კომენტარი

“სინამდვილეს არ შეესაბამება” – საპატრიარქო გელათის დასკვნაზე კულტურის სამინისტროს პასუხობს

1 თებერვალი, 2023 • 1638
“სინამდვილეს არ შეესაბამება” – საპატრიარქო გელათის დასკვნაზე კულტურის სამინისტროს პასუხობს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ აფასებენ ჩუბინაშვილის ცენტრის სამეცნიერო ავტორიტეტს და უდასტურებენ პატივისცემას.

საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ჩუბინაშვილის ცენტრის დასკვნა შესრულებულია საპატრიარქოს უშუალო თხოვნის საფუძველზე და იქ არავითარ პოლიტიკას ადგილი არ აქვს. საპატრიარქოს თქმით, ის განპირობებულია ძეგლის დაცვისა და საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აღნიშნავს, რომ მრავალი უცხოელი სპეციალისტის დასკვნებთან ერთად, საჭიროდ მიიჩნიეს, თავისი სამეცნიერო შეფასება და პროფესიული დასკვნა წარმოედგინა გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ცენტრს, “რომელსაც ეროვნული კულტურის შესწავლისა და პოპულარიზაციის მხრივ ისტორიულად და დღესაც ფასდაუდებელი სამუშაო აქვს შესრულებული”:

„რაც შეეხება გუშინდელ განცხადებებს, თითქოს აღნიშნული დასკვნა შესრულებულია პრივატულად და მას არ გააჩნია იურიდიული ლეგიტიმაცია, სინამდვილეს არ შეესაბამება“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

საპატრიარქო აღნიშნავს, რომ დადასტურებულად შეუძლიათ თქვან, რომ სამეცნიერო საბჭოს წევრთა ჩართულობითა და ქვორუმის პირობებში მოხდა აღნიშნული დასკვნის მიღება და მას ხელს აწერს და ამტკიცებს გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრის დირექტორი მარიამ გაჩეჩილაძე.

გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა კრიტიკული ანგარიში რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა.

გუშინ, 31 იანვარს კულტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც უწყება წერდა, რომ “დასკვნა ერთი კონკრეტული და მცირერიცხოვანი, პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფის მოსაზრებების კრებულია”, ასევე,  “ცენტრის ხელმძღვანელისგან მალულად იქნა შემუშავებული და დამტკიცებული”. ამასთან, სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ანგარიში არა სამინისტროში ან ცენტრში, არამედ პარტიის ოფისში წარადგინეს.

ასევე, სამინისტრო ზედაპირულს უწოდებს დასკვნას, ავტორებს კი არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ გელათზე დასკვნა, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ცენტრმა მოამზადა, სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი