ახალი ამბები

რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

9 თებერვალი, 2021 • 26548
რა დაემართა გელათს – ფაქტები და კომენტარები

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დაზიანებულია.

ახლადგადახურული ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის კრამიტი დატყდა, ტაძრში წყალი ჩავიდა და კედლის მხატვრობა დაასველა. გამოშრობის შემდეგ კი მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოცვივდა. სპეციალისტები ამბობენ, რომ ის, რაც გელათში უკვე განადგურდა, ვეღარ აღდგება.

მიუხედავად იმისა, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ [საია] პროკურატურას მიმართა, პროკურატურამ გამოძიება არ დაიწყო და საქმე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაამისამართა.

შესაბამისად, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს იმის შესახებ, რამდენად კანონიერად დაიხარჯა გელათის რეაბილიტაცია – კონსერვაციისთვის გამოყოფილი ფინანსები. ამ ტიპის გამოძიება კი ვერ გასცემს პასუხს კითხვაზე – დაზიანდა თუ არა ძეგლი და პასუხისმგებელმა პირებმა გამოიჩინეს თუ არა გულგრილობა.

ამ სტატიაში შევეცდებით გავცეთ პასუხი კითხვას – რა დაემართა გელათს და ვინ არის პასუხისმგებელი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებაში.

რა მოხდა

2021 წლის 8 თებერვლის, ანუ დღეის მდგომარეობით, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეყვანილი გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძარი, რომლის რეაბილიტაციაზე 800 ათასი აშშ დოლარი და 1 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუნუქის დროებითი გადახურვის ქვეშაა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გელათზე ორი ძირითადი პრობლემაა გამოვლენილი. პირველი საშემსრულებლო ხარვეზია. ტაძრის ქვედა რეგისტრებზე დაფენილი კრამიტის საბურველს აქვს მიკრობზარები და ზედაპირი დახეთქილია. მეორე მთავარი ხარვეზი უკავშირდება ტაძრის გუმბათის ყელისა და დასავლეთ მკლავის შეერთების ადგილზე არსებულ კირ-ხსნარის შევსებებს, რომელსაც ასევე აქვს მიკრობზარები. ამის გამო წყალი ჩავიდა ტაძრის ინტერიერში, რამაც გამოიწვია  დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელსა და სამხრეთ ფერდზე არსებული კედლის მხატვრობის ფრაგმენტული დაზიანება. რიგ შემთხვევებში რამდენიმე კვადრატულ სანტიმეტრზე ამ მხატვრობის ორიგინალური ფენის დაკარგვაც კი.

ხარვეზების გასაჯაროებისთანავე, სპეციალისტები ითხოვდნენ და დღემდე  ითხოვენ მოეწყოს კარვისებური გადახურვა, რომელიც მთლიანად ტაძარს მოაქცევს საერთო გადახურვის ქვეშ. თუმცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით ერთიანი გადახურვის მოწყობის ნაცვლად დაზიანებულ მოჭიქულ თეთრ კრამიტს ზემოდან დაახურეს თუნუქი. სააგენტო განმარტავს, რომ საერთაშორისო იკომოსისა  და საპარლამენტო  კომიტეტის რეკომენდაციების შესაბამისად ამ ეტაპზე მუშაობენ კარვისებური გადახურვის მოწყობის მიზანშეწონილების საკითხის დასაბუთებაზე არსებული რისკების გათვალისწინებით. ამ მიზნით კი მართავენ კონსულტაციებს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე.

მთავარი ტაძარი, რომელიც ღვთისმშობლის სახელობისაა, დღეისათვის ისევ ხარაჩოებშია მოქცეული. კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის სახელობის ტაძარზე კი, რომლის გადახურვასაც ასევე ითხოვდნენ სპეციალისტები, დროებითი გადახურვის მოწყობა ახლა მიმდინარეობს.

თვეებია პასუხისმგებელი პირები („ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“, „იკორთა 2007“, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო) ცდილობენ გამოასწორონ შეცდომა, რომელიც გელათის კონსერვაცია-რეაბილიტაციის პროცესში დაუშვეს. პროცესი დროს მოითხოვს. წინასწარი მოკვლევით  ჩანს, რომ გელათი კიდევ რამდენიმე წელი იქნება ხარაჩოებში.

სახელმწიფოს, კერძო კომპანიების როლი გელათის რეაბილიტაციის პროცესში

გელათის რესტავრაცია-კონსერვაციის პროექტის ავტორი ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობაა“, რომლის ხელმძღვანელი კახა ტრაპაიძეა.  ხოლო  პროექტის განმახორციელებელი და სამუშაოების შესრულებაზე ნებართვის მფლობელი „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, რომლის ხელმძღვანელი მაკა  დვალიშვილია. სწორედ ამ ორგანიზაციამ მოიძია საგრანტო დაფინანსება. საინჟინრო სამუშაოები უშუალოდ „იკორთა 2007“-მა შეასრულა, რომლის ხელმძღვანელი გია ხურცილავა.

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე ჩასატარებელ  ყველა სამუშაოზე ნებართვას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო გასცემდა. 2014 წლის 25 თებერვლიდან დღემდე სააგენტოს ნიკოლოზ ანთიძე ხელმძღვანელობს. სააგენტოს ევალებოდა პროცესის მონიტორინგი და შესრულებული სამუშაოების ჩაბარება. ოფიციალური დოკუმენტაციის თანახმად 2020 წლის 11 მარტამდე, სააგენტოს გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სამუშაოებზე ხარვეზი არ აღმოუჩენია. სამუშაოების დაწყებიდან პირველი ხარვეზის აღმოჩენამდე 7 წელი გავიდა.

გელათის  რესტავრაციაკონსერვაცია ციფრებში

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი „ბათუმელებთან“ იხსენებს პროცესს, თუ როგორ დაიწყო გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ მიმდინარე ამბები.

მისი მონათხრობის მიხედვით, რაც ასევე დოკუმენტურადაც დასტურდება, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი გელათის  მონასტრის სარეაბილიტაციო პროექტში 2013 წლიდან ჩაერთო. კერძოდ, მას შემდეგ, რაც არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა  „საქართველოს მემკვიდრეობამ“ მიმართა მათ ორგანიზაციას თხოვნით დახმარებოდა საერთაშორისო დონორებისგან ფინანსური სახსრების მოძიებაში.

„საქართველოს მემკვიდრეობის“ მიერ მომზადებულ პროექტზე დაყრდნობით დაიწყო ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა საგრანტო დაფინანსების ძიება.

2013 წელს „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდიდან 600 ათასი აშშ დოლარის გრანტი მიიღო პროექტისთვის – „გელათის ღვთისმშობლის ტაძრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაცია“.

საგრანტო დაფინანსება მოიცავდა გელათის მონასტრის არქიტექტურული სტრუქტურის რეაბილიტაციას, მათ შორის მოჭიქული კერამიკის სახურავის ფილების მონტაჟს, ქვის ფილების გაწმენდას, კარნიზების კონსერვაციას, ფანჯრების შემინვას, ქვის ზედაპირზე მცენარეული და ბიოლოგიური დაზიანებების აღმოფხვრას, ტაძრის შიდა სივრცეში არსებული ფრესკების მონიტორინგსა და გადაუდებელ კონსერვაციას.

სამუშაოები „საქართველოს მემკვიდრეობის“ მიერ შემუშავებული პროექტის მიხედვით უნდა წარმართულიყო, რომელიც 2014 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამეცნიერო საბჭოზე განიხილეს და დაამტკიცეს.

2014 წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათისა და გუმბათის ყელის კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ დამატებით 50 ათასი აშშ დოლარი მიიღო.

2016 წელს გელათის ღვთისმშობლის ტაძრის ეკვდერების და ნართექსის ქვის კონვერსაციისთვის „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა“ კიდევ 150 ათასი აშშ დოლარი მიიღო. ეს იყო 2013 წელს მიღებული საგრანტო დაფინანსების ერთგვარი გაგრძელება და ღვთისმშობლის ტაძრის ზედა ნაწილებში ჩასატარებელი სამუშაოებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 14 დეკემბერს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მუნიციპალური განვითარების ფონდმა 1 349 075 ლარზე ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული 2018 წელს გამოვლინდა. ტენდერი ისევ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მოიგო.

პრობლემები, სწორედ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიღებული დაფინანსების შემდგომ გაჩნდა.

2018 წელს, მას შემდეგ, რაც გელათის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ქვედა იარუსების (ეკვდერების და იარუსების) გადახურვის სამუშაოების გასაგრძელებლად თანხა მიიღეს, შეცვალეს გადასახური მასალა – წითელი მოჭიქული კრამიტი, კერამიკული თეთრი კრამიტით.

ამ ფაქტს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი იმით ხსნის, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს, პროექტის დასასრულებლად მხოლოდ 8 თვე ჰქონდა გამოყოფილი. ამ მცირე დროში კი ის სახელოსნო, რომელიც მოჭიქულ წითელ კრამიტს აწარმოებდა, უარს აცხადებდა მასალის მიწოდებაზე.

წითელი თიხის მოჭიქული კრამიტი, რომლითაც გელათის მთავარი ტაძრის გუმბათია გადახურული, საქართველოში, ადგილობრივ საამქროში დამზადდა. კრამიტის იმ ოდენობის დამზადებაა, რომელიც ტაძრის ეკვდერების და იარუსების გადასახურად იყო საჭირო, საწარმოს წარმომადგენლებმა 8 თვეში შეუძლებლად მიიჩნიეს და საბოლოოდ უარი თქვეს.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ამის გამო მოუწიათ ახალი კომპანიის მოძებნა და კრამიტის შეცვლა. მოიძებნა კომპანია, შპს „პრიმუმი“, რომელსაც წითელი კრამიტის ნაცვლად, თეთრი კრამიტის დამზადება შეეძლო. კრამიტის ნიმუშები გაგზავნეს წულუკიძის სახელობის სამთო ინსტიტუტის ლაბორატორიაში, სადაც მანამდე ექსპერტიზა ჩატარებული ჰქონდა კრამიტს, რომელიც გუმბათის გადასახურად გამოიყენეს.

მთელს ამ პროცესს ზედამხედველიც ჰყავდა – მუნიციპალური განვითარების ფონდის [მგფ] მიერ დაქირავებული კომპანია „ეფტისა“. სწორედ მგფ-ს და „ეფტისას“ წარმომადგენლებს გაუგზავნეს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც თეთრი თიხის კრამიტის დაგება დასაშვებად იყო მიჩნეული. მათგან მიღებული თანხმობის შემდეგ კი სამუშაოები განახლდა.

გელათზე სამუშაოებს 7 წლის განმავლობაში აკვირდებოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, თითოეული ეტაპის დასრულების შემდეგ გასცემდა დადებით დასკვნებს და იძლეოდა სამუშაოების წარმოების ნებართვას. მონიტორინგის ვერცერთ ეტაპზე სააგენტომ ხარვეზი ვერ აღმოაჩინა.

„ბათუმელებთან“ ინტერვიუში, როგორც სააგენტოს დირექტორის მოადგილე დავით ლომიტაშვილი, ისე საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე ამტკიცებენ, რომ იმ დაზიანების აღმოჩენა/პრევენცია, რომელიც გელათის მთავარი ტაძრის სახურავზე გაჩნდა, წინასწარ შეუძლებელი იყო.

პირველი ბზარები სახურავზე და გამოუსწორებელი ზიანი, რომელიც ტაძრის მხატვრობას მიადგა

2019 წელს გელათის სახურავი დაზიანდა. უფრო სწორად, კრამიტი დატყდა, მთავარი ტაძრის ინტერიერში წყალი ჩავიდა. დასველდა კედლის მხატვრობა, გამოშრობის შემდეგ კი უნიკალური მხატვრობის ფრაგმენტები ჩამოიყარა.

სახურავის დაზიანების შემდეგ გელათის სამონასტრო კომპლექსში ვითარება ქრონოლოგიურად ასე წარიმართა:

სააგენტოს პირველი ოფიციალური ანგარიში 2020 წლის 11 მარტით თარიღდება. მაკა დვალიშვილის თქმით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა თებერვალში აღმოაჩინა დაზიანებები და დაიწყო ფოტოფიქსაცია. მასალები მიაწოდა როგორც სააგენტოს, ისე მუნიციპალური განვითარების ფონდს.

2020 წლის მარტში გამოქვეყნებულ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ანგარიშში, უკვე საუბარია იმაზე, რომ გელათის სახურავი დაზიანებულია.

სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბექა ბარამიძის მტკიცებით, ამის შემდეგ სააგენტომ მიმართა შემსრულებელს და მოსთხოვა დაუყოვნებლივ პროექტის მომზადება, სანებართვო პირობის მიღება და სამუშაოების განხორციელება ტაძრის ყველაზე კრიტიკულ არეალებზე დროებითი გადახურვის მოსაწყობად.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მათ დროებითი გადახურვა მოაწყვეს და ანგარიში სააგენტოში 2020 წლის 23 ნოემბერს წარადგინეს.

„23 ნოემბრიდან 18 იანვარამდე, სანამ მედია არ ჩავიდა ადგილზე, სააგენტოდან არაფერი მიგვიღია. მედიის ჩასვლის შემდეგ გამოაქვეყნეს გაფრთხილება, რაც ძალიან გაგვიკვირდა. თუ რამეზე  ჰქონდათ შენიშვნა, ორმა თვემ გაიარა ისე, რომ მათ არაფერი არ უთქვამთ ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, რომ  [სააგენტოს] წარმომადგენლებიც იქ [გელათში] იყვნენ და არაერთხელ დაათვალიერეს იქაურობა,“ –  ამბობს მაკა  დვალშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ბექა ბარამიძე კი სულ სხვა ვადებზე საუბრობს. მისი თქმით, მათ 13 ოქტომბერს გაუგზავნეს ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს წერილი, რომელშიც დამატებით ტაძრის მკლავების გადახურვას სთხოვდნენ. რაზე პასუხიც 24 ნოემბერს მიიღეს სააგენტოში, რომლის მიხედვითაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრისთვის გაუგებარი იყო, რატომ ითხოვდა სააგენტო მათგან ტაძრის მკლავების გადახურვას. მოგვიანებით სააგენტოში შეხვედრა გაიმართა და ამ შეხვედრის შემდეგ გადახურვის ვალდებულება სამუშაოების შემსრულებელმა კომპანიამ „იკორთა 2007-მა“ აიღო.

„20 დეკემბერს დასრულდა დროებითი გადახურვა, თუმცა ამ პერიოდში ჩვენი მონიტორინგის მისიის ფარგლებში უკვე განისაზღვრა წინასწარ ის ხარვეზები რომელიც დროებითი გადახურვის კონსტრუქციაზე იყო გამოვლენილი,“ –  ამბობს ბექა ბარამიძე.

საბოლოოდ პროცესი პროექტში ჩართული ორივე კომპანიის (ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი და იკორთა 2007) დაჯარიმებით დასრულდა. თუმცა ჯერჯერობით სასამართლო პროცესი არ გამართულა და უცნობია რა ოდენობის ჯარიმა დაეკისრებათ კომპანიებს ან საერთოდ დაეკისრებათ თუ არა.

იანვარში ქარმა ააძრო დროებითი გადახურვის ერთი ნაწილი. მაკა დვალიშვილი ამ შემთხვევაში პროექტირების სიზუსტეზე აკეთებს აქცენტს და ამბობს, რომ შესასწავლია, პროექტირებისას იყო თუ არა გათვალისწინებული მეტეოროლოგიური მონაცემები.

„ასევე იყო თუ არა პროექტში გათვალისწინებული რა მანძილებით უნდა ყოფილიყო დამაგრებული ეს სახურავი? რამდენადაც ვიცი, ახლა შეცვალეს ის [დროებითი გადახურვის] პროექტი. რადგან პროექტს ცვლიან, ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი არ იყო კარგი თავიდან.

თავად [ძირითად] პროექტსაც ცვლიან. ის პროექტი, რომელიც იყო შემუშავებული და მათ მიერ [სააგენტოს] დამტკიცებული, იმას. კარგი თუ იყო, მაშინ რატომ ცვლიან?,“ – სვამს კითხვას მაკა დვალიშვილი.

“პროექტები, როგორც ძირითადი, ასევე დროებითი გადახურვის, სანებართვოდ წარმოადგინა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა, შესაბამისად, მას თუ შეკითხვები ჰქონდა პროექტთან სანებართვოდ წარმოდგენამდე უნდა დაეკორექტირებინა. ამასთან, ტყუილია, რომ სააგენტო ცვლის რაიმე პროექტს. პროექტში შემსრულებელს ჰქონდა განსაზღვრული გადახურვის ფენილების მეთოდოლოგია, რასაც უნდა უზრუნველეყო გარემო ზემოქმედების წინაშე მათი მდგრადობა, სამწუხაროდ შემსრულებლის მიერ დროებითი გადახურვის მოწყობისას უგულვებელყოფილი იყო აღნიშნული მეთოდური გადაწყვეტები, რამაც 18 იანვარს გამოიწვია, დროებითი გადახურვის ფრაგმენტული დაზიანება,” – ამბობს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ბექა ბარამიძე.

მისივე თქმით, ამჟამად დროებითი გადახურვის გამოსასწორებელი ღონისძიებების ფარგლებში მიმდინარეობს პროექტიდან გადახვევით შესრულებული სამუშაოების გამოსწორება და ამავდროულად მათზე დამატებითი დამცავი ელემენტების მოწყობა.

შეიცვლება თუ არა პროექტი?

მაკა დვალიშვილის თქმით, შესაძლოა პროექტი შეიცვალოს.

„თუ პროექტი შეიცვლება, რაც მიდის იმისკენ, რომ ნამდვილად პროექტი იყო და არის შესაცვლელი, მაშინ ჩვენ გამოვდივართ დაზარალებულები და არა დამნაშავეები,“ –  ამბობს ის.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ვკითხეთ, არის თუ არა საუბარი იმაზე, რომ გელათის რეაბილიტაციის პროექტი შეიცვალოს. მისი თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს დასაბუთებული არგუმენტი, რომ პროექტი შეიცავს მეთოდოლოგიურ ხარვეზებს.

„არსებობს გარკვეული ვარაუდები, რომ სარეაბილიტაციო პროექტი წარიმართა მეთოდოლოგიური ხარვეზებით, მაგრამ მეთოდოლოგიური ხარვეზების შინაარსობრივი ასპექტები დადგინდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მთავარ ტაძარზე დაიწყება ე.წ. კვლევის ეტაპი. როდესაც გაიხსნება ეს შეერთების ადგილები, ტაძრის გადახურვის ფართობები… ერთობლივად, მათ შორის საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, დადგინდება ყველა თანმდევი ხარვეზი, როგორც საშემსრულებლო მიმართულებით, ისე საპროექტო მეთოდლოგიის კუთხით,“ – ამბობს ბექა  ბარამიძე.

განმეორებითი ექსპერტიზა

მუნიციპალური განვითარების ფონდის მოთხოვნით, ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა გელათის მთავარ ტაძარზე გამოყენებული კრამიტის ხელახალი ექსპერტიზა ჩაატარა. ამჯერად ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.

ახალი ექსპერტიზის დასკვნით, წულუკიძის სამთო ინსტიტუტის ლაბორატორიის დასკვნასთან შეუსაბამობა გამოვლინდა. თეთრი კერამიკის კრამიტი, რომლითაც მთავარი ტაძრის ქვედა ნაწილი გადაიხურა, დაბალი ხარისხის აღმოჩნდა. ამ ტიპის კრამიტი არ არის შესაფერისი კირის ხსნარის გადახურვისთვის.

როგორ მოიქცნენ პროექტში ჩართული ორგანიზაციები მას შემდეგ, რაც დაზიანება აღმოჩნდა

მაკა დვალიშვილის მტკიცებით, ის თავიდანვე ეჭვქვეშ აყენებდა პროექტით გათვალისწინებული კრამიტის დაგების მეთოდოლოგიას. საწყის ეტაპზევე სურდა უცხოელი სპეციალისტების ჩამოყვანა, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა.

საქართველოს მემკვიდრეობის პროექტის მიხედვით, ორივე შემთხვევაში – ზედა იარუსებზე წითელი თიხა და ქვედა მინაშენებზე თეთრი თიხა კრამიტი დაიგო სველი ბათქაშის ორ 5 სანტიმეტრიან ფენაზე, რომელთა შუაში მოთავსდა საიზოლაციო მასალა.

მას  შემდეგ, რაც გელათის მთავარი ტაძრის სახურავი დაზიანდა, მაკა დვალიშვილმა დამოუკიდებლად მიმართა ჰიდრო ინჟინერიის წამყვან ექსპერტს იპოლიტო მასარის. „მასარიმ წარმოადგინა თავისი პირველადი მოსაზრებები, დაგების მეთოდოლოგიის (სველი ბათქაშის აირაციის შესაძლებლობის არ არსებობა) და პროექტში არსებული სხვა ხარვეზების (კედლებსა და ქანობებს შორის წყლის დამცავი გადამყვანის და ე.წ. ჟოლობების არ არსებობა) შესახებ, რაც წყლის ინტერიერში ინფილტრაციის დიდ ალბათობას იძლევა,“ – ამბობს მაკა დვალიშვილი.

ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რაც გელათში მოხდა

მაკა დვალიშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას.

„არ უნდა მივნდობოდი იმ პროფესიონალებს, რომლებიც საქმეს აკეთებენ და უფრო მეტად უნდა ჩავრთულიყავი,“ – ამბობს ის.

„იმ პროფესიონალებში“ ააიპ „საქართველოს მემკვიდრეობა“ და „იკორთა 2007“ იგულისხმება – პროექტის ავტორი და სამუშაოების უშუალო შემსრულებელი.

გია ხურცილავა, „იკორთა 2007“-ის მენეჯერი ამბობს, რომ სამუშაოები, რომელიც მან შეასრულა, უხარვეზო იყო. გულისხმობს ღვთისმშობლის ტაძრის გუმბათის წითელი მოჭიქული კრამიტით გადახურვას. ხურცილავა ამტკიცებს, რომ 2016 წლის შემდეგ, მას გელათში სამუშაოები აღარ უწარმოებია.

ეს იურიდიულად მართლაც ასეა. 2018 წელს, როდესაც ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა მუნიციპალური განვითარების ფონდის ტენდერი მოიგო, იურიდიულად პასუხისმგებელი პირი ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი იყო. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან მიღებული ინფორმაცით კი, მგფ-ის პროექტის ფარგლებში ფიზიკური სამუშაოები იმავე ხელოსნების ჯგუფის მიერ განხორციელდა, რომელიც აშშ-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მუშაობდა.

გია ხურცილავა კი ამბობს, რომ 2020 წელს მას დროებითი გადახურვის მოწყობის ვალდებულბაც კი არ ჰქონია და ეს მან კეთილი ნებით გააკეთა.

„ჩემი შეცდომა დავარქვათ, თუ დანაშაული დავარქვათ, ზუსტად ის არის, რომ მე არანაირად, ხელშეკრულებებით, არ მეკუთვნოდა [დროებითი გადახურვის მოწყობა], თუ იურიდიულად მივუდგებით. ამდენი წელი გელათში ვმუშაობდი, იყო ძეგლთა დაცვიდან, სააგენტოდან თხოვნა, რომ  ზამთარი მოდის, მოდი თავი დავიზღვიოთ და გუმბათის ყელის გარშემო მოვაწყოთ გუმბათის ყელის გადახურვა. გუმბათის ყელის გარშემო მოვაწყვეთ დროებითი გადახურვა. მერე იყო არასამთავრობოებიდან, ჟურნალისტებიდან – აი, რადგან არ ვიცით, ჯერ არ არის გამოკვლეული რა და როგორ გაკეთდა, მარტო ჭერი რომ შევფუთეთ და შევინახეთ, მოდი იქნება ზედა ქანობებიც გავაკეთოთ… მაგაზედაც დავთანხმდით,“ – ამბობს გია ხურცილავა.

ახლა გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მთავარი ტაძარი დროებითი გადახურვის ქვეშაა. სპეციალისტები კი უშედეგოდ ითხოვენ კიდევ ერთი – წმინდა გიორგის ტაძრის გადახურვასაც, რომლის კედლის მხატვრობას ინფილტრაციის გამო საფრთხე ექმნება.

წმინდა გიორგის ეკლესია

გელათის სამონასტრო კომპლექსში შემავალი წმინდა გიორგის ეკლესიაც საფრთხის ქვეშაა. სპეციალისტები ითხოვდნენ სააგენტოს დროებითი გადახურვის ქვეშ მოექცია ეკლესია, რადგან მისი კედლები სველდება და მხატვრობას საფრთხე ექმნება.

9 თებერვლის მონაცემებით, წმინდა გიორგის ეკლესიაზე დროებითი გადახურვის სამუშაოები დაიწყო. სააგენტომ წმინდა გიორგის ეკლესიის დროებითი სახურავის ქვეშ მოქცევის გადაწყვეტილება  საპარლამენტო კომიტეტის რეკომენდაციის თანახმად მიიღო.

ეკლესიაზე მოწყობილია ხარაჩოები და და სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

„თუ ამინდმა შეგვიწყო ხელი, ამ კვირის ბოლოს უკვე დასრულებული გვექნება წმინდა გიორგის სახურავის გადახურვა, დროებითი გადახურვის იმავე პრინციპით,  რომელიც მთავარ ტაძარზეა მოწყობილი,“ –  გვითხრა ბექა ბარამიძემ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელს ვკითხეთ, არსებობს თუ არა პროექტი, რომლის მიხედვითაც წმინდა გიორგის ეკლესიაზე დროებითი გადახურვა ეწყობა. ბექა ბარამიძის თქმით გადახურვის პროექტი არის თანმდევად შემუშავების პროცესში და სამუშაოებს ადმინისტრირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო უწევს.

რას აკეთებდა სააგენტო 7 წლის განმავლობაში და რატომ ვერ აღმოაჩინა ხარვეზი დროულად

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი მაკა დვალიშვილი ამბობს, რომ ორგანიზაცია ვალდებული იყო ნებართვით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების შემდეგ, სააგენტოში წარედგინა ანგარიშები.

„როდესაც ანგარიშის წარდგენის დრო მოდიოდა, ჩვენი თანამშრომლები ამუშავებდნენ შემსრულებლებთან ერთად, აი ამ ანგარიშს და ვაგზავნიდით სააგენტოში. შემდეგ სააგენტოდან მოგვდიოდა ოფიციალური წერილი, რომ სამუშაოები მიმდინარეობს პროექტთან შესაბამისობაში. გვიგრძელებდნენ ნებართვას და ვაგრძელებდით მუშაობას,“ – აღწერს სქემას მაკა დვალიშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე, დავით ლომიტაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ სააგენტო ინსპექტირების ნაწილში იყო ჩართული. სამუშაოებს ზედამხედველობას უწევდა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაქირავებული კომპანია „ეფტისა“.

„პერიოდულად, რა თქმა უნდა, ჩვენც ჩამოვდიოდით. ვერ დაგითვლით რამდენჯერ ვარ ჩამოსული, ჯერ კიდევ კრამიტებით გადახურვა არ იყო დაწყებული. როცა აკეთებ, შეხედავ ლამაზად არის დახურული, მაგრამ იმან დროში უნდა გამომიჩინოს ხარვეზი.

დღეს ხელის გაშვერა – ეს იყო კომპანიის ხელმძღვანელობის ბრალი, არასწორი მენეჯმენტის ბრალი მათი თუ იმ ხელოსნის, რომელსაც კონკრეტულად ევალებოდა ამ კრამიტების ადგილზე დადება, ეს ყველაფერი ერთიანობაში უნდა იყოს შესწავლილი.

სად დაუშვეს შეცდომა? ვის დონეზე გადის ეს შეცდომა? არის ეს შეცდომა ხელოსნის შეცდომა?  ფირმის თუ კომპანიის ხელმძღვანელობა კედელზე ვერ იდგება. აქ უკვე მუშასთან არის დაკავშირებული –  როგორ დადო, გადააბა თუ არა სტიკებში ერთმანეთს, შემდეგ გამოგოზა თუ არა ეს ყველაფერი. მოკლედ მილიონი ფაქტორია გასათვალისწინებელი,“ – ამბობს დავით ლომიტაშვილი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთი წარმომადგენელი, ბექა ბარამიძე ამბობს, რომ, მაგალითად, „გუმბათის ყელის ირგვლივ მკლავების შეერთების ადგილებზე წარმოქმნილი პრობლემის წინასწარ განსაზღვრა ვიზუალურად და ასევე სხვა მოწყობის ტექნოლოგიის დანახვა, იყო თითქმის შეუძლებელი“.

იურისტი სულხან სალაძე, რომელიც აქტიურად ადევნებს თვალს გელათის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ მიმდინარე ამბებს, ამბობს, რომ გელათის თემის შეფასებისას ორ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – ძეგლი რომ დაზიანდა ამაზე ვინ აგებს პასუხს და ამ პროცესში იყო თუ არა სამოხელეო დანაშაული.

„მთავარი წყალგამყოფი სააგენტოს პოზიციასა და დანარჩენ საზოგადოების პოზიციას შორის არის ის, რომ სააგენტო ამ პრობლემებს, რაც დღეს გელათში არსებობს, ეძახის მხოლოდ პრობლემას. საზოგადოება კი ეძახის ამას ძეგლის დაზიანებას. არის თუ არა ეს ძეგლის დაზიანება? დიახ, ცხადია ჩვეულებრივი დამკვირვებლის თვალითაც კი ეს არის დაზიანება. ამას არ სჭირდება ხელოვნებათმცოდნეობის კვალიფიკაცია. როდესაც ფრესკა სველდება, იშლება და ცვივა, ეს უკვე არის დაზიანება. როცა ვლაპარაკობთ გელათის მხატვრობაზე, ეს არის უნიკალური მხატვრობა, ის დაზიანება არის ძეგლის დაზიანება,“ – ამბობს სულხან სალაძე.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი კითხვაა, ასევე ისიც, თუ რას აკეთებდა მთელი ამ დროის განმავლობაში სააგენტო.

„ყველაზე პრობლემატური ამ ამბავში არის ის, რომ თავად სააგენტო ამას არ აღიქვამს ძეგლის დაზიანებად და ცდილობს შემოგვასაღოს თითქოს ეს ტექნიკური პრობლემაა. თითქოს მხოლოდ სახურავი დაზიანდა და ამის შემდეგ არაფერი არ მომხდარა. იმასაც ვერ ხვდებიან, როგორც ჩანს, რომ სახურავის დაზიანებაც კი ძეგლის დაზიანებაა სინამდვილეში.

მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ დიახ, იყო სამოხელეო დანაშაული. სააგენტოს კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა დიდი ალბათობით არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა. თუ ქვეყანაში ერთხელ მაინც არ გაჩნდება პრეცედენტი, თუნდაც გელათის მნიშვნელობის ძეგლზე, რომ ვიღაც კანონის წინაშე აგებს პასუხს (და არა ისე, ახლა მარტო კომპანიაში რომ ეძებენ დამნაშავეს და ცდილობენ ისრების გადატანას), თუ ეს არ მოხდება, რეალობა გვექნება ყოველთვის ასეთი – გუშინ საყდრისი იყო, დღეს გელათია, ხვალ სხვა ძეგლი იქნება,“ – ამბობს სულხან სალაძე.

გამოსავალი  – საერთაშორისო იკომოსის რეკომენდაცია

მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრმა „იკომოსმა“ 2020 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა ტექნიკური მიმოხილვა, რომელიც შეიცავს მთელ რიგ რეკომენდაციებს.

კერძოდ, საერთაშორისო იკომოსის რეკომენდაციით, თუკი აღმოჩნდა, რომ თეთრი კერამიკული კრამიტი არ აკმაყოფილებს სტანდარტს, მაშინ ეს კრამიტი სრულად უნდა შეიცვალოს. დაზიანებულიც და ჯერჯერობით დაუზიანებელი ნაწილიც. ძეგლზე სამუშაოების განხორციელებისას აუცილებლად უნდა გამოიყენონ უჟანგავი რკინის ლურმანი. ჟანგვადი ლურსმნების შეცვლა უჟანგავით, არის დამატებითი მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიცვალოს სრულად სახურავზე არსებული კრამიტი.

ასევე იკომოსის რეკომენდაციაა, რომ მოეწყოს სპეციალური წყალამრიდი.

ცალკეა რეკომენდაციები კედლის მხატვრობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში საერთაშორისო იკომოსი ხაზს უსვამს, რომ მხატვრობას უნდა ჰქონდეს საჭირო დრო გასაშრობად და არ უნდა მოხდეს მისი მკვეთრი გაშრობა.

აუცილებელია ჩატარდეს კედლის მხატვრობის მდგომარეობის გრძელვადიანი მონიტორინგი მთელს  სამონასტრო კომპლექსში. გაკეთდეს ზუსტი შეფასება, რა მდგომარეობაშია კედლის მხატვრობა და ჩატარდეს გადაუდებელი გადარჩენის სამუშაოები. საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩაატაროს კედლის მხატვრობის სპეციალიზებულმა ჯგუფმა. სამუშაოების მიმდინარეობის დროს განმავლობაში კი აუცილებელია, რომ შესაბამისი კედლის გარე ზედაპირები მთლიანად მშრალად დარჩეს და დაცული იყოს წვიმისგან. ამის მისაღწევად კი საჭიროა ტაძრის სახურავის მთლიანი გარე ზედაპირის დაფარვა დამცავი დროებითი სახურავით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი