულად ვიზიარებთ რიკერბი-შეკედეს, ნევინი-ვონგი-სტენიფორთი-პიკესა და საქართველოს იკომოსის დასკვნებს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებით, საგანგებოდ უნდა გამოიყოს მოხატულობის დაზიანების აქტიური კერები დასავლეთ მკლავში – ანუ იქ, სადაც იტალიურ-ქართული ჯგუფის მიერ რამდენიმე თვის წინ უკვე განხორციელდა სრული კონსერვაცია.

ანგარიშის ავტორების თქმით, მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის კედლის მხატვრობის ამჟამინდელი მდგომარეობა კვლავ არასტაბილურია, ვინაიდან, მათი განცხადებით, მარილების დაშლა-კრისტალიზაციის პროცესი მიმდინარეა, რასაც თან ახლავს, 2020-2021 წლებში გამაგრებულ მონაკვეთებზე აქერცვლისა და გაფხვიერების ხელახალი პროცესი და ავთენტური ნაწილების დანაკარგები.

დოკუმენტის ავტორების განცხადებით, საკონსერვაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მარილის კრისტალიზაციის, ფერწერული ფენის აქერცვლისა და ცვენის თუ ბათქაშის დაშლის პროცესის თვალსაჩინოებისა და სისწრაფის გათვალისწინებით, გელათის მთავარი ტაძრის დასავლეთი მკლავის მოხატულობა შესაძლოა მეთოდოლოგიურ თვალსაჩინოებადაც კი იქცეს იმის საილუსტრაციოდ, თუ რა შედეგი მოაქვს არასწორი მეთოდოლოგიით განხორციელებულ კონსერვაციას.

ორგანიზაციის განცხადებით, ჩამოთვლილი მძიმე დაზიანების მაგალითი დასავლეთ მკლავში არაერთია, ფერწერული ფენის აქერცლილი მონაკვეთები არაერთგან არის უკვე სრულად მოცილებული საფუძველს და ცვივა, ბათქაშის ფენა ალაგ ამოტეხილია, ალაგ ისეა გაფხვიერებული, რომ შემავსებლად გამოყენებული ნამჯა ზედაპირზეა ამოსული და ცვივა.

ჩუბინაშვილის ცენტრის განცხადებით, როგორც უკიდურესად შემაშფოთებელი მეთოდოლოგიური დარღვევა, საგანგებოდ უნდა გამოიყოს შემსრულებელთა მიერ დასავლეთ მკლავში ფართოდ გამოყენებული ტონირება-რესტავრაცია – მიდგომა, რომელიც პრინციპულად ეწინააღმდეგება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოში მიღებულ და გაზიარებულ პრინციპებს, რასაც კედლის მხატვრობის ქართული საკონსერვაციო და ხელოვნების ისტორიის ქართული სკოლები დაფუძნების დღიდან ურყევად იზიარებს და მისდევს.

„სქემატური და ქრომატული აღდგენები ფართოდ არის გამოყენებული არა მხოლოდ შევსებებზე, არამედ – ორიგინალ ნალესობაზე და დასავლეთი მკლავის მხატვრობის გამშვენება-გადარჩენის ილუზიას ქმნის. კამარის ჩრდილოეთ ფერდზე არსებული ადრეული მხატვრობის ფრაგმენტი, რომელიც სცენის „ქრისტე კაიაფას წინაშე“ დაზიანებული ნაწილის ქვემოდან ჩანს, რესტავრატორთა ინტერპრეტაციით, მათი გემოვნების მიხედვით გამოსახულების ინტენსივობის გაზრდის გზით არის „წარმოჩენილ-პრეზენტირებული“. გელათში გამოყენებული მიდგომა – ორიგინალ ბათქაშზე რესტავრატორების ჩარევა, მათ მიერ ინტერპრეტირებული რეალობით ისტორიული რეალობის ჩანაცვლება – არსებითად, მხატვრობის ფალსიფიკაციას წარმოადგენს და აზიანებს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სახეს“ ,- ვკითხულობთ ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მდგომარეობას ამძიმებს ის, რომ დასავლეთი მკლავის მხატვრობის ავთენტური სახის შემლახავი ჩარევები პროფესიული წრისგან მალულად შესრულდა – მას არ გაუვლია პროფესიული შეფასების, რეცენზირების თუ დამტკიცების არცერთი რგოლი.

ანგარიშის ავტორების თქმით, შესრულებული სამუშაოების შესახებ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია არ არსებობს და არსებულ ანგარიშში არაფერია ნათქვამი სარესტავრაციო ჩარევებზე. ამასთან, მათი თქმით, არსად გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია გელათის მოხატულობებთან დაკავშირებით,

საბოლოოდ, დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ გელათის მოხატულობის კონსერვაციისა და რესტავრაციის შედეგები სავალალოდ და უკიდურესად შემაშფოთებლად უნდა შეფასდეს – მით უფრო, რომ მათი თქმით, ეჭვს არ იწვევს დროთა განმავლობაში არასწორი მეთოდოლოგიით წარმართული საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოების ნეგატიური ეფექტის გაძლიერება, მით უფრო – დღემდე მოუგვარებელი გადახურვის საკითხის ფონზე.

„რეაბილიტირებული კრამიტის სახურავის ქვეშ აკუმულირებული ნესტი მოხატულობებისთვის დაზიანების მუდმივ წყაროს წარმოადგენს, მხოლოდ დასავლეთი მკლავის თავზე გამართული სეგმენტური დროებითი სახურავი კი სტრუქტურაში წყლის მიგრაციის დამატებით პირობას ქმნის. კიდევ ერთხელ უნდა გაესვას ხაზი იმ მეთოდოლოგიურ დარღვევას, რაც გულისხმობს ბოლო პერიოდის მთელი რესურსის დასავლეთი მკლავის მხატვრობაზე დაუსაბუთებელი, სათანადო კვლევისა და ტესტირების გარეშე ჩატარებული, მისი მხატვრობის ფიზიკურადაც და ავთენტური სახისთვისაც დამაზიანებელი სამუშაოებისთვის მოხმარებას“ ,— ვკითხულობთ დოკუმენტში.

ცენტრში აღნიშნავენ, რომ მონიტორინგის საგანი არ გამხდარა არათუ წმინდა გიორგის ეკლესია, ანდა მთავარი ტაძრის ნართექსი და ეგვტერები, არამედ – იქვე, ფიზიკური სამუშაოების სიახლოვეს მდებარე, ჩრდილოეთი და სამხრეთი მკლავების ზედა მონაკვეთები და საკურთხევლის კონქი. არადა, მათი თქმით, საფუძველს ნალესობიანად, მსხვილ მონაკვეთებადაა მოცილებული ფერწერული ფენა დასავლეთისა და ჩრდილოეთის თაღებზე, სადაც მარილის კოლონიებად კრისტალიზაცია და გუნდებად ნაფიფქი გამომარილების აქტიურ მიმდინარეობას მიუთითებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელიც ორ ჯგუფადაა დაყოფილი, მათი ნაწილი გადაუდებელ სამუშაოებს ეხება, ნაწილი კი გრძელვადიანია სამომავლო სამუშაოებისთვის, რომელსაც „ნეტგაზეთი“ უცვლელად გთავაზობთ:

რეკომენდაციები გადაუდებელი სამუშაოებისათვის

  1. 2020 წლის ზაფხულში გ. ჩუბინაშვილის ცენტრმა მიმართა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს წინადადებით, გელათის მთავარი და წმ. გიორგის ტაძრებზე მოწყობილიყო მყარი დროებითი გადახურვა, რომელიც სრულად დაიცავდა მათ წყლის შემდგომი ინფილტრაციისაგან და ამასთან, შესაძლებლობას მისცემდა სპეციალისტებს, ემუშავათ პრობლემის შესწავლაზე და მის აღმოფხვრაზე, არსებული კრამიტის სახურავისა და მისი საფუძვლის მოხსნის ჩათვლით. ეს წინადადება უარყოფილი იქნა. სააგენტოს სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ასეთი მასშტაბის დროებითი გადახურვის მოწყობა გელათისთვის დამახასიათებელი ძლიერი ქარების გათვალისწინებით რისკებთან იყო დაკავშირებული – თუ ქარი ამხელა ნაგებობას წააქცევდა, ის ტაძარს დიდ ზიანს მიაყენებდა. სრული მყარი დროებითი გადახურვა კვლავაც უნდა განვიხილოთ გელათის დიდი ტაძრის დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებად. ზემოთ აღნიშნული რისკის გათვალისწინებით, აუცილებელია, დროებითი გადახურვა დააპროექტონ და ყველა ეტაპზე განახორციელონ უმაღლესი კვალიფიკაციის საერთაშორისო სპეციალისტებმა, რომელთაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება.
  2. მიზანშეწონილია ანალოგიური ტიპის მყარი დროებითი გადახურვა მოეწყოს წმ. გიორგის ეკლესიაზეც. კედლის მხატვრობის მდგომარეობის გაუარესება (იხ. ქვემოთ) ცხადყოფს, რომ წლის ჩაჟონვა აქაც მოხდა და საჭიროა საგანგებო ღონისძიების გატარება.
  3. მას შემდეგ, რაც საიმედო დროებითი სახურავი იქნება მოწყობილი, დიდ ტაძარზე მთლიანად უნდა იქნას აღებული დარჩენილი კრამიტები და სრულად ამოწმენდილი შემავსებელი მასა კამარებსა და სახურავს შორის. ეს სამუშაოები უნდა გაიწეროს შესაბამისი დარგების ექსპერტების (მათ შორის კლიმატოლოგის) დეტალური რეკომენდაციების საფუძველზე. არსებითია, რომ შენობა ერთიანად განთავისუფლდეს სახურავისგან, რათა კედლებისა და კამარების გაშრობის პროცესი თანაბრად წარიმართოს და აღარ მოხდეს ანაორთქლი ნესტის კონცენტრაცია ცალკეულ ადგილებში, როგორც ახლა ხდება.

გრძელვადიანი რეკომენდაციები მომავალი სამუშაოებისათვის

  1. გაშრობა ხანგრძლივი პროცესია. ა. ნევინის, ლ. ვონგის, ფ. პიკესა და ს. სტანიფორთის ანგარიშის მიხედვით, გელათის ტაძრის კედლების სრულ გაშრობას შეიძლება სამიდან ხუთ წლამდე დასჭირდეს, რადგან ემპირიული დაკვირვებებით შენობის ქსოვილის ყოველი 25 სმ-ის გაშრობას დაახლოებით ერთი წელი სჭირდება. თუ როდის უნდა გაკეთდეს ახალი მუდმივი სახურავი, შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ პროცესებზე დაკვირვებისა და დამატებითი კვლევების შედეგად.
  2. აუცილებელია, სახურავი გაკეთდეს ხის ნივნივებზე. გელათის სპეციფიკური კლიმატის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია გაზიარებული იქნას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მსოფლიო პრაქტიკაში მიღებული წესი და კრამიტის საბურველის ქვეშ მოეწყოს თუნუქის სახურავი. ასეთ დროს ფუნქციური არის თუნუქი, ხოლო მასზე დაგებულ კრამიტს ძირითადად დეკორატიული დანიშნულება აქვს. შესაძლოა რაღაც მსგავსი სისტემა აქ უკვე შუა საუკუნეებში არსებობდა – ეგებ ამას ემსახურებოდა ტყვიის ფურცლები, რომელთა დამდნარი ნაშთებიც აღმოჩნდა დასავლეთი მკლავის თავზე.
  3. თუ ეკლესია კრამიტით გადაიხურება, აუცილებელია, კრამიტის დასამაგრებლად გამოყენებული იქნას უჟანგავი ფოლადის ლურსმნები. დამხმარე მასალები, რომელთაც უნდა უზრუნველყონ სახურავის მონოლითური ერთიანობა, უნდა შეირჩეს განსაკუთრებული სიფრთხილით, როგორც მათი ტექნიკური თვისებების, ისე კულტურულ-ისტორიული და ესთეტიკური ფაქტორების გათვალისწინებით.
  4. საგანგებო ყურადღება უნდა მიექცეს წყლის გადაყვანის/არიდების სისტემებს. მათ დაგეგმვას და შესრულებას კვალიფიციური სპეციალისტები სჭირდება. ამ სისტემების გაუმართაობამ ამჟამინდელი პრობლემების შექმნაში დიდი როლი შეასრულა.

ანგარიშს სრულად შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი